პრეზიდენტს ბრალდებას ამჟამად ირაკლი შოთაძე უყენებს

პრეზიდენტს ბრალდებას ამჟამად ირაკლი შოთაძე უყენებს

გიორგი მარგველაშვილი და პატიმართა შეწყალების საკითხი, უკვე მერამდენედ, სკანდალის საფუძველი ხდება. ამჯერად, პრეზიდენტს მთავარი პროკურატურა აკრიკიტებს. კერძოდ, ირაკლი შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი მსჯავრდებული შეწყალების საფუძველზე ისე გაათავისუფლა, რომ მის საქმეზე სასამართლო განხილვები დასრულებული არ იყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დავა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობდა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2016 წლის 27 მაისს, პოლიციაში დაიწყო გამოძიება საქმეზე გ. უ.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, ნ.თ.- მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა გ.უ.-ს მოკვლა და დანისმაგვარი საგნით სახის, მუცლის ღრუსა და ტანის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 2016 წლის 28 ივნისს სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ძებნილი ბრალდებული.

2017 წლის 24 მარტს პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი პროკურატურის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოთხოვნილია ნ.თ.-ს დამნაშვედ ცნობა მკვლელობის მცდელობაში. საქმე ამჟამად განხილვის სტადიაზეა, თუმცა მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისაგან.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ არის მოწმე ბატონ ზარდიაშვილის მიერ დაანონსებული იმ სამწუხარო სიურპრიზისა, რომელსაც ჰქვია პოლიტიკურად დადგმული სპექტაკლი.

„როგორც ჩანს, ამ სპექტაკლის დამკვეთიც, სამწუხაროდ, არის პარტია „ქართული ოცნება“ და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები. დღეს გავრცელებული ინფორმაციაც არის ამისი ნათელი მაგალითი, როცა შეწყალებასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაშიც არ მოხდა ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა ეს საქმე დასრულებული. შეწყალების კომისიამ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართა შესაბამის უწყებას და ამაზე პასუხი იყო, რომ საქმე არ იყო გასაჩივრებული. ამის შემდეგ უკვე ბატონი ზარდიაშვილის დაანონსებული სიურპრიზები გამოდის დღის სინათლეზე, რაც არის ძალიან სამწუხარო და დამაზიანებელი სახელმწიფო თვალსაზრისით, ვინაიდან ამაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებები“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ბოლო დროის ხმაურიან შეწყალებებზე განცხადება გააკთა შს მინისტრმაც, გიორგი გახარიას განცხადებით, შს სამინისტრო ვერასდროს იქნება მომხრე მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართოდ გამოყენების. მისი თქმით, უწყების მიდგომა არ არის ის, რომ ერთი კონკრეტული მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის ირგვლივ ააწყონ რაღაც სისტემური ცვლილებები. თუმცა, თვლის, რომ მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცეა და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება. მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რომ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების აქტით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს, საკმაოდ საგანგაშო რიცხვებია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სწორედ პატიმართა შეწყალება იქნება მთავარი საკითხი, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი 19 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, შეწყალების საკითხის დახვეწის მიზნით, მზად არის საქართველოს პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის ადმინისტრაციას შეხვდეს.

„ჩვენ ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში მთელი რიგი საკითხები დავხვეწეთ, დავნერგეთ ზეპირი მოსმენის მექანიზმი, რაც გულისხმობს მსჯავრდებულ პირთან კომისიის წევრების პირისპირ გასაუბრებას. შეწყალებასა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა, იქნება შეცდომა. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ თუ ის აღიარებს დანაშაულს, ემორჩილება სარეჟიმო პირობებს და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკი, მიეცეს სასჯელის შემსუბუქების ან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.