ვისი მფარველობით მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები

ვისი მფარველობით მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით, საქართველო აქტიურად ჩართულია ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში და ამ მიზნით, საქართველოს შსს მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან, ევროპოლთან, ჩართულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სხვა საერთაშორისო ფორმატებში.

ასევე, საქართველოს მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში. როგორც ჭელიძე აცხადებს, სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოხდა იმ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს, შს სამინისტრო ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გადაზიდვა. ახლა გამოძიება იმას არკვევს, ვისი მფარველობით მოქმედებდნენ ნარკორეალიზატორები.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის საქმეზე გიორგანაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. იმის გამო, რომ მსახიობი ნარკოდანაშაულისთვის უკვე მსჯავრდებულია, მხოლოდ სახელმწიფო ბრალდებისთვის საგამოძიებო ვადისა და წინასასამართლო სხდომის თარიღი განისაზღვრა.

ბრალდებული „ბახალა“ ამბობს, რომ არანაირ კომპრომისმზე წასვლას არ აპირებს და აუცილებლად ეცდება „ავადმყოფური სისტემა“ დაასრულოს.

„არანაირ კომპრომისზე არ ვაპირებ წასვლას და მრცხვენია იმ პარლამენტარების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის დისკრედიტაციას, მოძრაობის დისკრედიტაციას, რომელიც ამდენი წელია ცდილობს ნარკოპოლიტიკის შეცვლას და პრეზიდენტის დისკრედიტაციას. აუცილებად ვეცდები დავასრულო ეს ავადმყოფური სისტემა“, - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ for.ge-მ 2018 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნა სტატია http://www.for.ge/view.php?for_id=51937&cat=3 სადაც დაკავებული აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის ოქმი N040240117065–ს თანახმად, გიორგი გიორგანაშვილი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მეთოთხმეტე კილომეტრზე 2017 წლის 25 იანვარს 03:23 საათზე დააკავეს. ოქმში საგამოძიებო სამუშაოების დასრულების დროც მითითებულია – 03:45.

ოქმის თანახმად, დაკავებულის ჩხრეკაში ორი დეტექტივი მონაწილეობდა ისე, რომ პროცესში ტექნიკური საშუალებები არ გამოუყენებიათ. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავების წინადადებაზე, თავისი ნებით წარმოედგინა დაკავებულს ამოსაღები ობიექტი, გიორგანაშვილმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რომელიც მიმდინარეობდა შემდეგ ვითარებაში:

„მშვიდ ვითარებაში, იძულებას ადგილი არ ჰქონია“, - ნათქვამია ჩხრეკის ოქმში. იქვე აღნიშნულია, რომ დაკავებულის ქურთუკის წინა მარჯვენა გარეთა ჯიბიდან გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში გახვეული მოთეთრო ფერის ოვალური ფორმის 45 ცალი აბი და აბის 4 ნატეხი ჰქონდა. დოკუმენტის ბოლო გვერდზე მითიებული ტექსტის - „პირადი ჩხრეკის ოქმს გავეცანით, იგი გამომძიებლის მიერ შედგენილია სრულად და სწორად. პირი რომელთანაც ჩატარდა პირადი ჩხრეკა“, - შემდეგ გარკვევით არის მითითებული ხელმოწერა „გიორგი გიორგანაშვილი“.

ბრალდებული მსახიობის ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ გიორგანაშვილი არანაირ ნარკოკარტელში ჩართული არ არის. საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რომელიც გიორგანაშვილის მიერ ჯაბა ხულორდავასთან ერთად რაიმე ქმედების განხორციელებას ადასტურებს.

