ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 6 აპრილს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღაროს ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე მაღაროში მყოფმა სამთო ოსტატმა და სამთო მუშებმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.
პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ტყიბულის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში პროფკავშირების ჩართვას ითხოვს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიაში პროფკავშირებს არ ჩართავენ, ყველას ეცოდინება, რომ „კვლავ რაღაცის დამალვას ცდილობენ“.
„კატასტროფაა, რაც ხდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად კანონმდებლობას ჯერჯერობით ვმიჯნავთ იმ უბედურებისგან, რაც ტყიბულს და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს, სანამ რეალობა არ გვეცოდინება, რისგან მოხდა ამ მასის ჩამოწოლა, როგორ წარმოიქმნა ჰაერის ტალღა“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
სახალხო დამცველი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. ომბუდსმენის განცხადებაში საუბარია 2015 - 2017 წლების სტატისტიკაზეც, რომელიც სწორედ ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა.
„მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე თვლის, რომ ტყიბულში მომხდარი ტრაგედია შედეგია იმისა, რომ ხელისუფლებამ მანამდე მომხდარი უბედური შემთხვევებიდან სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის.
„გაამკაცრეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა - ვინმეს გსმენიათ ამ სამსახურის შესახებ რაიმე?! აიკრძალა ურეცეპტოდ წამლების გაყიდვა - რა მივიღეთ შედეგად?! გაძვირებული ფასები და კვლავ განუკითხაობა ამ სფეროში. ასეთივე მდგომარეობაა შრომის უსაფრთხოების კუთხით... კანონებს გამკაცრება კი არ უნდა, არამედ აღსრულება! ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ცოდნა და სისტემის აწყობის უნარი“,- მიიჩნევს გოცირიძე.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ზურაბ გელენიძე აცხადებს, რომ აუცილებლად დადგება ადამიანის ან ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამგვარი გამოიკვეთება. გელენიძის თქმით, მისი კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ სიმართლე დადგინდება.
გელენიძის განმარტებით, პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების გამო არ მომხდარა, არამედ ადგილი აქვს სამთო დარტყმას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში, უსაფრხოების ნორმების დარღვევას სრულად გამორიცხავს.
„მერწმუნეთ, რომ იქ სათანადოდ ბიგები რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული და რომ არ ყოფილიყო სათანადო გამაგრება, გაცილებით მძიმე შედეგთან გვექნებოდა საქმე“, - განაცხადა გელენიძემ.
მისივე თქმით, ის ადგილი კომპანიისთვის დაკონსერვდება და მათ იქ ხელმისაწვდომობა არ ექნებათ.
„ამაზე ჩვენ თვითონ ვთქვით უარი. საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობისთვის სრული თავისუფლება მივეცით ყველას, მათ შორის, პროფკავშირებს. ჩვენ როგორც დამსაქმებელს, ძალიან მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი, ვინაიდან გვყავს ის ოჯახები და დაზარალებულები საპატრონო, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში არიან და პირველ რიგში მათ უნდა შევუმსუბუქოთ ყველანაირად ტკივილი“, - განაცხადა გელენიძემ.