უმრავლესობის ჩაშლილი სხდომის კვალდაკვალ დაპირისპირება მწვავდება

უმრავლესობის ჩაშლილი სხდომის კვალდაკვალ დაპირისპირება მწვავდება

საქართველოს პარლამენტში ეთიკის კოდექსის კანონპროექტი ჩავარდა. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტში ახალი ინიციატივა შევა და დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ახალ დოკუმენტზე შეთანხმდება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები იყო.

სანამ უმრავლესობა ეთიკის ახალ კოდექსზე შეთანხმებას მიაღწევს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში დაპირისპირება მწვავდება. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ უმრავლესობის სხდომის დანიშვნა ხელოვნურად ჭიანურდება და მიაჩნიათ, რომ სხდომას პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილიც უნდა დაესწროს. თუმცა, ამ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარისთვის უცნობია დაესწრება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობის სხდომას.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დასწრებას, კობახიძე განმარტავს, რომ ყველაფერზე იქნება მსჯელობა, მათ შორის ფორმატთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოხდება შეთანხმება და ამის საფუძველზე, მარტივად გადაწყდება ის პრობლემები, რომელიც არსებობს უმრავლესობაში.

უმრავლესობის წევრების შეხვედრა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალიდან სამშაბათის ჩათვლით იმართება პარტიული ღონისძიებები რეგიონებში, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის წევრების შეხვედრა ვერ ჩატარდება.

„კიდევ ერთხელ მინდა, ყველა დეპუტატს მოვუწოდო, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ჩვენ გვაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი, მათ კონცენტრაცია უნდა მოახდინონ საპარლამენტო საქმიანობაზე, მათი სადეპუტატო ფუნქციების განხორციელებაზე და არა იმაზე, რასაც ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის ჩემი მოწოდება, სიმშვიდეს თუ შეინარჩუნებენ დეპუტატებები, თუ არ აჩქარდებიან, ისინი არ დაუშვებენ შეცდომებს.

ძალიან მარტივი გადაწყვეტა არსებობს ამ პრობლემების, მთავრია, მსჯელობა და განხილვის საფუძველზე ყველა საკითხი და პრობლემა მოგვარდება. არ არის იმ მასშტაბის წინააღმდეგობა უმრავლესობის შიგნით, რომ რაიმე იყოს გადაუჭრელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, აუცილებელია შეთანხმება თამაშის წესებზე და იმედი აქვთ, რომ ძალიან მალე ექნებათ ეს წესები. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კაბინეტში მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს. როგორც თალაკვაძე აცხადებს, ჭიჭინაძის განცხადებები კობახიძესთან, ვოლსკისთან და უმრავლესობის სხვა წევრებთან დაკავშირებით, მიუღებელია.

„ვინც შეურაცხყოფას აყენებს თანაგუნდელებს, გამართლება ვერ ექნება. ჩემთვის მიუღებელია მისი განცხადებები ირაკლი კობახიძის, გიორგი ვოლსკის და ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ. ჩემს კაბინეტში ჭიჭინაძეს მძიმე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დავით ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიური ზარდიაშვილების“ შესახებ არაკორექტული იყო: „ვფიქრობ, არაკორექტული განცხადებაა და იმ სულისკვეთებას ნამდვილად არ შეუწყობს ხელს, რაც ყველას გაგვაჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპასუხოდ დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ვოლსკი დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული.

„ალბათ, კიპლინგის „მაუგლი“ ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელი, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, შემდეგ კრებას ატარებენ და ამბობს, აკილამ ააცილა, აკილამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარანაირად გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა - არაკორექტული. „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს, ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მწვავე დაპირისპირების შემდეგ როგორ დალაგება უმრავლესობის შიგნით ურთიერთობები, ჯერჯერობით ძნელად პროგნოზირებადია. თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის ნაცვლად, დეპუტატები ურთიერთბარლდებებით არიან დაკავებული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი არიან, ვინც კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ არის. დეპუტატის შეფასებით, უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნებია, რასაც მკურნალობა სჭირდება. მისი თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ თვითგანკურნება მოხდება, მცდარი წარმოდგენა აქვს.

„ეს პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა, ამიტომ ვინც ვალდებულია ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა თავის ხელში უნდა აიღოს. ვინ არის, ამას გამგები გაიგებს. სიტუაცია რაც შეიქმნა, ჩემთვის მიუღებელია. პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი ვართ, ვინც კონფლიქტის არც ერთ მხარეს არ ვართ, მაგრამ ის ხალხი ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით, ვისაც იმ გამარჯვებაში ბევრად მეტი დამსახურება აქვს, რა გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული მხარეები პარლამენტში არიან წარმოდგენილნი.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტი წვლილის შემტანი ხალხი ასე ცხოვრებას დიდხანს გააგრძელებს. ამიტომ პროცესებში ის ხალხი უნდა ჩაერიოს, ვინც მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. ამ პრობლემას განკურნება სჭირდება, სხვა შემთხვევაში დაპირისპირება გაღვივდება და დაპირისპირების ნიშნები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

უმრავლესობის სხდომის გადადება, რომ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს, ამის შესახებ დეპუტატი ნუკრი ქანთარია საუბრობს, რომლის განცხადებით, რაც უფრო გადაიდება, უფრო და უფრო გართულდება. მისი თქმით, ელემენტალური ლოგიკაა, რომ პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო.

„მიზეზები არ დაილევა, ვიღაც მივლინებაშია, „ვიღაც საქეიფოდ არის, ვიღაც უქეიფოდ“, - როგორც ცნობილ ფილმშია. ვიღაც ავად არის და შეუძლოდაა... ასე სად წავალთ?! ამიტომ, ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს იმისათვის, რომ უმრავლესობის ენერგია ამომრჩეველზე დავხარჯოთ.

თუ ემოცია ვერ გადავდეთ და პრობლემებს საქმიანად არ მივუდექით, მაშინ სეირი იქნება და მხოლოდ თქვენთვის იქნება საინტერესო, შედეგის თვალსაზრისით კი დამაზიანებელი იქნება. ამ შეხვედრაზე ყველა უნდა მივიდეს რომ შედეგი დადგეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნუკრი ქანთარიამ.