„გიორგი კვირიკაშვილი გაჩუმებულია და არ ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრს ეთანხმება“

„გიორგი კვირიკაშვილი გაჩუმებულია და არ ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრს ეთანხმება“

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეხვედრა პარლამენტში გადაიდო - როგორც ბახტაძემ სოციალურ ქსელში განმარტა, ოპოზიცია სამშაბათს ვერ ახერხებს შეხვედრას, რის გამოც გადაწყვიტა, საკანონმდებლო ორგანოში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ მივიდეს.

„გულწრფელად მჯერა, სიღარიბის დამარცხება საყოველთაო ამოცანაა! მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე დისკუსია მთლიანად პარლამენტთან არის საჭირო და არა მხოლოდ მის უმრავლესობასთან“, - წერს მამუკა ბახტაძე.

ფინანსთა მინისტრის ცნობილი განცხადების შემდეგ, რომ „საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ბიზნესის დაწყების შანსს ფაქტობრივად, არ იძლევა“ და „საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა“, სულ უფრო ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ხელისუფლება საბანკო სექტორს უტევს. ეს უკანასკნელი კი სიფრთხილით, მაგრამ თავდაცვის რეჟიმში გადადის. ხელისუფლების პოზიციას, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხარდაჭერა აძლიერებს, რადგან სტატისტიკით, მოსახლეობის 60%-ზე მეტი საბანკო ხაფანგშია გაბმული, თუმცა სავარაუდოდ, ეს არ არის მთელი ხელისუფლების პოზიცია.

„გიორგი კვირიკაშვილი უფრო ბანკების ლობისტია და ახლაც გაჩუმებულია,  არ ამბობს, რომ ფინანსთა მინისტრს ეთანხმება. ეჭვი მაქვს, პირიქით, არ მოსწონს მისი პოზიცია“, - აცხადებს  ექსპერტი,  გია ხუხაშვილი მედიასთან საუბრისას.

ექსპერტი თვლის, რომ ბანკების დომინირებამ ქართულ ეკონომიკაზე ძალიან სახიფათო ფორმები მიიღო და თუ ბახტაძე ამას დააბალანსებს, კარგი იქნება.

როგორც ჩანს, ბალანსი, რომელიც საბანკო სექტორსა და ხელისუფლებას შორის წლების მანძილზე არსებობდა, ზომაზე მეტად დარღვეულია და ბახტაძე სწორედ ამ „ხარვეზის“ აღმოფხვრას ცდილობს. თუმცა, არსებობს მეორე მხარეც - რეალურად დაზარალებული მოსახლეობა.

როგორც ჩანს, სწორედ მოსახლეობის და არა მხოლოდ მისი მხარდაჭერით ცდილობს ბახტაძე საბანკო სექტორს შეახსენოს, ვინ არის თამაშის წესების რეალური მოკარნახე ქვეყანაში. თუ ეს ეკონომიკასაც გააძლიერებს, დივიდენდები ორმაგად და სამმაგად დაუბრუნდება ფინანსთა მინისტრს - ეს იქნება, სულ ცოტა, საბანკო სექტორის კალაპოტში მოქცევა და რეალური საშუალო ფენის გაჩენის ხარჯზე გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლები. წარმატების შემთხვევაში კი, პირადად ბახტაძე იმ მენეჯერული თვისებებით გამორჩეული პოლიტიკოსის იმიჯს მოიპოვებს, რომელსაც შეიძლება, ქვეყნის მართვა ანდო.

რაც შეეხება ბანკების პოზიციას, უკვე ჩანს, რომ ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებენ - თუმცა, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი ჭირაქაძე ხელისუფლებას მაინც ახსენებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ  საბანკო სექტორთან მიმართებაში.

„ძალიან მკაფიოდ მესმის ფინანსთა მინისტრის, როდესაც ის საუბრობს სტარტაპებზე. სტარტაპების დაფინანსებაში შეუძლებელია ბანკი ისე იყოს ჩართული, როგორც ყველას გვინდა. ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ საბანკო სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი და ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა“, - აღნიშნა ჭირაქაძემ.

ვერ ვიტყვით, რომ ბახტაძე რევოლუციური მეთოდებით ცდილობს დისბალანსის გასწორებას, თუმცა უკან დახევას რომ არ აპირებს, ესეც აშკარაა.

„ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ნათლად დავაფიქსირეთ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისებისთვის საქართველოს მთავრობა აუცილებლად გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცადებენ, საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან ასეთი შეხვედრები სისტემური ხასიათის იქნება.

