„ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის სხდომა გასულ კვირას ჩაინიშნა, თუმცა მოგვიანებით გაურკვეველი ვადით გადაიდო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის სხდომის გამართვა არ ჭიანურდება, ვინაიდან შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის არ უნდა ჩატარდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხვადასხვა ჯგუფებში მსჯელობა მიდის საპრეზიდენტო კანდიდატზე და უმრავლესობა მხოლოდ მას შემდეგ შეიკრიბება, როდესაც ყველასთვის მისაღებ კანდიდატზე შეჯერდებიან.
როგორც „ეროვნული ფორუმის“ წევრი, ანი მიროტაძე აღნიშნავს მედიასთან საუბრისას, ე.წ. კვირიკაშვილის და კალაძე-კობახიძის გუნდები ცდილობენ საკუთარი კანდიდატები გაიყვანონ. თუმცა მისივე განმარტებით, დავას აზრი არ აქვს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.
„თალაკვაძის კანდიდატურის განხილვა, რომ ხდებოდა ამაზე მედიაც წერდა რამდენიმე ხნის წინ. თუმცა კონკრეტულ გვარზე არ არის დამოკიდებული, რომელი გვარი იქნება. აქ საუბარი არის იმაზე, რომელი გუნდის წარმომადგენელი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ე.წ. ახლების თუ ეს ე.წ. ძველების. ანუ დაპირისპირების ძირითადი საფუძველი არის ეს, რომელი გუნდი წარმოადგენს მას. მე ვფიქრობ, რომ კანდიდატი იქნება ის, ვისაც ხელს დაადებს ბიძინა ივანიშვილი... არ გამოვრიცხავ, სრულიად სხვა კანდიდატი იყოს, რომელიც არ იქნება ასოცირებული არც ძველებთან და არც ახლებთან. ანუ ნაკლები პრეტენზიები ექნება როგორც ერთ, ასევე - მეორე მხარეს. მაგრამ მთავარი გარანტია უნდა იყოს ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად მოუშალოს ნერვები“, -აცხადებს მიროტაძე.
შესაძლოა, ახალი სახე პრემიერმა ან სულაც, პარლამენტის თავმჯდომარემ წამოაყენოს, ყოველ შემთხვევაში, ამ სცენარისთვის თანაგუნდელების მომზადება უკვე დაიწყო. ამჯერად, „მოთელვა“ აჭარაში, „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე მოხდა.
პრემიერ-მინისტრის და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტია სერიოზულ რეფორმებს გადის.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დასაფასებელია იმ ადამიანების ღვაწლი და როლი, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში „ქართული ოცნების“ გვერდით დადგნენ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც.
პრემიერმა ხაზი გაუსვა დღევანდელ გამოწვევასაც.
„ჩვენ არ ვართ ილუზიაში, ძალიან კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ კონფერენციაზე.
„დღეს კიდევ გვყავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ის კურსი, რომელიც აღებულია, გვაძლევს საბაბს, ყველას გვქონდეს გარკვეული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენს ზურგს უკან უკვე არის მიღწეული წარმატებები... ყოველდღიური შრომით, შესაძლებელია მივაღწიოთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებზე „ქართული ოცნება“ წარდგება ღირსეული კანდიდატით.
პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ საპრეზიდედნტო არჩევნების მოსაგებად.
„თითოეული ჩვენგანი ბუნებრივია, ჩვენს წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემაც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია, საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე. კობახიძემ პარტიის განვითარების გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილია რეფორმების ახალი ტალღა.
„ჩვენ გვექნება დაახლოებით, ორწლიანი პერიოდი - ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე პერიოდში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი პარტია და საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება“,- აღნიშნა კობახიძემ.
კულუარული ინფორმაციით, პარტიის რეფორმის ფარგლებში არ არის გამორიცხული, სულაც, პარტიის ლიდერი შეიცვალოს - სახელისუფლებო გუნდების ბალანსის შენარჩუნების გარდა კი შესაძლოა, ამ ცვლილებას სხვა, უფრო ღრმა დატვირთვაც ჰქონდეს.