„დაინახა, „ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც, საკუთარი თავიც და გადაწყვიტა, აიღოს პასუხისმგებლობა“

„დაინახა, „ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც, საკუთარი თავიც და გადაწყვიტა, აიღოს პასუხისმგებლობა“

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოლიტელიტა არაერთგვაროვნად ეხმაურება, თუმცა მმართველი ძალაც და ოპოზიციაც თვლის, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია ქვეყნისთვის. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ძალიან დიდი ხანია, რაც ამ საკითხზე მიდის საუბარი და პარტიის შიგნით ეს ახალი ამბავი არ არის.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, როგორც ჩანს, „ჟივილ-ხივილი ტყუილად არ გაგვიმართავს, რადგან ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ პროცესებში უნდა ჩაერთოს“. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ გააერთიანებს და ამავე დროს, განსაკუთრებულ ცვლილებებს ელოდება.

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა, რომელიც პარტია „ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის მონაწილე იყო, ისიც აღნიშნა, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილის შეთავაზებას აქამდე არ თანხმდებოდა და „როგორც იქნა, დათანხმდა“.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, მნიშვნელოვანი და საჭირო გადაწყვეტილებაა, არა იმიტომ, რომ კრიზისია გუნდში, როგორც ეს ისმის კომენტარებში ოპონონტების მხრიდან - არამედ პარტიის გაძლიერებისა და კონსოლიდაციისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევით დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი ჰყავს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყანასა და მმართველ გუნდში შექმნილ კრიზისზე მიანიშნებს.

როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ამიტომ, ივანიშვილის დაბრუნება კარგია.

„ბიძინა ივანიშვილი როდესაც მიდიოდა პოლიტიკიდან, განაცხადა, დიდი უბედურება უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ დავბრუნდეო და ეს დაემსგავსება მეორედ მოსვლასო. ეტყობა, ეს დიდი უბედურება ხდება უკვე“, - აღნიშნა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილი აცხადებს, პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა იმიტომ არის საჭირო, რომ პირველ რიგში, დასრულდება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძალიან გვაზიანებდა დასავლეთის თვალში.

„მეორე - ყველას ეცოდინება თავისი ადგილი, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებასთან“ მიკერებულ-პორტირებულებს, რომლებიც სარგებლობდნენ „ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სახელით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, „ქართული ოცნების“ რეალური მმართველის იძულება, გამოსულიყო ჩრდილიდან, უბრალოდ ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის - ღრმა კრიზისია „ქართულ ოცნებაში“ და ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში.

ბოკერიას აზრით, მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნება ქვეყანას ვერ უშველის და, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში კი არ დაბრუნდა, არამედ კომფორტის ზონიდან გამოვიდა, ხოლო ეს ნაბიჯი მისი მხრიდან მარცხის აღიარებას ნიშნავს.

„ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბარი არასწორია, რადგან ის არსად წასულა. ივანიშვილი ნაწილობრივ გამოვიდა ჩრდილიდან. „წასვლისას“ მან განაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, თუკი ქვეყანა ღრმა კრიზისში ჩავარდებოდა. მისი არაფორმალური მდგომარეობიდან ნახევრადფორმალურ მდგომარეობაში გადასვლა ნიშნავს დიაგნოზსაც: ქვეყანა და „ოცნება“ ღრმა კრიზისშია. რა შედეგი ექნება მის რეინკარნაციას?! – „გინდ შემოიტანეთ და გინდ გაიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი“, - აცხადებს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.

გაცილებით რადიკალურია არასაპარლამენტო ოპოზიცია.

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ აღნიშნა, იმ რეალობაში, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა ნებისმიერს ინსტიტუციას, ქვეყნაში რაიმე ტიპის პროგრესსზე და დემოკრატიულ განვითარებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

თამარ კეკენაძის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით აღიარა, რომ მისმა არაფორმალურმა მმართველობამ და არაკომპეტენტურმა გუნდმა „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოს განვითარება ჩიხში შეიყვანა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ეს ნაბიჯი წარმოადგენს „ოცნების“ ლიბერალური ფრთის ღია მხარდაჭერას.