„საფინანსო სექტორის ადეკვატური ჩართულობა მცირე და საშუალო მეწარმეობის წახალისების, სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის საკეთილდღეოდ, არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან პრინციპული და საგნობრივი საუბარი.

მეორე პრობლემა, რომელზეც გვქონდა კომუნიკაცია, შეეხება ჭარბვალიანობის პრობლემას ჩვენს მოსახლეობაში. აქაც, საბანკო სექტორს აქვს საშუალება, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ კუთხით. ჭარბვალიანობა, ზოგადად, კომპლექსური პრობლემაა და მას სჭირდება სისტემური მიდგომა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად... დაახლოებით, სამ კვირაში, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც იმედს ვიტოვებ, რომ ამ შეკითხვებზე მივიღებთ შესაბამის პასუხებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, იმის მაგივრად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი და სიცოცხლისუნარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტის ავტორი, მეწარმეების ინტერესი, ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისათვის. ეს არის ძალიან მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა და საზოგადოებაში ეს განცდაა სწრაფი სესხების შემთხვევაში.

ეს არის ამავე დროს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამ გამოწვევას სჭირდება ადეკვატური რეაგირება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.  დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ანალოგიურად უყურებს ამ პრობლემას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საბანკო ექსპერტებს ისრები სხვა მხარეს გადააქვთ და თავს იმართლებენ, თითქოს ქვეყანაში ჭარბვალიანობის მასშტაბებს არა საფინანსო სექტორის განუკითხაობა, არამედ, ჩრდილოვანი ეკონომიკა ზრდის.

როგორც „საბანკო ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა, დაუდასტურებელი შემოავლები ქმნის ჭარბვალიანობის პრობლემას.

„ჭარბვალიანობა ყველაზე დაბალია ბანკებში, სამაგიეროდ, 80%-ია არასაბანკო საკრედიტო სექტორში“,- აცხადებს ცუცქირიძე.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მცირემასშტაბიანი ჩრდილოვანი ეკონომიკა მართლაც არსებობს, მაგრამ საგადასახადო ურთიერთობები იმდენადაა მოწესრიგებული, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის უმნიშვნელო წილი ჭარბვალიანობას ვერ გაზრდის.

„ეს არის  ვექტორის გადასატანად ბანკების მიერ შემოგდებული თემა. მათ უნდათ, რომ საკითხი დაისვას ისე, თითქოს პრობლემაა არა მათში, არამედ სხვაგან. რეალურად, დღეს ქვეყანაში  ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი დატვირთვა გადადის ნარკოტიკებზე, საროსკიპოებზე და სათამაშო ბიზნესის ნაწილზე.  ეს არის მთელი ჩრდილოვანი ეკონომიკა. ბანკებისთვის კი ეს არგუმენტად არ გამოდგება. ჩრდილოვანი ეკონომიკის ეს სეგმენტი ყველა ქვეყანაშია“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შექმნილი ვითარებიდან სარგებლის მიღება ოპოზიციურმა პარტიებმაც გადაწყვიტეს - ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ ამ მომენტში „ცეცხლზე ნავთის“ დასხმა მათთვის უფრო სასარგებლო იქნება - „გირჩი“ აცხადებს, რომ საბანკო სექტორი ისედაც ზედმეტად რეგულირდება.

„გინახავთ რომელიმე ბანკირი აკრიტიკებდეს ხელისუფლებას?! მაშინაც კი, როდესაც ფაქტობრივად ქვეყნის ღალატი დააბრალეს - ეკონომიკის შემაფერხებელი და ა. შ. ვინმემ პასუხი გასცა? ვერ გასცემენ, იმიტომ რომ ეს სფერო ისეა რეგულირებული, როგორც კი ზედმეტს იტყვის ბანკის წარმომადგენელი, პრობლემა შეექმნება ამ პიროვნებსაც და ბანკსაც“, -  განაცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ.

„თიბისი ბანკის“ დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე კი აცხადებს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, სადაც დაფიქსირდა, რომ ბანკები ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან პოზიტიურ როლს ასრულებენ.

მისივე განმარტებით, ბიზნესსესხები არის ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეკონომიკის განვითარებისთვის და ინიციატივის შესრულებაში, რომელიც გააჩნია ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას, სტარტაპების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბანკებიც ჩაერთვებიან.

„ბანკები შევთანხმდით, რომ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მისივე თქმით, ყველა ტიპის სესხზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლების განმავლობაში იკლებს.

შეგახსებებთ, საქართველოს მთავრობა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას“ იწყებს, რომელიც ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას გულისხმობს.

ფინანსთა მინისტრის შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. ხოლო, მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და განსაკუთრებით სტარტაპებს.