უმრავლესობის დღევანდელი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადება უკვე საჯაროდ გაკეთდა. სავარაუდოდ, ივანიშვილი თავადვე ახსნის საკუთარი გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს, მაგრამ, როგორც ჩანს, ან მთავრობა აღარ უსმენდა საკუთარ ხალხს, ან რაღაც სასწაული მოხდა.
„დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. თუ დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს“, - დაიბარა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას.
კულუარული საუბრები ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მოძლიერებული დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და კონსენსუსისთვის სივრცე აღარ დარჩა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, პარტიას უხელმძღვანელოს.
„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ დელეგატები ერთხმად აირჩევენ ივანიშვილს პარტიის ახალ თავმჯდომარედ და ივანიშვილის პარტიის სათავეში დაბრუნება პოზიტიურად აისახება ქვეყანაზე.
„ეს იქნება ახალი იმპულსი ჩვენი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას პარტიაში.
მან დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების დღევანდელ შეხვედრაში ექს-პრემიერიც მონაწილეობდა და ის პოლიტიკაში ბრუნდება. კობახიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებსა და გადაწყვეტილებებზე.
„ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატობას - პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს საკითხი დღეს განხილული არ ყოფილა.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს პარტიაში, ანუ, დარჩებიან თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში სპიკერთან დაპირისპირებული დეპუტატები, კობახიძის თქმით, შესაბამის გადაწყვეტილებები პარტიის ყრილობაზე იქნება მიღებული. მისივე თქმით, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დარჩება პარტიაში და ექნება საკვანძო როლი პარტიის განვითარებასა და გაძლიერებაში.
როგორც ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა მას პარტიაში არეულობის დალაგების იურიდიულ უფლებას აძლევს.
გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, კვირიკაშვილის ფორმულირებაში იყო ერთი საინტერესო ნიუანსი - მან აღნიშნა, რომ პარტიის წევრებს ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ კარდინალურ საკითხებზე. რამაზ საყვარელიძის აზრით, არაკოორდინირებულობა, დაპირისპირება თუ დუღილი, სულ ერთია, რას დავარქმევთ ამას, სავარაუდოდ, არის ივანიშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი.
„როგორც ჩანს, კოორდინაციაც შესუსტებულია, მეორე მხრივ, დასავლეთი ყოველთვის ითხოვდა ივანიშვილის ფიგურისგან მისი გავლენის ფორმალიზაციას და ესეც მოხდება“, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.
რამაზ საყვარელიძის აზრით, ივანიშვილს ცვლილებების გარკვეული მოდელი ალბათ ჩამოყალიბებული აქვს - რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რომ მან სთხოვა ივანიშვილს დაბრუნება, ექსპერტის აზრით, როგორც წესი, მსგავსი ტიპის ნაბიჯებს არ დგამენ ხოლმე თხოვნის საფუძველზე.
„მას რომ არ ჰქონოდა მომწიფებული ეს პოზიცია, მეეჭვება, რომ ვინმეს თხოვნისთვის გაეწია ანგარიში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატები ჰყავს და არ საჭიროებს, ამ მოტივით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
ექსპერტ დავით ზარდიაშვილის აზრით, არ არის ისეთი კრიტიკული და საბედისწიერო მდგომარეობა, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილის ჩართვის გარეშე შექმნილ პრობლემებს ვერ წყვეტდეს.
„ერთი შეხედვითაც ჩანს, როცა მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი, მისი, როგორც პარტიის დამფუძნებლის და მისი საპატიო თავმჯდომარის ავტორიტეტი დიდია პარტიაში და უმრაველოსობა, რომ ბიძინა ივანიშვილს აზრს გაუწევს ანგარიშს, ეს უდავოა... მაშინაც, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, ანგარიშს უწევდა ნებისმიერ მოსაზრებას და ახლაც ასე იქნება, თუმცა მის შეხედულებას ყველა ვარინატში გაუწევენ ანგარიშს. მაგრამ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს კონფლიქტი, ეს თითიდან გამოწოვილია და ნაკლებად შეესაბამება სიმართლეს“,- მიიჩნევს დავით ზარდიაშვილი.
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ იმის მიღმა, რა განცხადებებიც კეთდებოდა საჯაროდ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო კრიტიკული ვითარება იყო და პოზიციებიც გაცილებით რადიკალური აღმოჩნდა.
„ეს იმ მწვავე განცხადებებიდანაც გამოჩნდა, რაც კეთდებოდა. გარდა ამისა, არის მეორე მხარეც, ქვეყანაში მდგომარეობა არც ისე კარგადაა და სტაბილურობა საკმაოდ მყიფეა. არის მესამე - საგარეო ფაქტორი - ვხედავთ, რაც ხდება თუნდაც სომხეთში და ეს სულაც არ არის უმნიშვნელო. სომეხი ექსპერტებიც კი თვლიდნენ, რომ სარქსიანის გადაყენება შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასე არ ყოფილა. საქართველოს მაგალითის აღება არ სჭირდება სომხეთისგან, მაგრამ როგორც წესი, მსგავსი პროცესები გადამდებია.
საქართველოს ოპოზიცია რომ არ ჰყავს ძალიან ცუდია. დღევანდელი ხელისუფლების მიმართაც არ არსებობს მოსახლეობის უმეტესობის მხრიდან მიუღებლობა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება „მეხიც გავარდეს“, რადგან ქვეყანაში სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. როგორც ჩანს, ესეც გაითვალისწინეს“,- თვლის ვახტანგ ძაბირაძე.
მისივე შეფასებით, ივანიშვილმა თავის დროზე სცადა პოლიტიკიდან წასვლა, მაგრამ პოლიტიკა სურვილებზე არ არის დამოკიდებული და ივანიშვილი საქართველოდანაც რომ წასულიყო, მოსახლეობის უმეტესობას სჯეროდა და სჯერა, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ ის იღებს. ამიტომ მისი განცხადებები რომ პოლიტიკაში არ ერევა, აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის.
„ამ ნაბიჯით არაფორმალური მმართველობა რამდენადმე შერბილდა, თუმცა, არ ვიცი, რამდენად სწორია რომ მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეობას დათანხმდა. პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, პარტიაში რა ხდება, არამედ - ქვეყანაში. ვფიქრობ პრემიერად დაბრუნება იქნებოდა უმჯობესი, რომ ნეგატიურად წასული პროცესები აღეკვეთა. პარტიაში წესრიგი ვერაფერს შეცვლის, რადგან ქვეყანაში ბევრი ისეთი ნაბიჯია გადასადგმელი, ამას პარტიის ლიდერის უფლებამოსილება არ ეყოფა. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც მოჰყვება მეორე ნაბიჯი, ვიდრე კიდევ არის შანსი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს“,- აცხადებს ძაბირაძე.
ექსპერტი, გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე არც პრემიერის და არც პრეზიდენტის თანამდებობას არ დაიკავებს და პარტიის თავმჯდომარეობა პარტიაში წესრიგის აღსადგენად სრულიად საკმარისია.
„მთავარი იყო მას მოეხდინა რეინტეგრაცია პოლიტიკაში. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე მისი პრემიერობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისივე შეფასებით, „ძნელად აღსაზრდელი ბავშვები“ ვერ განვითარდნენ, ვერ შეიძინეს ის განათლება რაც შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამოადგებოდათ.
„გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში მეტი ძალის ცენტრი არ არსებობს, მისი დისტანცირება პროცესებისგან, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სახელმწიფოებრივი რისკების შემცველი იქნებოდა. ასე რომ, მადლობის მეტი რა გვეთქმის“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.