დონალდ ტრამპის სიტყვებისამებრ, სირიაში მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები წავიდა. ავიადარტყმებს გადაურჩა ბაშარ ასადი. სირიის რეჟიმის ლიდერი ცოცხალია. Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს სამსახურში მიმავალი ბაშარ ასადი, რომელსაც ხელში პატარა ჩანთა უჭირავს. ვიდეორგოლს კომენტარი ახლავს - „მწუხარების დილა“. დღეს დილით ადრე კოალიციური ძალების მიერ სირიაში რამდენიმე ობიექტის ავიადაბომბვა განხორციელდა, რაც ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას მოჰყვა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
სირიის მთავრობა აცხადებს, რომ რაკეტების უმეტესობა მათ მოიგერიეს, თუმცა რამდენიმე მაინც მოხვდა მიზანს. ამის მიუხედავად, „ბარბაროსული აგრესია გავლენას ვერ მოახდენს სირიელი ხალხის სიმტკიცეზე“, - ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გადაიზრდება თუ არა სირიის კონფლიქტი რუსეთთან და ირანთან ამერიკის ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი დახურულ შეხვედრაზე არ მალავდა, რომ სირიაზე იერიშს შესაძლოა, რუსეთთან და ირანთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოეწვია. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუკი ამერიკა სირიაში მძლავრ შეტევას განახორციელებდა. როგორ ფიქრობთ, დაიძაბება სიტუაცია რუსეთთან და ირანთან, რომელთა მეშვეობითაც ასადის რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს?
- როგორც ჩანს, ტრამპმა ირანთან საქმის გარჩევა მაისის ბოლომდე გადადო, ვინაიდან მაისში ვადა გაუდის ირანთან დადებული ისტორიული შეთანხმების დიდ ნაწილს და უნდა შეფასდეს ამ შეთანხმების შედეგები. ვარაუდობენ, რომ მაისში, ალბათ, ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საერთოდ მიატოვოს ეს შეთანხმება, ანუ როგორც თვითონ ამბობს, „სდელკა“-გარიგება. რაც შეეხება რუსეთს, ევროპელ ლიდერებს შორის ტრამპთან ყველაზე ახლო კონტაქტი აქვს მაკრონს. ორი დღის წინ მაკრონმა ხელები ასავსავა და ზედიზედ სამჯერ გაიმეორა, ჩვენ დავარტყამთ სირიას, მაგრამ, არავითარ შემთხვევაში, არ დავაზიანებთ ირანსა და რუსეთს, ვინაიდან ეს იქნება წერტილოვანი დარტყმა მხოლოდ სირიის მიმართულებით და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, სადაც მზადდება ქიმიური იარაღი.
საერთოდ, ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი სამხედრო აქციის ეფექტურობას 99%-ით განსაზღვრავს მიულოდნელობის ფაქტორი. რამდენადაც მოულოდნელია მეორე მხარისთვის დარტყმა, იმდენად დამანგრეველია ეს მისთვის. ამ დროს კი ძველი ბერძნებიდან და რომაელებიდან მოყოლებული, არსებული ყველა კანონი დაარღვია ტრამპმა, როდესაც ერთი კვირით ადრე გააფრთხილა მთელი მსოფლიო, პირველ რიგში, სირია, დედას გიტირებ და დაგარტყამო. ეს დრო სირიამ უკვე გამოიყენა. ყველაზე ეფექტური დარტყმა ის იქნებოდა, რომ ამერიკას საერთოდ მოესპო სირიის ავიაცია, მაშინ უკვე ქიმიურ იარაღსაც ვეღარ გამოიყენებდა სირია, რადგან, როგორც წესი, ბომბები თვითმფრინავებს მიაქვთ და თვითმფრინავები ყრიან ამ ბომბებს. სირიელებმა როგორც კი გაიგეს, რომ ამერიკა დარტყმას აპირებდა, მთელი თავიანთი სამხედრო თვითმფრინავები გადაიტანეს სამ ბაზაზე, სადაც რუსეთის ჯარი დგას. ეს არის ლატაკია, ჰმეიმინი და ტარტუსი.
სირიელები დარწმუნებულნი არიან, რომ ამერიკა რუსულ ბაზებს არ დაარტყამს.
- ამერიკა რუსულ ბაზებს არ დაარტყამს. ტრამპი გიჟი არ არის, უბრალოდ, ის თავისი ტვიტერით მთელ მსოფლიოს ასულელებს, თორემ თვითონ ძალიან ჭკვიანია. რაში აწყობს ტრამპს მსოფლიო ომამდე მიიყვანოს საქმე? ეს არავის აწყობს, არც ტრამპს და არც პუტინს.
