„ქართულმა ოცნებამ“ რადიკალური ცვლილებების მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუცრუა საზოგადოებას - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ საკადრო გადაადგილებები მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოდან დაიწყებოდა, თუმცა ჯერჯერობით, ყველაფერი 21-კაციანი საბჭოს შემცირებით დასრულდა.
უმრავლესობა არ გამორიცხავს, რომ ახალი შემადგენლობის 15-კაციან გუნდში პარტიის ყრილობამდე კიდევ შევიდეს ცვლილებები, თუმცა რა პრინციპის გათვალისწინებით, მოგვიანებით გამოჩნდება.
მაისის შუა რიცხვებში პარტიის დაგეგმილ ყრილობაზე „ქართული ოცნების“ საბჭო განახლებული შემადგენლობით წარდგება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები სხვა მიმართულებითაც იქნება.
პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობით კმაყოფილია მმართველი გუნდი, როგორც დეპუტატმა, რომან კაკულიამ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება, განაცხადა, რომ ახალი გუნდი ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ წინაშე.
მისი განმარტებით, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მთავრობასთან და ახლებური გააზრება, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა.
„ჩემი აზრით, მინისტრების წარმოჩენა პოლიტსაბჭოში სწორედ ამას ემსახურება, რასაც ვემხრობი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის ბევრი კომიტეტის თავმჯდომარე იყო წარმოდგენილი პოლიტსაბჭოში. ჩვენ სწორედ პარლამენტის გაძლიერების მიზნით გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია ვკონცენტრირდეთ საპარლამენტო საქმიანობაზე. რაც შეეხება ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საბჭოში, ცხადია, ისინი უნდა იყვნენ გამტარებლები იმ გადაწყვეტილებების, პარტიული ვერტიკალის და პარტიული საქმიანობის იმ ძირითადი გადაწყვეტილებების, რომლებიც პოლიტსაბჭოზე მიიღება“, - განაცხადა კაკულიამ.
არსებობდა მოლოდინი, რომ პოლიტსაბჭოში შევიდოდნენ რეფორმატორების სახელით ცნობილი მინისტრები, თუმცა მხოლოდ მაია ცქიტიშვილსა და სოზარ სუბარზე შეჩერდა არჩევანი.
ოპოზიციის ერთი ნაწილი თლის, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან გამომდინარე, უკვე ნათელია ივანიშვილის პოზიციაც და მიზნებიც - პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ცვლილებები აშკარად აჩვენებს ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას ლიბერალური და ეროვნული ფასეულობების მიმართ.
„ასევე ხაზს უსვამს მის გეგმებს 2020 წელთან დაკავშირებით, როდესაც ის გეგმავს „ქართული ოცნების“ სახელით ხელისუფლებაში (პორტირებული) ნაციონალების და „ევროპული საქართველოს“ კოალიციის დაბრუნებას“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ ცვლილებები პარტიის ყრილობამდე კიდევ განხორციელდეს, რადგან ამ ეტაპზე რაც გაკეთდა, მხოლოდ პარტიული ლიდერების პოლიტსაბჭოში შეყვანა იყო - მეორე და მესამე ეშელონის ხალხი კი საბჭოს შემადგენლობიდან გავიდა.
„გარდა ამისა, შემცირდა პოლიტსაბჭოს ზომაც, რადგან მცირე სტრუქტურა ბევრად უფრო ქმედითუნარიანია. ჯერჯერობით რაც გაკეთდა, ამ მოსაზრებას ვხედავ“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა გუნდების მიხედვით, ასეთი დასკვნის გამოტანა შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ კონსერვატორთა გუნდიდან რომელიმე თანამდებობაზე მყოფ ლიდერს დაატოვებინებდნენ პოლიტსაბჭოს და რაკი ასეთი რამ არ მომხდარა, ვერ ვიტყვით, რომ ეს ცვლილებები კონსერვატორული ფრთის პოლიტსაბჭოდან გაყვანის მიზნით განხორციელდა.
„ჩემთვის, როგორც ანალიტიკოსისთვის გაუგებარია, როდესაც პარტიული გადაწყვეტილებების სამზარეულოში - პოლიტსაბჭო სწორედ ასეთი სამზარეულოა - არ არიან წარმოდგენილი დარგობრივი სპეციალისტები - ეს საჭიროა კომპეტენტური გადაწყვეტილებების მისაღებად, თუმცა ასეთ შემთხვევაში მოცულობაში მეტისმეტად გაიზრდებოდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. მეორე მხრივ, მარტო ადამიანებიც არ არის საკმარისი, მათ ამოქმედებაც სჭირდებათ“,- მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, უდავოდ პოზიტიური მომენტია პოლიტსაბჭოს შემცირება, რადგან ასეთი ფორმატით გადაწყვეტილებების მიღება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი.