„ლისის ტბის მიდამოებში ძალიან ბევრი ნაკვეთია გაცემული“

„ლისის ტბის მიდამოებში ძალიან ბევრი ნაკვეთია გაცემული“

„ლისის ტბის ტერიტორიის სწორად განვითარება აუცილებელია, რათა იქ ქაოტური განაშენიანება არ მივიღოთ“, - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ამ ტბის უმნიშვნელოვანეს რეკრეაციულ ფუნქციაზე საუბრობს.

მისივე განმარტებით, ლისის ტბის გარშემო მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე, მიმზიდველია თბილისელებისთვის. ამიტომ ამ ეტაპზე მიზანშეწონილია ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი.

ამ მხრივ ლისის ტბა ერთადერთი გამონაკლისი არ იქნება. დიღმის ჭალები, ვერეს ხეობა, მტკვრის კალაპოტი, - ეს ის ადგილებია, სადაც მშენებლობა, ასევე, შეიზღუდება.

For.ge-სთან საუბარში ტექნოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ორგანიზაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ მარტო ლისის ტბა კი არა, თბილისში რამდენიმე ათეული მდინარეა თავისი ხევებით, სადაც მშენებლობა არ შეიძლება. ის, რაც მდინარე ვერეზე მოხდა, ასეთი რამ ყველგან მოსალოდნელია. მდინარეების კალაპოტები რომ გაიყიდა, ეს საშინელება იყო. შესაძლოა, ათ, ოც და ოცდაათ წელიწადში იქ არაფერი მოხდეს, მაგრამ ოდესმე აუცილებლად მოხდება ამ მდინარეების ადიდება და, რაც გააკეთა მდინარე ვერემ, შეიძლება მონაგონი იყოს.

„საბჭოთა კანონმდებლობით, მდინარეების კალაპოტებში რაიმე სახის კაპიტალური მშენებლობა სასტიკად იკრძალებოდა. ამიტომ, თუ ასეთ ადგილებში დღესაც რაიმე აშენებულია, უნდა დაინგრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თუ ხვალ მას მაინც მდინარე დაანგრევს და მოხდება უბედურება. რაც შეეხება ლისის ტბას, მის მიმდებარედ განაშენიანება უნდა დასრულდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ უნდოდათ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის სასაფლაოდ გადაკეთება. ამისთვის წყლის მოდინება შეამცირეს, წყალი გადაკეტეს სადღაც, მილებით სხვაგან გადაიყვანეს. შედეგად, ლისის ტბა თითქმის კვდებოდა, მერე გაეხსნათ გონება და ისევ გააცოცხლეს ეს ტბა. ახლა ხელახლა ამ ტბაზე ხელის წაპოტინება დაუშვებელია. მით უმეტეს, იპოდრომიც იქით გადავიდა და ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი გამაჯანსაღებელი ადგილი ხდება. ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ იქ მაღლივი მშენებლობები აიკრძალოს, თბილისში 12 სართულზე მეტი კანონით არც უნდა აშენდეს. ამ დროს კი აშენებულია 30 და 40-სართულიანები. ეს ყველაფერი უკანონო და საშიშია“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ.

ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი ზურაბ ბაქრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ლისის ტბის შენარჩუნების მიზნით ქაოტური განაშენიანების აკრძალვა სწორი და დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. ეს გახლავთ სარეკრეაციო ზონა, რომელიც ძალზე სჭირდება ქალაქს სხვა სარეკრეაციო ზონებთან ერთად. ამიტომ ქალაქის მმართველობა ყველანაირად უნდა შეეცადოს, სარეკრეაციოდ შეინარჩუნოს ასეთი ტერიტორიები. ზურაბ ბაქრაძე დედაქალაქის მესვეურთ ურჩევს, ასეთივე მიდგომა გამოავლინონ მთაწმინდის, კუს ტბის ფერდების, მახათისა და ლოტიკის ფერდების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მიმართ, რათა ამ ადგილებშიც დანიშნული იყოს განაშენიანების ზღვარი, რომლის ზემოთაც ფერდები გადარჩება განაშენიანებას. ამით თბილისი შეინარჩუნებს თავის ლანდშაფტურ ფასეულობებს, გადარჩება მცენარეული საფარი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია.