სირიაში ავიადარტყმებზე საუბრისას რუსი პოლიტოლოგები არ მალავენ, რომ ორივე ქვეყანას - ამერიკასაც და რუსეთსაც არაპროგნოზირებადი ლიდერები ჰყავს და კაცმა არ იცის, რას მოიმოქმედებენ. პუტინის აგრესიული რიტორიკის მსგავსად, რომელმაც ამას წინათ ილუზორულად ბირთვული რაკეტები დაუმიზნა ამერიკის ერთ-ერთ შტატს - ფლორიდას, ტრამპის აგრესიული რიტორიკაც გაისმა - „მოემზადე, რუსეთო, სირიაში მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები წამოვა“. ეს ხომ არ არის იმის წინაპირობა, რომ ტრამპს პუტინთან კომუნიკაციაში უფრო ახლოს შესვლა სურს? ამისთვის ხომ არ ამზადებს ნიადაგს თავისი მკაცრი რიტორიკით?
- ეს ტრამპის სტილია, ჯერ ემუქრება და მერე სთავაზობს მოლაპარაკებას. ამ სტილმა გაამართლა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით. ორი თვის წინ კიმ ჩეინს ტრამპთან მოლაპარაკების, შეხვედრის გაგონებაც არ უნდოდა. როგორც ჩანს, ახლა მაისისთვის დაგეგმილია ეს შეხვედრა. ამერიკის ერთ-ერთ შტატზე პუტინის მიერ რაკეტების დამიზნება საჩვენებელი ვიდეო იყო, რუსეთის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი. ეს იყო გათვლილი რუსული არჩევნებისთვის, რუსი მოსახლეობისთვის. ამიტომაც ამერიკელმა სერიოზულმა ექსპერტებმა მეორე დღესვე დაწერეს, ჩვენ ახალი არაფერი გვინახავს, ეს ყველაფერი ვიცოდით, რაც აქვს პუტინს, რადგან ამის დამალვა არ შეიძლება. ტრამპის რიტორიკას რაც შეეხება, სარწმუნოდ მიმაჩნია სულ ახლახანს გაელვებული ცნობა იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეა, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს კონტაქტები, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის და, მეორე მხრივ, ნატოში რუს და ნატოს სამხედროებს შორის.
რამდენიმე დღის წინ ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინიტრის გამოსვლა მოვისმინე, ასეთი არასერიოზულობა უკვე აღარ მიკვირს, რომ თითქოს აპოკალიფსი იწყება, თითქოს ტრამპი გადაუვლის სირიას, რუსეთსაც ზედ მიაყოლებს. აქ მთავარია, რომ ტრამპი დაიმუქრა და ის ამას ვერ გადათქვამს, მან სახე უნდა შეინარჩუნოს და დარტყმა განახორციელოს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ეს დარტყმა იქნება მხოლოდ სიმბოლური. ატყდება ერთი აურზაური, ტრამპმა ეს რა ქნა, სირიას დაარტყაო, მაგრამ, სინამდვილეში, არანაირი სერიოზული ამ დარტყმას არ მოჰყვება. ჩვენ ასეთი დარტყმა ვნახეთ შარშანაც, როცა 99 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა ტრამპმა სირიის წინააღმდეგ. მაშინაც ქიმიური იარაღი გამოიყენა ასადის რეჟიმმა, მაგრამ მეორე დღეს ამერიკელი ჟურნალისტები წერდნენ, ჩვენ ჩავედით სირიაში, დავათვალიერეთ ეს ადგილები და საერთოდ ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ, მხოლოდ ერთი-ორი ძველი თვითმფრინავი იყო დამწვარიო. ახლაც სიმბოლური დარტყმა იქნება, რომ ტრამპმაც სახე შეინარჩუნოს და პუტინმაც სახე შეინარჩუნოს, რადგან ორივე ლიდერი არის გათამამებული, ამაყი, ემოციური, მამლაყინწა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომლებიც, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ შეეგუებიან დამცირებას. ამიტომ არც ერთი მათგანი მეორეს არ დაამცირებს, რადგან იციან, რომ დამცირებული დამცირებას არ გადაყლაპავს და რა მოჰყვება ამას, არავინ იცის. აქ კიდევ სხვა ფაქტორია - გარემოცვა.
