ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნება ზოგმა ცინიზმად შეაფასა, რადგან ივანიშვილი არც არასდროს წასულა პოლიტიკიდან, ზოგმა კი მმართველი გუნდის კრიზისს დაუკავშირა. იყო თუ არა ეს მეორედ მოსვლა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მხატვრულად აღნიშნა თავის დროზე, როცა დაგვიბარა, დიდი უბედურება უნდა მოხდეს, რომ მე დავბრუნდე პოლიტიკაში?! ამის შესახებ For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი აქტიური პოლიტიკიდან შედარებით სუფთა სახელით წავიდა. ამჯერად ღირდა კი პოლიტიკაში მისი ხელმეორედ შემოსვლა და სპეკულაციებისთვის ამდენი გასაქანის მიცემა?
- დღევანდელმა ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილი გამოიყენა, როგორც უკანასკნელი მაშველი რგოლი. გამართლდა თავად ბიძინა ივანიშვილის 5 წლის წინანდელი პროგნოზი, რომ მე მოვალ მაშინ, თუ ცუდი ამბები მოხდება. აქედან ლოგიკური დასკვნა თავად გამოიტანეთ. წეღან „მაესტროს“ ვუსმენდი, უმრავლესობის ლიდერები ამართლებდნენ ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯს. ამ ადამიანებს გამჭრიახობა და პოლიტიკოსისთვის საჭირო თვისებები რომ არ აქვთ, ეს ცხადია, მაგრამ, ელემენტარულად, ამ ხალხს თავმოყვარეობაც არ აქვს. საცოდაობა იყო მათი მოსმენა.
დღეს რაც ხდება, ეს არის ივანიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ.
ივანიშვილი რომ ამბობდა, მე არ დავბრუნდები, თუ წარღვნა არ მოხდაო, ე.ი. ამ დაბრუნებით მან, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ყველა მისი უარყოფითი პროგნოზი გამართლდა. წინათ იმასაც ამბობდა, სააკაშვილივით თუ მოიქცევა ეს ხელისუფლება და ყველაფერს ხელში ჩაიგდებს, მაშინ დავბრუნდებიო, ხან იმას ამბობდა, თუ კატასტროფა მოხდება, მაშინ მოვალ ხელმეორედ პოლიტიკაშიო. ზუსტად ეს არის ივანიშვილი ივანიშვილის წინააღმდეგ. ამდენად, პრიმიტიულია შეფასება ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, რომ თურმე ცინიზმია ივანიშვილის დაბრუნება, რადგან ის არც არასოდეს წასულა პოლიტიკიდან. ის, რომ ივანიშვილი არსად წასულა, ამას ბრმაც ხედავს და ამ ნათქვამით იდიოტ ოპოზიციონერებს ამერიკა არ აღმოუჩენიათ.
მთავარი ის არის, რომ ივანიშვილის ოფიციალური დაბრუნება იყო აღიარება იმისა, რომ ქვეყანაში გაცილებით ძლიერი კრიზისია, ვიდრე ჩვენ ეს გვეგონა. ამ ხელისუფლებამ რაც ყველაზე ეფექტურად შეძლო და, რის გამოც მე შემიძლია, ტაში დავუკრა ჩვენს ხელისუფალთ ის არის, რომ ოსტატურად შენიღბა ეს კრიზისი. ისინი შეეცადნენ, კრიზისი აეხსნათ იმით, რომ პარლამენტში თურმე ორი დეპუტატი ვერ შეთანხმდა, მესხი უკეთესი ფეხბურთელია, თუ რომელიღაც სხვა ფეხბურთელი, ან კიდევ, რომელი სპორტი ჯობს, რაგბი თუ სპორტული ტანვარჯიში. სწორედ ამაში გვარწმუნებდნენ, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ამაზე საერთოდ არ ულაპარაკიათ.
