„უნდა მოიძებნოს ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველს გააერთიანებს და არა ოპოზიციურ პარტიებს“

„უნდა მოიძებნოს ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველს გააერთიანებს და არა ოპოზიციურ პარტიებს“

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია. თუმცა, მოქმედ პრეზიდენტთან ამ საკითხზე ჯერჯერობით კონსულტაციები არ ყოფილა. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკითხს უკომენტაროდ ტოვებს. „ახალი მემარჯვენეების“ წევრი, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს განიხილავს.

მისი თქმით, ძირითად არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრს შორის კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. ნაჭყებიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ამ საკითხზე თავად პრეზიდენტ მარგველაშვილთან გეგმავენ შეხვედრას.

„საქართველოში სამწუხაროდ, პრაიმერი, ერთიან პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება არ გამოდის და არც გამოსულა არასდროს. კანდიდატი, რომელიც არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, იქნება ბევრად უფრო მისაღები. ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად განიხილება გიორგი მარგველაშვილი. რაც ყველაზე მთავარია, ამ ადამიანს ესმის რას ნიშნავს დემოკრატია და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი“, - აცხადებს მანანა ნაჭყებია.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მოქმედ პრეზიდენტი მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამის მიუხედავად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოიაზრებს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს, როგორც გოგუაძემ აღნიშნა, ჯერჯერობით კონსულტაციები არ დაწყებულა. თუმცა, მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა და კონსულტაციები სავარაუდოდ მაისიდან დაიწყება.

„გიორგი მარგველაშვილი არის პრეზიდენტი, რომელმაც ერთადერთმა შეინარჩუნა „ქართული ოცნების“ პირობებში ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა, მისი ღირებულებები და პრინციპებისადმი ერთგულება ყოველთვის ემთხვეოდა „თავისუფალი დემოკრატების“ პრინციპებსა და ღირებულებებს.

ის ჩვენი დიდი ხნის თანამებრძოლია და რაც მთავარია, იყო ძალიან კარგი პრეზიდენტი, პრეზიდენტი, რომელიც ყველას პრეზიდენტი იყო და არა რომელიმე ერთი პარტიის, რასაც ასე საყვედურობდა „ქართული ოცნება“ მას. თუ ბატონი პრეზიდენტი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, „თავისუფალი დემოკრატები“ მას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატს განიხილავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. კანიდიდატებზე კონსულტაციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. რომან გოცირიძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დაყენების იდეა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება სამართლიანი პროცედურით შერჩეული და მხარდაჭერილი ოპოზიციის მიერ და რომელსაც ექნება ყველაზე მეტი შანსი სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების. ოპოზიციას გამარჯვების დიდი შანსი აქვს სამი ფაქტორიდან გამომდინარე.

ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, მწიფდება არაფორმალური, არაკონსტიტუციური მმართველობის შეცვლის სურვილი და მესამე, იმედი გვაქვს, „ქართული ოცნება“ ივანიშვილის საკადრო გემოვნების ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს, როგორი მინისტრები და მერებიც ჰყავდა და ჰყავს ამჟამადაც. ამ საქმეში იგი ჩვენი მოკავშირეა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის პერსპექტივაზე ეჭვი შეაქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს სხვა კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ვერ გაუწევს. თუმცა ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მომეცით უფლება, რომ ეჭვი შევიტანო მოქმედი პრეზიდენტის პერსპექტივაზე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის მოძებნა ცოტა გაუჭირდება, მაგრამ თუ მაინც მოძებნიან, ვინც არ უნდა იყოს ის აუცილებლად წააგებს ბრძოლას „ქართული ოცნების“ კანდიდატთან. სხვა კანდიდატი ვერ იქნება ტოლი და სწორი „ქართული ოცნების“ კანდიდატის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ოპოზიცია და მით უფრო არასაპარლამენტო ოპოზიცია ამომრჩევლის მხარდაჭერით არ სარგებლობს, შესაბამისად, ამ ოპოზიციის მხარდაჭერა შანსებს უმცირებს გიორგი მარგველაშვილს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რეიტინგების გადაქაჩვა იქნება. მისი თქმით, მარგველაშვილს უფრო მაღალი აქვს რეიტინგი, ვიდრე ამ პარტიებს.

„ამდენად, მარგველაშვილისთვის წამგებიანია ასეთი მომხრეებით გასვლა არჩევნებზე. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელი ფიგურის როლში გასვლა, მისთვის უკეთესი იქნება. ოპოზიციის ამ ნაწილს უნდათ თქვან, რომ არსებობენ. მათ გონიათ, რომ მარგველაშვილის რეიტინგით მათი რეიტინგიც მოიმატებს. ამიტომ ცდილობენ შეყვნენ მარგველაშვილის რეიტინგს, მაგრამ შეიძლება პირიქით მოხდეს, დაბლა დაწიონ ეს რეიტინგი. იმიტომ, ეს ნაბიჯი მარგველაშვილის სასრგებლოდ არ იმუშავებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მარგველაშვილი ნამდვილად არის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელსაც შეიძლება ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს, მაგრამ მისი თქმით, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად იქნება ერთიანი მთელი ოპოზიცია.

„პარტიები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მარგველაშვილი იქნება მათი კანდიდატი, მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია. მაგრამ საბოლოო ჯამში აქ იმუშავებს არა მარტო პარტიების მცირე რეიტინგი, არამედ ის, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატს დაასახელებს. ეს არის მთელი პროცესი. ის, რომ მარგველაშვილის კანდიდატურაზე არის ლაპარაკი, ეს ნამდვილად კარგია, მაგრამ არ შეიძლება მხლოდ ერთ კანდიდატზე გაჩერება.

ალბათ, ოპოზიციამ მთლიანობაში სხვა კანდიდატებიც უნდა ეძებოს და განიხილოს. აქ ოპოზიციის პარტიულ რეიტინგზე არ არის საქმე. უნდა მოიძებნოს ისეთი კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურ ამომრჩეველს გააერთიანებს და არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს. ეს არის ოპოზიციის მთავარი ამოცანა. მარგველაშვილს აქვს თავისი პლუსები, მაგრამ აქვს მინუსები“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

„ასეთი ურეიტინგო პარტიების მხარდაჭერას მარგველაშვილისთვის ფასი ვერ იქნება“, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, ეს აქტივში ვერ ჩაეთვლება და უმჯობესია კენჭი იყაროს როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

„იმიტომ, რომ რეალურად ამ პარტიებს ამომრჩეველი არ ჰყავს. თუ ვივარაუდებთ, რომ ამას ნაციონალების ბანაკიც შეუერთდება (რაც, ალბათ, გამორიცხულია, რადგან მარგველაშვილს გაუჭირდება საკუთარი სიტყვების უკან წაღება და ნაციონალების სახელით კენჭისყრა), ეს მარგველაშვილის რეიტინგს ძალიან დააზიანებს. თუ მარტო ოპოზიციური პარტიები იქნებიან, ანუ მინუს ნაციონალები, ეს მარგველაშვილისთვის არაფრის მომტანი არ იქნება. ამიტომ უმჯობესია ცალკე იყაროს კენჭი, რადგან უფრო მეტი რეიტინგი ექნება. ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს რომელსაც ვირჩევთ მმართველობითი უფლება-მოსილება არ გააჩნია და რეალურად ის დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.