დღეს სადამ ჰუსეინის სტილის დიქტატორი არც ტრამპია და არც პუტინი. მე არ ვიცი, რამდენად სწორია „ფორბსის“ დასკვნა, რომ 40 მილიარდი დოლარის ქონება აქვს პუტინს, მაგრამ დავუშვათ, გაზვიადებულია ეს 40 მილიარდი დოლარი და 20 მილიარდი აქვს. რისთვის უნდა ეს 20 მილიარდი პუტინს? იმისთვის, რომ მისმა შვილებმა, შვილიშვილებმა და თვითონ ისარგებლონ. ადრე თუ გვიან, ხომ გავა პენსიაზე? გარდა ამისა, რუსი მილიარდერების საქმიანობა როგორია? ისინი რუსეთში შოულობენ ფულს, მაგრამ ევროპაში ხარჯავენ, რადგან რუსეთში ამ ფულს ლამაზად ვერ დახარჯავ. ევროპული მასშტაბით ვერ იგრიალებ რუსეთში, სწორედ ევროპაშია იახტები, ღამის კლუბები, მილიონიანი სადილები, რესტორნები, ლამაზი ქალები. ევროპა ევროპაა მაინც. რუსი მილიარდერები ევროპაში ცხოვრობენ, მათი შვილები ევროპულ სკოლებში, უმაღლესებში სწავლობენ, მათი ცოლები ევროპული კლუბების წევრები არიან. რუსი მილიარდერები საკუთარი თვითმფრინავებით ჩადიან მოსკოვში თავიანთ ოფისებში, აქ მათ აქვთ ალუმინის, გაზის, ნავთობის, ქვანახშირის, კომპანიები. ასე რომ, მათ აწყობთ ახლა ომი?
ლავროვი იმედოვნებს, რომ დასავლეთი ერაყისა და ლიბიის სცენარით სირიაში ავანტიურას არ მოაწყობს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამერიკა აპირებდა სირიის დატოვებას და ტრამპიც აცხადებდა, დაე, ახლა სხვებმა იზრუნონ სირიაზე. ამჟამად ვინ „იზრუნებს“ სირიაზე?
- ტრამპმა ოთხი დღის წინ ტვიტერში დაწერა, როდის უნდა მოვშორდე სირიასო, მაგრამ სხვადასხვა მონაცემებით, იქ მაინც ჰყავს 2 ათასიდან 20 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი. ყოველ შემთხვევაში, სიტუაციის გამწვავების შემდეგ ტრამპი ამ ეტაპზე საკუთარ ჯარს ვერ გამოიყვანს სირიიდან.
თუკი ტრამპს პუტინთან კომუნიკაციამდე რუსეთის მიმართ ხისტი მიდგომების დემონსტრირება სჭირდება, რათა გონს მოიყვანოს პუტინი, მაშინ რა დათმობაზე შეიძლება დაიყოლიოს გონს მოსული რუსეთის ლიდერი?
- „რაკეტებისთვის მოემზადე, რუსეთო“, ეს უკვე ლირიკაა, ამ განცხადებიდან ათი წუთის შემდეგ ტრამპმა ტვიტერზე მეორე განცხადებაც დადო, სადაც პირდაპირ თქვა, რომ არანაირი მიზეზი რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობის გამწვავების არ არსებობს. ეს საშინელებაა იმ მხრივ, რომ მისთვის მიზეზი არც უკრაინა ყოფილა, არც სკრიპალების მოწამვლა, არც ქიმიური იარაღის გამოყენება. საქართველო ვიღას ახსოვს. უბრალოდ, ტრამპმა თქვა, არ ვიცი, რატომ გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა, რუსეთს არაფერი ცუდი არ გაუკეთებიაო. პრაქტიკულად, მისი განცხადება ამას ნიშნავდა. მოკლედ, დღეში ცხრაჯერ იცვლის ხასიათს. გარდა ამისა, ტრამპმა გუშინწინ გაავრცელა ცნობა, 24 საათში მე უკვე ზუსტი მონაცემი მექნება იმის თაობაზე, რომ ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი. არადა, ასადი ამას უარყოფს, რუსეთიც ამ ინფორმაციას უარყოფს.
ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ მას უტყუარი მტკიცებულებები აქვს, თითქოს სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო.
- დიახ, მაგრამ გავიდა ეს 24 საათი, ახლა უკვე სირიის ქალაქ დუმაში მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას სწავლობს, მაგრამ ისინიც უკმაყოფილონი არიან, ვინაიდან სირიის არმიის ნებართვით შევიდნენ იმ ტერიტორიაზე, სირიელები არავის უშვებენ იქ. ევროპელები ცოტა ფრთხილად არიან. იგივე ემანუელ მაკრონი, ტერეზა მეი ამბობენ, ჩვენც მივიღებთ სირიაში კოალიციურ ძალებთან ერთად მონაწილეობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეტი დამამტკიცებელი საბუთი გვექნება, რომ ასადმა გამოიყენა იარაღი. ეს მხოლოდ ტრამპი ამბობს, მე არ მაინტერესებს, ასადმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, თუ არ გამოიყენა, მე მივიღე გადაწყვეტილება, უნდა დავარტყა სირიასო. გუშინწინ ყველა ელოდა სიტუაციის აფეთქებას, მაგრამ სირიაზე დარტყმა მაინც იქნება, რადგან ტრამპმა სახე უნდა შეინარჩუნოს, უნდა დაისაჯოს ასადი.