შეხვედრაზე ამიტომაც არ მიიწვიეს არც გედევან ფოფხაძე, არც ნუკრი ქანთარია, არც დავით ჭიჭინაძე, რადგან მათი სასაუბრო სულ სხვა რამ იყო. დღეს უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა ივანიშვილის ავტორიტეტი.
თუკი ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი ხელისუფლების უკანასკნელი მაშველი რგოლია, ამ მაშველ რგოლს აქვს კი ის ეფექტურობა, რაც ჰქონდა თუნდაც ამ ხუთიოდე წლის წინ?
- სხვათა შორის, დღეს მესმის განცხადებები, რომ ივანიშვილს არავითარი თანამდებობა არ ექნება, იქნება მხოლოდ პარტიის ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე. ვინმემ ჰკითხოს ამ ხალხს, სტალინს რა თანამდებობა ჰქონდა? არავითარი თანამდებობა არ ჰქონია, ის იყო კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, მორჩა, მეტი არაფერი. 1938 წელს ჰიტლერი წერილს რომ სწერდა სტალინს, მთელი რაიხსკანცელარია ყურებზე დადგა, თუ როგორ მიემართათ წერილში სტალინისთვის, რა ჩაეწერათ, რადგან არ იცოდნენ მისი ტიტული. სტალინი პრემიერი არ იყო, პრეზიდენტიც არ ყოფილა, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეც არ იყო. ამიტომ უბრალოდ მისწერეს გერმანული მიმართვით- „ჰერ სტალინ“ (ბატონო სტალინ). სტალინი 30 წელიწადი მართავდა ქვეყანას, სულ რაღაც ორი წელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ომის დაწყების წინა პერიოდში და ომის დროსაც. ივანიშვილი კი, თუ აქამდე დახურული მუზარადით გვევლინებოდა და ამის გამო უწოდებდნენ არაფორმალურ მმართველს, ამის შემდეგ იქნება ახდილი მუზარადით, რადგან იგი მმართველი პარტიის ლიდერია. ყველა მინისტრი, ყველა ჩინოვნიკი მმართველი პარტიის წევრია, ჩვენთან ხომ არ არის კოალიციური მთავრობა, რომ სხვა რომელიმე პარტიის წევრი გვყავდეს მინისტრად? ყველა მინისტრი „ოცნების“ წევრია. ამიტომ ივანიშვილი პოლიტბიუროს, პოლიტსაბჭოს აამოქმედებს. სტალინს ვინმეს მოხსნა რომ უნდოდა, სწორედ პოლიტსაბჭოზე გაყავდა და ხსნიდა. უბრალოდ, მაშინ პოლიტბიურო არ ერქვა, პრეზიდიუმი ერქვა.
ანუ ივანიშვილი მისთვის არასასურველ ჩინოვნიკებს დაფერთხავს?
- მე მგონი, არჩევნებამდე ეს არ მოხდება. ეს უკვე ზედმეტი იქნება, თუმცა თავისი დაბრუნებით კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს მან ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ბევრი არგუმენტი მისცა.
ისტორიულად თუ ამართლებდა ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა და პოლიტიკაში ხელმეორედ დაბრუნება?
- პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში საფრანგეთს ჰყავდა ასეთი პოლიტიკოსი - არისტიდ ბრიანი, რომელიც რვაჯერ იყო პრემიერ-მინისტრი და 18-ჯერ იყო სხვადასხვა მთავრობის მინისტრი. განა ეს პოლიტიკაში დაბრუნება იყო? ელემენტარულად, საპარალამენტო რესპუბლიკაში უნდობლობას უცხადებდნენ, მერე ახალი მთავრობა იქმნებოდა და არისტიდ ბრიანიც პოულობდა თავის ადგილს. ის არც დიდი გამოცდილი პოლიტიკოსი ყოფილა, არც ბისმარკი ყოფილა და არც დე გოლი. სულ რამდენიმე წელიწადში რვაჯერ გახდა პრემიერ-მინისტრი. საინტერესოა ოლივერ კრომველის დაბრუნებაც. დღევანდელი ჩვენი სცენა ჰგავს კრომველის დაბრუნებას. მას სთავაზობდნენ, მეფე გამხდარიყო, მაგრამ უარი თქვა და კრომველი ათი წელი მართავდა ინგლისს ლორდ პროტექტორის ტიტულით გარდაცვალებამდე. მისი სიკვდილის შემდეგ მისი შვილი იყო ამ პოსტზე და ამის შემდეგ მონარქია აღდგა ინგლისში.
