საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური ძალები საკუთარი შესაძლებლობების მოსასინჯად ემზადებიან. მართალია, წინასწარ ცნობილია, რომ დიდი ალბათობით, არჩევნებს სახელისუფლებო კანდიდატი მოიგებს, მაგრამ ამომრჩევლის რა ნაწილს მიიმხრობენ ოპოზიციური კანდიდატები, ეს ერთგვარი ტესტი იქნება ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც იმის განსასაზღვრად, რა ძალისხმევა დასჭირდებათ 2020 წლის არჩევნებზე მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
სახელისუფლებო გუნდი არ ჩქარობს, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას და რამდენადაც ცნობილია, უმრავლესობის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. სახელისუფლებო გუნდები საკუთარი კანდიდატების ლობირებას ცდილობენ, რაც ასევე კარგი სტარტი იქნება მათთვის, მომავალი, საპარლამენტო არჩევნებისთვის.
უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც გაჭიანურდა, უკვე ჩაინიშნა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, საპრეზიდენტო კანდიდატზე შეჯერება ამ ეტაპზე მოხერხდეს.
წინასწარი ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის უმრავლესობის ვიცე-სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელები. მსჯელობის მთავარი თემა ბოლო პერიოდში უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები იქნება.
შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს. ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს.
„კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება დასახელებას, მე ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება ჩვენი კანდიდატი და მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ გვმართებს სიჩქარე. რაც შეეხება შანსებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამაგიეროდ, ოპოზიციურ ძალებს საკუთარი რჩეულების დასახელება შედარებით „მშვიდ“ გარემოში უწევთ, რადგან მრავალფეროვანი ალტერნატივით განებივრებულები არ არიან.
როგორც წესი, ზოგიერთი მათგანი პრაიმერის მეშვეობით გამოავლენს ყველაზე მაღალრეიტინგულს, დანარჩენები კი სავარაუდოდ, პარტიების ლიდერებს წარადგენენ.
თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე აცხადებს, რომ ოპოზიცია ემზადება ერთიანი პრეზიდენტობის კანდიდატის წარსადგენად.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, ხელისუფლებას არ ჰყავს ძლიერი კანდიდატი.
„ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და კანდიდატი იქნება პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რამდენად მოახერხებს ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანებას, საეჭვოა. ცნობილია, რომ ნინო ბურჯანაძეს საკუთარ კანდიდატურაზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეგულება, ხოლო შალვა ნათელაშვილი საკუთარი კანდიდატურის მოხსნას შეჩვეული არ არის.
ახლა უკვე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილიც აცხადებს, რომ მზადაა იყოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში.
მედიასთან საუბრისას უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ყალიბდება იქითკენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად, აცხადებს, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა.
„უნდა ავწონ-დავწონოთ, რამდენად სწორია ესა თუ ის ნაბიჯი არა მხოლოდ წარმატება-წარუმატებლობის შანსების აწონ-დაწონვის თვალსაზრისით, არამედ, რა ხდება ზოგადად, სპექტრში - ვინ აპირებს კიდევ ამ პროცესში ჩართვას და თუ ვინმე აპირებს, რა პლატფორმით აპირებს. თუ ვხედავთ, რომ მსგავსია ჩვენი ხედვები, პლატფორმები 2-3 შესაძლო კანდიდატის, ალბათ აჯობებს, სანამ კანდიდატობას შევუდგებით, გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საინტერესოა, რომ სხვა ოპოზიციურმა ძალებმაც დაიწყეს მსჯელობა ერთიან კანდიდატზე შეჯერების შესახებ.
როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, საპრეზიდენტო კანდიდატზე გაერთიანება უნდა მოხდეს კონსენსუსით და არა შიდა კონკურენციის საფუძველზე, როგორიცაა პრაიმერიზი, რომელიც დააპირისპირებს და დაქსაქსავს მრავალსახოვან ოპოზიციას. შავგულიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია გაერთიანებას მარგველაშვილის გარშემო ადვილად მოახერხებს.
„მეტად მნიშვნელოვანი და ღირებულია საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებით ოპოზიციის გაერთიანება. ეს არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის კონტროლის ქვეშ არ მოექცა. „თავისუფალი დემოკრატები“ ჩამოყალიბებული ვართ პოზიციაზე, რომ მეტად სასარგებლო იქნება თუ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი დააყენებს თავის კანდიდატურას“,- განაცხადა შავგულიძემ.
„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ მარგველაშვილი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ასოცირდება, ამიტომ ოპოზიციისთვის ადვილი იქნება მის კანდიდატურაზე შეთანხმება.
„რაც მთავარია არსებითად ვნახეთ, რომ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს შეუნარჩუნა დამოუკიდებლობა“,-განაცხადა შალვა შავგულიძემ.
უცნობია, რას აპირებს თავად მარგველაშვილი და რამდენად იკისრებს, გაერთიანებულ ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში, თუმცა როგორც ექსპერტები თვლიან, მისი რადიკალური განცხადებები საამისოდ კარგ ფონს ქმნის.
გაცილებით რთულია ყველა ოპოზიციური ძალის კონსენსუსი მარგველაშვილის კანდიდატურის ირგვლივ და თუ ოპოზიცია ამას მოახერხებს, სავარაუდოდ, მარგველაშვილიც უფრო მყარად იგრძნობს თავს, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად გადაწონის ერთად აღებული ოპოზიციის რეიტინგი ხელისუფლებისას.