რეგლამენტი პარლამენტს საშუალებას აძლევს, დადგენილებაში მიუთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან და სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტმა მხოლოდ ერთი წინადადებით, დადებითად შეაფასა და დადგენილება 82-ხმით მიიღო. ანგარიში პარლამენტს სუს-ის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა წარუდგინა. მოგვიანებით, უმრავლესობის მოთხოვნით სხდომა დაიხურა, შესაბამისად, კითხვა-პასუხი და დეპუტატების გამოსვლები დახურულ ფორმატში წარიმართა.
თუმცა ოპოზიციამ მთავარი კითხვები არა დახურულ სხდომაზე, არამედ სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან დასვა და პასუხიც სუს-ის უფროსისგან ასევე, მედიის მეშვეობით მიიღო.
„ევროპული საქართველოს“ წევრის დავით ბაქრაძის განცხადებით, სუს-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიში და რეალობა ერთმანეთთან შეუსაბამობაშია. როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, ტერორიზმთან, რუსულ პროპაგანდასთან, ადამიანის გატაცებასთან და ოკუპაციასთან ბრძოლის ნაცვლად, სუს რესურსს ხარჯავს ოპონენტების თვალთვალზე.
„მთავარი პრობლემაა ფუნდამენტური სხვაობა იმათ შორის, რაც წერია სუს-ის ანგარიშში და რაც ხდება ქვეყანაში. ანგარიშში, სრულიად სამართლიანად, საფრთხედ არის შეფასებული რუსული პროპაგანდა და ამ დროს ვხედავთ, საქართველოში გაჩნდა ახალი, რუსული პროპაგანდისტული არხი „გაზპრომის“ შვილობილის სახით. ანგარიშში სამართლიანად წერია, რომ ტერორიზმი არის საფრთხე, ამ დროს თბილისში თვეების განმავლობაში დაუსჯელად გადაადგილდებოდა ჩატაევი თანამებრძოლებთან ერთად. ანგარიშში საერთოდ არ წერია, ოპოზიციაზე თვალთვალი და მიყურადება, ამ დროს რეალურ ცხოვრებაში ამითაა სუს-ი დაკავებული. ამიტომ არის დიდი განსხვავება იმათ შორის, რაც წერია სუს-ის ანგარიშში და რითაც არის დაკავებული დღეს უსაფრთხოების სამსახური“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
გომელაურისთვის გაუგებარია, ოპოზიციას რა კითხვებზე არ აქვს პასუხი, რადგან კითხვები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასა და მაჩალიკაშვილის თემის ირგვლივ დახურულ სხდომაზე არ დასმულა.
გომელაურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს მასალები, თუ როგორ მიმდინარეობდა მოვლენები, როგორ შემოვიდნენ, ვინ ეხმარებოდა, იარაღი საიდან არის ამოღებული, როდინდელი ჩამარხულია სამარხში.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სპეცოპერაციის დროს ადგილზე იმყოფებოდა სოსო გოგაშვილი, გომელაური ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ადგილზე არც გოგაშვილი და არც ერთი მისი მოადგილე არ იმყოფებოდა.
კითხვაზე, გროვდება თუ არა სამხილები მაჩალიკაშვილის მამის მიმართ და დაიკითხება თუ არა ისიც, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება რამე დანაშაული და საფრთხე, დაიკითხება ყველა.
„თუ გამოვლინდება რამე დანაშაული და საფრთხე, დაიკითხება ყველა. ისე, რომ სპეცსამსახურები მუშაობდნენ, რამე „გამოვუჩხრიკოთ“ და დავადანაშაულოთ, ასე არა არის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაურმა ანგარიშის წარდგენისას ვრცლად ისაუბრა მთავარ გამოწვევებზე, მათ შორის, საქართველოში მოქმედ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობებზე, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები; სახელმწიფო უსაფრთხოების მუშაობაზე 2017 წელს ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთის შესახებ; რუსეთის მიერ სოხუმსა და ცხინვალში ეტაპობრივი ანექსიის პოლიტიკაზე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს მუშობაზე და ა.შ.