ისტორიაში პოლიტიკაში დაბრუნების ბევრი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ წამსვლელს არასოდეს უთქვამს, მე არ დავბრუნდებიო. წასვლისას არც კრომველს უთქვამს, მე არასოდეს დავბრუნდებიო. უბრალოდ, მაშინ გრძელი პარლამენტი ერქვა, რომელიც ვერც კანონებს იღებდა და ვერც ვერაფერს აკეთებდა. კრომველი ჯარისკაცებით შევიდა პარლამენტში და დეპუტატებს უთხრა, ღვთის გულისათვის, წაეთრიეთ აქედან, ანუ გაყარა ყველანი. ივანიშვილს კი გულწრფელად სწამდა, რომ ის არ დაბრუნდებოდა და ამბობდა, ღმერთმა ნუ ქნმას, რომ დავბრუნდე. ღმერთმა ქნა, თუ ეშმაკმა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილი დაბრუნდა. თუ „ოცნების“ რომელიმე წევრი იტყვის, რომ არაფერიც არ მომხდარა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ივანიშვილის დაბრუნება განამტკიცებს პარტიას, არასწორი იქნება. კარგი ცხოვრებისგან არ დაბრუნებულა ივანიშვილი. ეს იყო კრიტიკულ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება.
ისტორიიდან ვიცით, რომ კრიტიკულ სიტუაციაში დემოკრატიული ლიდერებიც კი აღიჭურვებოდნენ ხოლმე დიქტატორული უფლებებით, ვინაიდან ქვეყანას ასე სჭირდებოდა. საშინელი ომის გამო აღარ იყო ადამიანის დემოკრატიული უფლებების, სიტყვის თავისუფლებაზე ზრუნვის დრო. დღეს როგორ მოახერხებს „ქართული ოცნება“, ღირსეულად დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი? ხუთი წელი არ არის 100 და 30 წელი. თანაც, ყველას ახსოვს, ივანიშვილის მიერ გაკეთებული უამრავი განცხადება, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა. ჩვენთან დღეს ტელეეთერში ჩაწერილია ყველაფერი, ეს ხომ არ არის მე-15-16 საუკუნე. სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, თუ ასე ხშირად ირწმუნებოდა ბიძინა ივანიშვილი, რომ არასოდეს დაბრუნდებოდა პოლიტიკაში. ჩამონათვალი რომ მოვისმინე, გამიკვირდა კიდეც, 5-6 მსგავსი განცხადება შეახსენეს, დაწყებული „იმედიდან“ , დამთავრებული „გურიანიუსიდან“, ღმერთმა ნუ ქნას, ეს მოხდეს და დავბრუნდეო.
თანად „ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიულ ლიდერად საკმარისი არ არის და ივანიშვილი უნდა მოვიდეს პრემიერად ან პრეზიდენტად. ხედავთ მას პრემიერის ან პრეზიდენტის რანგში?
- პრემიერის რანგში მისი დაბრუნება უფრო ლოგიკური იქნება, მაგრამ პრეზიდენტის რანგში არალოგიკურია, თუმცა გამორიცხვა არაფრის შეიძლება. მაინც პრეზიდენტის რანგში მისი უფლებები ძალზე შეზღუდული იქნება კანონმდებლობის თვალსაზრისით და მუდმივად პროკრუსტეს სარეცელზე მოუწევს ყოფნა, რადგან კონსტიტუცია მას ყველაფერს აუკრძალავს. ამ დროს კი ბიძინა ივანიშვილი მოდის ფორსმაჟორულ რეჟიმში, სადაც მას შეუზღუდავი უფლებები სჭირდება. მაშინ მან ყოველ ნაბიჯზე კონსტიტუცია უნდა დაარღვიოს.
