„რაც უფრო უღირს კანდიდატებს შეარჩევს ოპოზიცია თავისი კვოტით, მით უკეთესი მმართველი გუნდისთვის“, - ასეთია პარლამენტრის თავმჯდომარის პოზიცია, უმრავლესობის მხრიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრად ნინია კაკაბაძეზე უკეთესი კანდიდატი ძნელად წარმოუდგენია.
პარლამენტმა სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილი კანდიდატი იზაბელა ოსიპოვა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდში 93 ხმით აირჩია. „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ნინია კაკაბაძეს კი მხარი 55-მა დეპუტატმა დაუჭირა, 12-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
კაკაბაძის არჩევა უმრავლესობის დაშლის წინაპირობა ხდება. საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რადგან მიიჩნევს - „თუ „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, ასეთ შემთხვევაში ჩემი ადგილი უმრავლესობაში არ არის“.
გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მმართველი გუნდის ერთი ნაწილი. „ქართული ოცნების“ წევრი, რომან კაკულია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმრავლესობიდან გადინებების ნიშნები არ შეიმჩნევა, მაგრამ სამომავლოდ როგორი განვითარება იქნება, ვერ იტყვის, რადგან კაკაბაძის არჩევის ფაქტმა აჩვენა, რომ მოულოდნელობებისგან დაზღვეული არავინ არის. როგორც დეპუტატი აცხადებს, როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა, ამასთან დაკავშირებით გუნდში არის მზაობა, რომ კონსულტაციების ხარისხი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რათა პოზიციების უფრო მეტი შეჯერება მოხდეს.
„ნინია კაკაბაძისთვის მხარი არ დამიჭერია, რადგან საკუთარი მოსაზრებები გამაჩნია. რაც შეეხება ფოფხაძეს, მან პირადი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ დროს უფრო მეტი კონსულტაციაა საჭირო გუნდის შიგნით, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. როცა ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, ეს ერთი კონკრეტული ფაქტის გამო არ ხდება. ალბათ, იყო ტენდენცია, რომელიც უფრო დიდი დროის განმავლობაში ყალიბდება და გადაწყვეტილებაც უფრო მყისიერი შემდეგაა. საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობითი ადამიანების გაერთიანებაა და საერთო ხედვის ჩამოყალიბება თუ არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება“, - აცხადებს რომან კაკულია.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომლის მხარდაჭერა ნინია კაკაბაძემ ვერ მიიღო, „ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილია, რადგან დეპუტატი პარლამენტის სხდომაზე არ იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ რომც ყოფილიყო, ნინია კაკაბაძის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში არჩევას მხარს არ დაუჭერდა.
„გედევან ფოფხაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა ძალიან სერიოზული რამ არის. ეს ნიშნავს - თუ ფასეულობები ასე გაიყო და ასე დანაწევრდა ყველაფერი, საგანგაშო სიტუაციაა იმ გაგებით, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა როგორ არის საჭირო. ვერაფრით ვხსნი, რა გაკეთდა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერით იმასთან შედარებით, რაც გაფუჭდა გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან წასვლით. მაშინ პირველ ჯერზე რატომ არ ავირჩიეთ ნინია კაკაბაძე? რა კეკლუცობა იყო, მაშინ პირველივე ჯერზე მიგვეცა ხმა“, -ამბობს ზაზა პაპუაშვილი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისთვის გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გედევან ფოფხაძესთან საუბარი ვერ მოახერხა, რადგან კენჭისყრის შემდეგ, ფოფხაძემ დარბაზი სწრაფად დატოვა.
„მისი პოზიციის შესახებ არ ვიცოდი. მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ მისთვის გადაწყვეტილების მიღება ემოციურად რთული იყო, მაგრამ მან გადაწყვეტილება ჩვენთან ერთად უნდა გააანალიზოს და ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ასეთი ფასეულობების მქონე ადამიანი იშვიათია. პირველივე დღიდან არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, არამედ ამ გუნდის გამორჩეული ლიდერი.
მგონია, რომ საკუთარ პოზიციას გადახედავს, რადგან შედეგები ვნახეთ, რომ ნინია კაკაბაძეს მხარი უმრავლესობის უმრავლესობამ არ დაუჭირა. უმრავლესობას გადაწყვეტილება უმრავლესობით არ მიუღია, თუ არ ვცდები, კენჭისყრაში უმრავლესობის 39 წევრი მონაწილეობდა, რაც უმრავლესობა არ არის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ჯერჯერობით უცნობია შეიცვლის თუ არა პოზიციას გედევან ფოფხაძე. „ევროპული საქართველოში“ თვლიან, რომ ბორდის წევრად კანდიდატის არჩევისას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან რელიგიური რწმენის გამოყენება არასწორია. სერგო რატიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, „საზოგადოებრივ მაუწყებლში“ იყოს პრინციპული ადამიანი, რომელიც იქნება საზოგადოების ინტერესების გამტარებელი.
„მადლობა უნდა გადავუხადო ყველა დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს არა „ევროპული საქართველოს“, არამედ ოპოზიციის კანდიდატს, რომელიც იქნება ოპოზიციის ხმა და რომელიც გამოირჩევა პრინციპულობით. მნიშვნელოვანია, რომ ბორდში იყოს განსხვავებული მოსაზრების ადამიანი, რომელიც დაიცავს საზოგადოების და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. სერიოზული პრობლემებია ტელევიზიაში - გადაქცეულია ბიძინა ივანიშვილის „2030“-ის პროექტად. ამ ფონზე აუცილებელია, რომ პრიციპული ადამიანი იყოს ბორდში“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
უმრავლესობიდან გასულ ფოფხაძეს პარტიაში ეპატიჟება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, რომელიც ფოფხაძის გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედს გამოთქვამს, რომ ფოფხაძე მათ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება.
„ის გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, მე ეს ყოველთვის ვიცოდი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი, ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ“, - აცხადებს ადა მარშანია.