„მოვუწოდებთ მმართველი პარტიის იმ წევრებს, რომლებიც არიან ეროვნული, ტრადიციული ფასეულობების ერთგულნი - დატოვონ „ქართული ოცნება“ და გაემიჯნონ ანტი-სახელმწიფოებრივ, ფსევდო-ლიბერალურ კურსს“, - განაცხადა კუკავამ.

მისი თქმით, ივანიშვილის განცხადება დაემთხვა სახელისუფლებო პარტიის ლიდერების შეკრებას, რომელზეც დემონსტრაციულად არ მიიწვიეს დავით ჭიჭინაძე, გედევან ფოფხაძე და ე.წ. „კონსერვატიული ფრთის“ სხვა წარმომადგენლები.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ვარაუდით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ვითარება ძალიან მძიმეა და პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა ვერ უმკლავდება არა მარტო საკუთარ პარტიას, არამედ იმ ძალაუფლებას, რომელსაც ფლობს.

„ძალაუფლებისთვის ბრძოლის კომპონენტშია წესრიგი დასამყარებელი ხელისუფლებაში და ამისთვის ბრუნდება ივანიშვილი“,- აცხადებს ხიდაშელი.

მისივე შეფასებით, საჯარო სივრცეში ბრუნდება, როგორც პასუხისმგებელი ყველაფერზე - ცუდზეც და კარგზეც - რაც ქვეყანაში ხდება.

„მას მოუწევს ღია პროცესში მონაწილეობის მიღება, კითხვებზე პასუხების გაცემა და ეს მხოლოდ და მხოლოდ გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს და თვლის, რომ პრეზიდენტადაც თუ იყრის კენჭს, ცუდი არ იქნება.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არც წასულა და ქვეყანას კულუარებიდან მართავდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილისთვის პარტიის დამფუძნებლის, ორი მომდევნო თავმჯდომარის შემდეგ დაბრუნება იმის მიმანიშნებელია, რომ პარტია ძალიან დახავსებული და დაჟანგებულია, მაგრამ ჟანგისგან მისი გათავისუფლება ივანიშვილს არ შეუძლია. მისი აზრით, ხელისუფლებაში კრიზისია და მას ივანიშვილი კრიზისიდან ვერ გამოიყვანს.

„ივანიშვილი ბრეჟნევის სტილს მიუბრუნდა. თავისთავად, ეს გაჭირვების მაჩვენებელია. მას 2015 წელს ნათქვამი აქვს, რომ რაღაც უბედურება უნდა მოხდეს მე რომ ხელისუფლებაში დავბრუნდეო. მეორედ მოსვლას შევადარებდი ამასო და აი, მოხდა მისთვის მეორედ მოსვლა. იმდენად ეჭვიანი კაცია ივანიშვილი, შეიძლება სომხეთში მიმდინარე მოვლენებმა დააჩქარებინა მას ეს გადაწყვეტილება - ყველა ჩემ წინააღმდეგ არ გარიგდესო“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ეს არის პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახი და ბიძინა ივანიშვილის მეორე მცდელობა, პოლიტიკურ გუნდს ქვეყნის სამართავად თავი მოუყაროს.

„დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კრიზისში შეიყვანა ქვეყანაც და საკუთარი თავიც და გადაწყვიტა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამ ნაწილში კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებასთან გვქონდა საქმე. ახლა, მთელი კითხვა იმაშია, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მის მიერვე დაშვებული შეცდომების გააზრებას პარტიული მშენებლობის ნაწილში და ჯანმრთელი და ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დათვი გამოვაგდეთ ბუნაგიდან. ვფიქრობ, მისი მონადირება ჩვენ ხალხს აღარ უნდა გაუძნელდეს“, - წერს ნათელაშვილი.

ასევე სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარ პოზიციას ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი.

„საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება, გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს.

ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას“, - წერს სააკაშვილი.