„მარგველაშვილის ანგარიშზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის დებატები“

„მარგველაშვილის ანგარიშზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის დებატები“

პარლამენტში პრეზიდენტი საანგარიშო მოხსენებით გამოდის - საზოგადოება მიჩვეული იყო ტრადიციული შეხვედრის საგაზაფხულო სესიის დასაწყისში ხილვას, თუმცა გიორგი მარგველაშვილის ბოლო ანგარიშის წარდგენა პრეზიდენტის რანგში საკანონმდებლო ორგანოში მოგვიანებით შედგა - რეგლამენტის თანახმად, საზოგადოება სავარაუდოდ, მწვავე დებატების მოწმეც გახდება. რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ შეხვედრას, რა პოზიცია ექნება პრეზიდენტს და რა - უმრავლესობას - მიმდინარე პროცესის შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.

რამაზ საყვარელიძე: პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში საყურადღებოა ხოლმე, მაგრამ არა იმდენად დიდი მნიშვნელობის, რადგან პრეზიდენტის სიტყვის იქით ძალა არ არის - შესაბამისად არ ახლავს ის დატვირთვა, რაც ახლავს ხოლმე იმ ადამიანების გამონათქვამებს, რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან ქვეყანაში. შეიძლება იყოს საკამათო თემები, მაგრამ არ ღირს გადაჭრბება ამ მოხსენების პოლიტიკური მნიშვნელობისა.

თუმცა პრეზიდენტის ანგარიშზე მეტად საზოგადოებისთვის საინტერესოა დებატები, რომელიც მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ შედგება. უმრავლესობა აცხადებს, რომ შეეცდება, მაქსიმალურად საქმიანი იყოს - ოპოზიცია თვლის, რომ უმრავლესობა მარგველაშვილზე თავდასხმას გეგმავს და მთავრობისთვის კითხვების დასასმელად ემზადება...

- წესით, არც უმრავლესობას უნდა აწყობდეს პრეზიდენტთან მწვავე დებატები. იქ მარტო პრეზიდენტი არ იქნება პრეზიდენტის პოზიციის დამცველი. უმრავლესობასთან შეტევისთვის ოპოზიცია იმუშავებს პრეზიდენტზე.

ოპოზიციამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პრაიმერით გამოავლენს პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს, მანამდე ითქვა, რომ კარგი იქნებოდა, ოპოზიციის კანდიდატი მარგველაშვილი ყოფილიყო. მოსალოდნელია, ამ ხაზს გაჰყვეს ოპოზიცია მარგველაშვილის პოზიციის დაცვისას?

- მეეჭვება, ასეთი შორსმჭვრეტელური ჩანაფიქრი ჰქონდეს ოპოზიციას, მის ინსტიქტშია, რომ რასაც ამბობს უმრავლესობა, იმის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსიროს. თუ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა მარგველაშვილზე შეტევა, ბუნებრივია, საპასუხო შეტევას განახორციელებს ოპოზიცია უმრავლესობაზე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესში ოპოზიცია გაერთიანდება მარგველაშვილის ირგვლივ.

თვითონ ოპოზიციაში უამრავი წარმომადგენელია, რომელსაც ანალოგიური პრეტენზია აქვს. ან ვის ვეძახით ოპოზიციას? - უკვე განაცხადეს პრეტენზია პრეზიდენტობაზე შალვა ნათელაშვილმა, ნინო ბურჯანაძემ და ა.შ. ამათ გარდა ვინც გაერთიანდება, არ აქვთ იმათ დიდი წონა - ვგულისხმობ, იმათ, ვინც ჩავიდა სააკაშვილთან. ამიტომ, არ მგონია, მათ ერთობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ანუ სერიოზული ამბიციის მქონე ოპოზიციურ პარტიებს თვითონ აქვთ პრეზიდენტობის ამბიცია და ბუნებრივია, მათთვის მარგველაშვილის ირგვლივ გაერთიანება გაუგებარი შეთავაზებაა. ეს მისაღები შეიძლება იყოს იმ პატარა პარტიებისთვის, რომელთა რეიტინგიც ნულთან არის ახლოს. მეეჭვება, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციას ეს ჩანაფიქრი ამოძრავებდეს.

ისიც ითქვა, რომ უმრავლესობა წამოწევს შეწყალების თემას - საკმაოდ მწვავე და მტკივნეული საკითხია, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამას?

- თუ უმრავლესობა ამ თემას წამოწევს, შესაძლოა, ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უამრავი პატიმარი გაათავისუფლეს და მაშინ მარგველაშვილი არაფერ შუაში იყო. შემდეგ დაიწყება განხილვა, რომელი ნაბიჯი იყო სწორი - ანუ ოპოზიცია აქცენტს გადაუტანს საკუთარ ნამოქმედარზე და უმრავლესობა იძულებული გახდება, თავისმართლების რეჟიმში ჩადგეს. ამიტომ მგონია, რომ უმრავლესობას არ უნდა აწყობდეს ამ ტიპის შეტევა.

როგორ ფიქრობთ, ეს იქნება მორიგი სეირი, როგორც ხშირად სჩვევია ხოლმე ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს თუ არის შანსი, მართლაც საქმიან ატმოსფეროში შედგეს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა პარლამენტში?

- მარგველაშვილის ანგარიშზეა დამოკიდებული. თუ მან ხელისუფლების კრიტიკის სტრატეგია აირჩია, მაშინ ხელისუფლებასაც ვერ გაუძლებს ნერვები და დაიწყება ორთაბრძოლა. მაგრამ მარგველაშვილს აქვს სხვა გამოსავალიც - მას შეუძლია, ამ დაპირისპირებებზე მაღლა დადგეს და ასე მოქცეულა კიდეც. თუ ამას შეძლებს, უამრავი თემაა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - იგივე, რუსეთის, ნატოს, თურქეთის, ჩინეთის თემები და ა.შ.

ამ სივრცის ანალიზი მარგველაშვილს შესანიშნავად შეუძლია და ამ თემებზე მასთან კამათს არავინ დაიწყებს, იმიტომ, რომ ის პროდასავლური პოზიცია, რომელიც მარგველაშვილს გააჩნია, მისაღებია როგორც უმრავლესობის, ასე ოპოზიციისთვისაც. ამ მნიშვნელოვანი და რთული თემების წამოწევით, და თუ შეძლებს მარგველაშვილი, ახლებური გაშუქებით, ალბათ, ქართულ პოლიტიკასაც გამოადგებოდა მისი საპარლამენტო სიტყვა.