„როდესაც პრეზიდენტი მთავრობასთან და პარლამენტთან ოპოზიციონირებს, ეს უკვე ინსტიტუციური აღრევაა“

„როდესაც პრეზიდენტი მთავრობასთან და პარლამენტთან ოპოზიციონირებს, ეს უკვე ინსტიტუციური აღრევაა“

პრეზიდენტსა და სახელისუფებო გუნდს შორის მორიგი დაპირისპირება პარლამენტში, გიორგი მარგველაშვილის საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას შედგა - პრეზიდენტმა დეპუტატებთან დებატების გამართვა გადაწყვიტა, ხოლო პარლამენტმა რეგლამენტის დარღვევა არ დაუშვა და განაწყენებულმა პრეზიდენტმა სხდომათა დარბაზი დატოვა. თემა მეორე დღეს გაგრძელდა, როდესაც უმრავლესობამ პრეზიდენტს სატელევიზიო დებატები შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

მარგველაშვილი, რომლის გარშემო ოპოზიციის ნაწილი გაერთიანებას გეგმავდა, როგორც ჩანს, ამ შანსსაც დაემშვიდობება, რადგან ვერც პრეზიდენტის საანგარიშო სიტყვამ და ვერც მისმა შემდგომმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის მოწონება ვერ დაიმსახურა.

„სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, თუმცა ეს უნდა იყოს პოლიტიკური გაკვეთილი შემდეგი პრეზიდენტისა და პარლამენტისთვის“, - მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი.

ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ როგორც ჩანს, ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა, კრიტიკას ვერ გაუძლო და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

„პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენების შემდეგ დებატები არ დგება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, დებატები იმართება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის და პრეზიდენტმა არ უნდა დაიმციროს თავი იმდენად, რომ პარლამენტის წევრთან ან თუნდაც პარტიასა და ფრაქციასთან შევიდეს პოლემიკაში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას დებატების შემდეგ შემაჯამებელი გამოსვლისას აფიქსირებს, თუმცა როგორც უმრავლესობამ ახსნა, პროვოკაციაზე წასვლა, როგორც ჩანს, მარგველშვილმა მწვავე შეკითხვებზე პასუხის თავიდან არიდების მიზნით გადაწყვიტა.

პრეზიდენტმა თავისი „შემაჯამებელი სიტყვა“ მედიით მაინც მიაწვდინა საზოგადოებას, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა და იმის დასადასტურებლად, რომ მწვავე კითხვებს არ გაქცევია, ხელისუფლებას მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებაც კი შესთავაზა.

„უმჯობესია, თუ შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ლუსტრაცია მოხდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიგი წერეთელი თვლის, რომ საზოგადოებამ დაინახა არასასურველი და სრულიად უსარგებლო დაპირისპირება მმართველ ძალასა და პრეზიდენტს შორის.

„ნამდვილად შესაძლებელი იყო რეგლამენტის მიხედვითაც პარლამენტის სხდომას გადაეწყვიტა ფორმატის მცირე ცვლილება და შემდგარიყო დებატები, რისი პრეცედენტები ადრეც ყოფილა... განცხადებები, რომ პრეზიდენტი დებატებს გაექცა, ვფიქრობ, არ არის მართებული და უმრავლესობამ საკუთარ თავს უნდა უსაყვედუროს, რომ პროცესი სათანადოდ არ შედგა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება უმრავლესობის შეთავაზებას სატელევიზიო დებატების შესახებ, დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ესეც მომხდარის არანორმალური გაგრძელებაა, რადგან უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის სადებატოდ გამოწვევა ქვეყნის იმიჯისთვის არის დამაზიანებელი.

„ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური მხარე, ის უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა. უმრავლესობაც არასწორად იქცევა, როდესაც იმის ხაზგასმას აფიქსირებს, რომ უმრავლესობასა და პრეზიდენტს განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ და ურთიერთობის გარკვევას ცდილობენ“, - აღნიშნავს ზარდიაშვილი.

მთლიანობაში შექმნილი მდგომარეობა არც პრეზიდენტის და არც უმრავლესობის სასარგებლოდ არ მეტყველებს, თუმცა რა საჭირო იყო მარგველაშვილის პრეზიდენტობის მიწურულს მსგავსი შოუს გამართვა, ესეც გაუგებარია.

როგორც დავით ზარდიაშვილი აღნიშნავს, მიზეზი მარტივია - პრეზიდენტი ჩამოყალიბდა პოლიტიკურ მხარედ, ხან არასამთავრობოებთან, ხან არასაპარლამენტო პარტიებთან მსჯელობს პრობლემებზე და კრიჭაში უდგას მმართველ გუნდს.

„პრეზიდენტი მაქსიმალურად თავშეკავებული უნდა იყოს და პოლიტიკურ პროცესებში საერთოდ არ ერეოდეს, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ კი არ უნდა საუბრობდეს, არამედ საერთო ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე უნდა აფასებდეს მოვლენებს. როდესაც პრეზიდენტი მთავრობასთან და პარლამენტთან ოპოზიციონირებს, ეს უკვე ინსტიტუციური აღრევაა“ - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ჩანს, მარგველაშვილს საკუთრმა ამბიციამ არ მისცა საშუალება, ბოლომდე შეენარჩუნებინა ზეპარტიული მოღვაწის ფუნქცია, თუმცა ის ყველაფერი, რაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა, უმრავლესობის იმიჯსაც არ მატებს ქულებს.

„არ შეიძლება პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის ასეთი ბავშვური ურთიერთობები, მით უმეტეს, კონფლიქტი არ უნდა იყოს, ეს ქვეყანას აზიანებს. თუმცა, ბოლო ინციდენტი უფრო პრეზიდენტის „დამსახურება“ იყო, ვიდრე უმრავლესობის“, - მიიჩნევს ზარდიაშვილი, რომელიც პრეზიდენტის საქციელში რაციონალურ მარცვალს ვერ ხედავს, რადგან გაბუტვა და გაქცევა მიუღებელია.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებობს მოლოდინი, რომ მარგველაშვილი, შესაძლოა, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად მოგვევლინოს. ითქვა ისიც რომ, შესაძლოა, მის ირგვლივ ვიხილოთ ოპოზიციის ნაწილიც, იყო საუბრები მარგველაშვილის გარშემო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაზეც თუმცა, როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ოპოზიციისგან მსგავსი შეთავაზება არ მიუღია. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიხედვით, როგორც ჩანს, ოპოზიციამ გადაიფიქრა. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მარგველაშვილს დაასახელებდა ერთიან ოპოზიციურ კანდიდატად, პარლამენტში მის მოხსენებას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა. გადაიფიქრებენ თუ არა „ახალი მემარჯვენეებიც“, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამ თემაზე საუბრობდნენ, ძნელი სათქმელია.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მოწონება რომ ვერ დაიმსახურა, მოქმედმა პრეზიდენტმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მწვავე განცხადებებიდანაც გამოჩნდა: „მე დავინახე შეშინებული პრეზიდენტი და მონების პარლამენტი“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც დავით ზარდიაშვილი განმარტავს, ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის ფუნქციები აბსოლუტურად განსხვავებულია და ის არც უნდა განიხილებოდეს პარტიების წარმომადგენლად.

„ის გახლავთ გამაერთიანებელი, მაკონსოლიდირებელი ფიგურა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკურ კონიუქტურაზე მაღლა დგას - არ უნდა ერეოდეს პარტიების პოლიტიკურ დაპირისპირებებში. პარტიული კანდიდატი თუ იქნება და თანაც ასეთი მწვავე დაპირისპირების ფორმას მიიღებს ეს არჩევნები, ეს, რა თქმა უნდა, მომავალ საკონსტიტუციო სისტემას პრობლემებს შეუქმნის ისე, როგორც მარგველაშვილმა შეუქმნა პრობლემები არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, არამედ სისტემას - სისტემურად არის გაუმართავი, როდესაც პრეზიდენტი იკავებს რომელიმე პოლიტიკურ მხარეს. კონსტიტუციის შემთხვევაშიც ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ის კრიჭაში ჩაუდგა სახელმწიფო სისტემას და ეს ძალიან ცუდია. ახალი კონსტიტუციის პირობებში ასეთი მდგომარეობა შესაძლოა, საშიშიც კი იყოს. ამიტომ, ვიდრე პარტიები საკუთარ კანდიდატს შეარჩევენ, ამ საკითხზეც უნდა იფიქრონ“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ექსპერტის აზრით, პრეზიდენტი უნდა იყოს ყველა პარტიის და არა მხოლოდ რომელიმე მათგანის პრეზიდენტი, გამაერთიანებელი და არა პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე. თავის მხრივ, საზოგადოებამაც უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულება.

სავარაუდოდ, დაახლოებით მსგავსი კანდიდატის შერჩევას შეეცდება „ქართული ოცნება“, თუმცა, იქნება თუ არა ზეპარტიული ფიგურა ის, ვისაც პარტია წარადგენს, ძნელი სათქმელია.

როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, სწორედ ამიტომ არ ღირს საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და კონსტიტუციაშიც არის ჩადებული ეს მექანიზმი.

„როდესაც არჩევნები ტარდება, გინდა თუ არა, პრეზიდენტობის კანდიდატი მონაწილეობს, როგორც მხარე, შემდეგ მას გაუჭირდება იმ როლის შესრულება რომელიც აღარ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პოზიციონირებასთან. სისტემური ხარვეზია, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პირდაპირ ირჩევენ“, - აღნიშნავს ზარდიაშვილი.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ ხანგრძლივი დავა მიმდინარეობდა, მაგრამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად, ხელისუფლებას მოუხდა დათმობებზე წასვლა. თუმცა იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველო საბოლოოდ გადავა საპარლამენტო მმართველობაზე, პრეზიდენტის არჩევის წესიც შეიცვლება.

როგორც დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, მანამდე საქართველოში სერიოზული პარტიული სისტემაც უნდა ჩამოყალიბდეს, რაც აუცილებელია საპარლამენტო მმართველობისთვის.

„პრეზიდენტი, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ კონიუქტურას წარმოადგენს, უნდა თუ არა, პოლიტიკურ ბრძოლაში ერევა და ეს შემდგომ, საპარლამენტო არჩევნებზეც აისახება. აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს პოლიტიკიდან დისტანცირებულ, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს და თუ „ქართული ოცნება“ ასეთ კანდიდატს მოძებნის, მერწმუნეთ, ხალხში მას უფრო მეტი მხარდაჭრა ექნება, ვიდრე პარტიულ ფიგურას“, - მიიჩნევს ზარდიაშვილი.