„აბაშიშვილმა საერთოდ პენალი დაარტყა - პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იკვრებაო“

„აბაშიშვილმა საერთოდ პენალი დაარტყა - პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იკვრებაო“

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მმართველ გუნდს ახალ ბრალდებას უყენებს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.

„სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანია წარმოებს“, - გიორგი აბაშიშვილი ამ ფორმით გამოეხმუარა უმრავლესობისა და უმცირესობის კრიტიკას, რომელიც 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა.

„საქართვველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პრეზიდენტის შეწყალებით აღმოჩნდა თავისუფლებაზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავდასხმის რეჟიმში გადასვლა გადაწყვიტა. პრეზიდენტის პოლიტიკური

მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინააღმდეგ ორკესტრირებული ბინძური პიარ-კამპანია ააგორეს და „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ერთნაირი ლექსიკით და სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს, რაც უკვე ძალიან მძიმე შემთხვევაა.

„სამწუხაროდ, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმაში ლაპარაკობს ამ კუთხით, ეს ძალიან დასანანია და როდესაც ერთად ვხედავ ვანო ზარდიაშვილს და ოთარ კახიძეს, არ შეიძლება არ გამახსენდეს ზურაბ ადეიშვილის „ბედნიერი დრო“, როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ და როგორც ჩანს, დღესაც მშვენივრად თანამშრომლობენ ასეთ საკითხებში.

საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება. რასაკვირველია, ამ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია ამაზე საუბრობენ. ჩვენ არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველი შეაფასებს“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ თანამშრომლობაზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი გააკრიტიკა. კახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ამ ფორმით ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი სხვა სიბრტყეში გადაიტანოს.

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. ამ ბრალდებებში შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს, როდესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორისა თუ მოძალადის შეწყალებას“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ შორის არსებულ პოლიტიკურ კავშირებზე საუბრობდა, დღეს აცხადებს, რომ ამ ორ პარტიას იმდენად განსხვავებული ფასეულობები და ღირებულებები გააჩნიათ, რომ არანაირი გაერთიანება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არ არის შესაძლებელი. ფოფხაძის შეფასებით, ცალკეულ საკითხებზე შეიძლება ძალიან განსხვავებული ადამიანების პოზიციაც დაემთხვეს, მაგრამ გაერთიანება გამორიცხულია. დეპუტატი პრეზიდენტს ურჩევს, შეწყალების აქტი სამოტივაციო ნაწილში კიდევ უფრო დასაბუთებული იყოს.

„შეწყალების კომისიის მუშაობა ცოტა უფრო გაწერილი რომ ყოფილიყო იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტული შეწყალების აქტები სამოტივაციო ნაწილში დასაბუთებული ყოფილიყო და სტანდარტებიც უფრო მკვეთრად ყოფილიყო გამოკვეთილი, არ იქნებოდა ცუდი. ხშირად ჩნდებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები და მგონია, ამ ნაწილში მომავალში მაინც უნდა იფიქროს პრეზიდენტმა იმის თაობაზე, რომ თვითონ დაადგინოს შიდა სტანდარტი რით იღებს გადაწყვეტილებას შეწყალების დროს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მხრიდან ყურადღების გადატანა ამ ფორმით იმ ძალიან მძიმე და პრობლემური საქმიდან და მკვლელობიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, მართებული არ არის.

„არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი გიორგი აბაშიშვილი, როცა ამ განცხადებას აკეთებდა“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შედეგების გადაფარვას ცდილობს მისი ადმინისტრაცია, როცა „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ ახალ საკონსტიტუციო უმრავლესობად ფორმირებაზე საუბრობს.

„პრეზიდენტი იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს და ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების გადაფარვას ცდილობენ, როცა ამბობენ, რომ თითქოს რაღაც ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იქმნება. საპარლამენტო უმრავლესობას არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან გარიგება არ სჭირდება, მით უმეტეს, „ევროპულ საქართველოსთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

თუმცა, ასე არ ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. სალომე სამადაშვილის შეფასებით, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გარკვეულ საკითხებზე ხშირად პოზიციების თანხვედრაა.

„უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გარკვეულ საკითხებზე ხშირად პოზიციების თანხვედრაა. ვერ გეტყვით, ეს რისი ნიშანია, თუმცა რაც შეეხება პრეზიდენტს, მესიჯები ერთმანეთთან საკმაოდ დაახლოებული იყო. ზოგადად, ფემიციდთან დაკავშირებით არაადეკვატური პოლიტიკა არსებობს. მმართველი გუნდის ხვედრი და დანაშაულია, რომ ამნისტიის პოლიტიკა არასწორად გამოიყენება“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, არც ერთ სულიერს, არავის - არც სამართალდამცავ ორგანოებს, არც საპატიმროს ადმინისტრაციას, არც თვით ოჯახის წევრებსა და ცხადია, არც პრეზიდენტს არასგზით არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ოჯახური ძალადობისა და ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გასამართლებული ვეფხია ბაქრაძე შეწყალების შემდგომ, მსგავს საარაკო მხეცობას ჩაიდენდა.

„შეწყალების საქმის რაიმე პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არის დაუშვებელი. სამართლებრივად პრეზიდენტს ამის დისკრეცია აქვს. როდესაც ადამიანს აკრიტიკებ იმის გამო, რომ მან ვიღაცა შეიწყალა, ეს არის მიუღებელი. არადეკვატურები არიან, როდესაც შეწყალებას პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ. თავის მხრივ პრეზიდენტმა პოლიტიკური თავდასხმა მოაწყო, იქ ზვიად ქორიძე გამოიყვანა და რაღაცა სისულელეებზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ აბაშიშვილმა საერთოდ პენალი დაარტყა და თქვა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა იკვრება და „ევროპული საქართველო“ მიაწება ამ უმრავლესობაში. ეს არის სრული უაზრობა“, - აცხადებს ზარდიაშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვერ გაერკვა პოლიტიკურად რა მდგომარეობაშია ქვეყანა. შესაბამისად, არასწორი პოზიცია უკავაია, როდესაც ოპოზიციაში უდგას თავისივე მთავრობას.

„საერთოდ გაუგებარი მოვლენაა. აბსურდში ვტრიალებთ. ეს აბაშიშვილი საერთოდ გარეთ არის გასული, რაღაც საოცრებებს იძახის, რომელსაც არავითარი კავშირი რეალობასთან არ აქვს. მაგრამ მეორე უბედურება არის ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რაც რეალობისგან ძალიან შორს არის. ჩვენი პოლიტიკა რაციონალურ რელსებზე არ დგას. ეს არის წუთიერი განწყობები, სუბიექტური შეხედულებები, რომელსაც ობიექტურთან არავითარი კავშირი არ აქვს. ობიექტურ რეალობასთან კავშირი არ აქვს იმას, რასაც აბაშიშვილი ამბობს“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.