პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სუს-ის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშს მომავალ კვირას განიხილავს. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ანაგრიში საინტერესო და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთულია. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სუს-ის საქმიანობის 80% ოპერატიულ-საიდუმლო საქმიანობას შეეხება, შესაბამისად, სხდომა დახურული იქნება.
სუს-ის ანგარიშში დეტალურად არის საუბარი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ჩატარებულ ღონისძიებებზე და მათ შორის გამოწვევებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო 2017 წელს ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლისას დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ტერორიზმის ბრძოლის კუთხით მუშაობისას გამოვლინდა ისეთი ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს.
„საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა ჯგუფი, რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ავრცელებდნენ რადიკალურ მოწოდებებს. აღნიშნულ პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
სუს-ის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, ქვეყანაში გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა, ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფონდები, მოახდინონ ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირება.
„საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები განსაკუთრებულ ძალისხმევას იჩენენ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის მოსაპოვებლად. სადაზვერვო სამსახურები მათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით ცდილობენ, შეიქმნან ინფორმაციის მოპოვების არხები სახელმწიფო სტრუქტურებში, კომერციულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში.
სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული და ტექნიკური შეღწევის აღკვეთა-გამოვლენის მიმართულებით, საფრთხეებისა და ინფორმაციის გაჟონვის პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ირკვევა, 182 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა ფორმა №4), ხოლო 10 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა. 184 ორგანიზაციაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება.
ამასთანავე, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 7 ათასამდე ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. 900-მდე პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი; 500-ზე მეტ პირს სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კუთხით. საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე.
ასევე, გამოიკვეთა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველი უცხო ქვეყნების წარმომადგენლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების დახმარებით, ახერხებენ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას და ინვესტიციების განხორციელების საბაბით ითხოვენ მუდმივი საინვესტიციო ბინადრობისა და შრომითი ცხოვრების უფლებებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინების საფუძველზე - მუდმივი ცხოვრების ნებართვას. მიგრაციული პროცესების მონიტორინგისას, ასევე გამოვლინდა სტუდენტის სტატუსით უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომელთა ნაწილი ცდილობს საქართველოში დამკვიდრებას.
გამოვლინდა საქართველოს 36 მოქალაქე, მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიები და აუდიტორული ფირმები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში ცხოვრების ნებართვების გაცემის მიზნით ამზადებენ სარეკომენდაციო წერილებს, ორგანიზებას უწევენ შესაძლო ფიქტიურ ქორწინებებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, გასცემენ ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს.
მიმდინარეობს მუშაობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშემწყობი პირების კავშირების დადგენისა და მათ საქმიანობაში შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოვლენის მიზნით. მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებები საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლის მიმართულებით, რომლებსაც შესაძლოა კავშირი გააჩნდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
ამავე ანგარიშის თანახმად, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.
„ჰიბრიდული ომის“ პირობებში სასურველი მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს ზეგავლენის იარაღად იყენებენ, ახორციელებენ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობას ფარული სპეციალური ღონისძიებების გზით.
საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ქვეყნების იმ სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში. მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.
სუს-ის ამ ანგარიშს პარლამენტს სავარაუდოდ, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური წარუდგენს. კანონის გათვალისწინებით, სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველ დოკუმენტს პარლამენტს, არაუგვიანეს 15 აპრილისა, სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე აცნობს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საკომიტეტო განხილვისას პარლამენტში, სავარაუდოდ, სუს-ის უფროსის მოადგილე მოვა, ხოლო პლენარული სხდომის ფორმატში დოკუმენტს ვახტანგ გომელაური წარადგენს.
„მისივე ინფორმაციით, ანგარიშის საკომიტეტო განხილვა მომავალ კვირას - აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება, მომდევნო სასესიო კვირას კი, პლენარულ სხდომაზე გავა. ძალიან საინტერესო ანგარიშია. აშკარად დავინახე, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტი ძლიერდება. უნარ-ჩვევები პერსონალს საკმაოდ უვითარდება. შესაბამისად, ანგარიში მეტი შინაარსით არის დატვირთული. კარგად მოგეხსენებათ, რომ სუს-ის საქმიანობის 80% ოპერატიულ საიდუმლო საქმიანობას მოიცავს, რაც, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ არ გამოვრიცხავს, რომ ანგარიში დახურულ რეჟიმში მოვისმინოთ“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.