მით უმეტეს, რომ გარდა სარეკრეაციო მნიშვნელობისა, თბილისის ზღვას კიდევ ის მნიშვნელობაც გააჩნია, რომ ეს არის სასმელი წყლის რეზერვუარი და მის გარშემო მშენებლობა არაფრით არ შეიძლება. ეს ნორმატივებითაც აკრძალულია და ყველა ფერდზე, რომელიც მიმართულია თბილისის ზღვისკენ და, საიდანაც ნალექები თბილისის ზღვისკენ ჩაირეცხება, მშენებლობა კატეგორიულად იკრძალება.

„მივესალმები ქალაქის მერის გადაწყვეტილებას ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებითი შეჩერების თაობაზე. ის, რომ ნაკვეთები გაყიდულია, ეს არის იმ ხელისუფლების დანაშაული, ვინც ეს გაყიდა. ახალმა ხელისუფლებამ გამოსავალი უნდა მოძებნოს. საკუთრების ფორმა არ განსაზღვრავს ამ ნაკვეთების გამოყენების რეჟიმს. შეიძლება, ადამიანს იქ საკუთრება ჰქონდეს, მაგრამ იმის გამო, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლება, შერჩება ეს ადგილი ისე, რომ ვერაფერს ააშენებს. თუმცა შეუძლია, ბაღი გააშენოს, ხეები დარგოს. თუ უფრო მეტზე წავა ქალაქის მმართველობა, შეიძლება დაფიქრდეს ადგილმონაცვლეობაზე, ან ადგილების გამოსყიდვაზე. რაც შეეხებათ ადამიანებს, ვინც უკვე ააშენეს სახლები ამ ნაკვეთებზე, იქ აშენებული სახლები და მიწის ნაკვეთები მიიღებენ შეუსაბამო ობიექტების სტატუსს. შეუსაბამობა ნიშნავს იმას, რაც კანონითაა გაწერილი, რომ მისი განვითარება მხოლოდ შეუსაბამობის შემცირების მიმართულებით შეიძლება.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ექსპროპრიაციის კანონი, რომლითაც, განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში, ქალაქმა მესაკუთრეს შეიძლება შესთავაზოს საბაზრო ფასი. ასეთ შემთხვევაში, საბოლოო სიტყვას ქალაქი იტყვის. მესაკუთრე ვერ იტყვის, რომ საბაზრო ფასზე მეტი თანხა სურს, რადგან თავის საკუთრებას რამდენსაც უნდა, იმდენ ფასს დაადებს. ამის უფლება არ ექნება, ამიტომ საბაზრო ფასზე უნდა დაეთანხმოს, ქალაქი გადაუხდის ამ ფასს და ეს ნაკვეთი გადავა ქალაქის საკუთრებაში“, - აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.

მისივე თქმით, ლისის ტბის მიდამოებში ძალიან ბევრი ნაკვეთია გაცემული, ზოგან სახლიცაა აშენებული. თანაც, საინტერესოა, რას ნიშნავს ტერმინი „ლისის ტბის გარშემო“. ამას დეფინირება სჭირდება, რადგან შეიძლება ლისის ტბის გარშემო ისეთი ნაკვეთები შენარჩუნდეს, რომლებიც უშუალო გავლენას არ ახდენს სარეკრეაციო ფუნქციაზე. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება თვალი დახუჭოს ქალაქმა, მაგრამ იმ სახლის მშენებლობა, რომელიც უშუალოდ უშლის ხელს სარეკრეაციო ფუნქციას, აუცილებლად უნდა შეჩერდეს.