როგორც ამბობენ, პრეზდენტის ამპლუაში ბიძინა ივანიშვილის მორალური სახეც საკმარისი იქნება, რომ დაარეგულიროს ურთიერთობები.
- შესაძლოა, ის უბრალოდ იყოს პრეზიდენტი და დაარღვიოს კონსტიტუცია, ვინ მოსთხოვს ამაზე პასუხს? ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს და, ვაი იმ სასამართლოს ბრალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გაამტყუნებს.
ოპოზიციის აზრით, კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში მოდის, რადგან ამიერიდან ვერავის ვეღარაფერს გადააბრალებს და უმჯობესია, თავად აიღოს პასუხისმგებლობა მოვლენებზე, მაგრამ როდემდე უნდა აიღოს მხოლოდ ერთმა კაცმა პასუხისმგებლობა გუნდის შიგნით კინკლაობაზე, დაპირისპირებაზე, „ბავშვების თამაშზე“? ბიძინა შეუცვლელი ლიდერი როდემდე უნდა იყოს?
- არ ვიცი, ივანიშვილი როდემდე უნდა იყოს შეუცვლელი, მაგრამ, მე მგონი, მოსალოდნელია, რომ ამ ყრილობაზე პოლიტსაბჭო ცოტათი განახლდება, შეიძლება, ახალი ხალხი შეიყვანოს. თორემ მხოლოდ მინისტრების შეცვლა უკვე ორმაგი აღიარება იქნება, რომ ქვეყნის საქმე ცუდადაა. ეს უკვე ზომაგადასული ლუსტრაცია იქნება. ივანიშვილმა ოპოზიციას საკრიტიკოდ ახლა მძიმე არგუმენტები მისცა. კიდევ ამ ხელისუფლების ბედი, რომ ჩვენთან ოპოზიცია არ არსებობს. ჩვენთან არსებობენ მხოლოდ უკმაყოფილო ლიდერები, რომელთაც პარტია არ აქვთ. ვერც ერთ ლიდერს ვერ ჩამოვთვლით, რომელსაც შეუძლია, ასი კაცი მაინც გამოიყვანოს ქუჩაში მშვიდობიან საპროტესტო მიტინგზე. მხოლოდ „ოცნება“ გამოიყვანს საბავშვო ბაღისა და სკოლის პედაგოგებს თუ ჩინოვნიკებს, ანუ ფულით გამოიყვანს. ბიძინა ივანიშვილი ჭკვიანი კაცია, მან იცის, რომ ყველაფერს გაუხსენებენ. ის ვერ დაიწყებს ნემსის ყუნწში გაძრომას, როგორც დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები ძვრებოდნენ და თავს არიდებდნენ შეკითხვაზე პასუხს, ივანიშვილმა რომ თქვა, არ დავბრუნდებიო, რატომ დაბრუნდა? უბრალოდ, უმრავლესობის წარმომადგენლები პასუხობდნენ სულ სხვა რამეს, „ეს უფრო გაგვაძლიერებს ჩვენ, ეს წინგადადგმული ნაბიჯია“. ახლა ივანიშვილს დააყრიან ჟურნალისტები შეკითხვებს, რატომ იძახდა, რომ არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში?! ბოლოს და ბოლოს, მას მოუწევს აღიაროს, რა ვქნა, მე არ მინდოდა დაბრუნება, მაგრამ გარემოებამ მაიძულაო. მას მოუწევს იმის თქმა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაფერი არ იყო წესრიგში, არც უმუშევრობა შემცირებულა, არც სიღატაკე და ეკონომიკური ზრდის პროცენტებიც მხოლოდ ქაღალდზე ციფრების ეკვილიბრისტიკა იყო.