„საქმის მასალებს ვეცნობი და ასევე მაქვს ინფორმაციები ჩემი კოლეგებისგან. ახალი ამ საქმეში პრაქტიკულად არაფერი არ არის. სარწმუნო მტკიცებულებების რა გითხრათ, მაგრამ იმის მტკიცებულება, რომ გიორგი გიორგანაშვილმა რაიმე მოქმედება განახორციელა ჯაბა ხულორდავასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში, არ არსებობს. ასევე მინდა შეგახსენოთ პროკურატურის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თავის დროზე ჯაბა ხულორდავას საქმეს გიორგანაშვილის საქმე გამოეყო, ვინაიდან მათ შორის კავშირი არ დადასტურდა“, - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

სკანდალური საქმის პროკურორის, ირინა ჩოჩიას განმარტებით, გიორგი გიორგანაშვილს ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც გამოძიებამ საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები შეკრიბა. როგორც ჩოჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯაბა ხულორდავა ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, თუმცა არა ერთადერთი. მისი თქმით, გიორგანაშვილის როლი ამ საქმეში საზღვარგარეთ ნარკოტიკების შეძენა და ხულორდავასთვის გადაცემა იყო.

კითხვაზე, რატომ წაუყენეს გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის მაშინ როცა მის წინააღმდეგ ჯაბა ხულორდავას ჩვენება 10 თვის წინ აქვს მიცემული, ირინა ჩოჩიამ განმარტა, რომ ბრალდებულების მიმართ საკმარისი მტკიცებულებების შეკრების შემდეგ, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გატარდა.

„ბრალდების მხარემ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი თუ სხვა სახის მტკიცებულებები, რომელიც ნამდვილად ადასტურებენ, რომ გიორგი გიორგანაშვილმა, ირაკლი ქორიძემ და ჯაბა ხულორდავამ ორგანიზებულად შეიმუშავეს გეგმა და გაინაწილეს როლები. გიორგანაშვილის როლი ამ შემთხვევაში იყო ის, რომ საზღვარგარეთ შეეძინა ნარკოტიკული საშუალებები, რაც თურქეთის ტერიტორიაზე გადასცა ჯაბა ხულორდავას, რომელმაც რეანომობილის მეშვეობით 900 აბამდე ნატკოტიკული საშუალება შემოიტანა საქართველოში“, - განაცხადა ირინა ჩოჩიამ.

რაც შეეხება ირაკლი ქორიძეს, რომელმაც გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოიტანა დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალება, პრეზიდენტმა შეიწყალა. ქორიძე პირველი ლედის, მაკა ჩაჩუას სიძეა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი საკუთარ ნათესავებს იწყალებს. შეწყალების გამო, გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. ამჯერად, პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობამ ნარკორეალიზატორების მფარველობაში დაადანაშაულა.

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქორიძის შეწყალებას ეკა ბესელია ითხოვდა. როგორც ელისაშვილი აცხადებს, ბესელიამ დასკვნა გაუგზავნა შეწყალების კომისიას, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქორიძე პოლიტპატიმარი იყო. მისივე განცხადებით, ბესელიამ არა მხოლოდ დასკვნა, არამედ ქორიძის გასათავისუფლებლად რეკომენდაციაც დაწერა.

წერილში, რომელიც ეკა ბესელიამ პრეზიდენტს გაუგზავნა აღნიშნულია, რომ ქორიძე სასჯელს არა ნარკოტიკის შემოტანის, არამედ პოლიტიკური დევნის გამო იხდის. წერილთან ერთად პრეზიდენტს მომზადებული დასკვნა და დისკი გაეგზავნა.

შეწყალებიდან 4 წლის შემდეგ ქორიძე იმავე ბრალდებით დააკავეს. უმრავლესობა ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა უნდა აიღოს და არა ეკა ბესელიამ, რომელიც მარგველაშვილისგან ითხოვდა ქორიძის შეწყალებას.

მმართველი გუნდის შემდეგ, ირაკლი ქორიძის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტს „ევროპული საქართველო“ დაუპირისპირდა. როგორც სერგი კაპანაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ათავისუფლებდეს პოლიტპატიმრებს, ის ხელმძღვანელობს სხვა ტიპის წერილებით. დეპუტატის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ნიშნით დაკავების პრობლემა, ისევე როგორც პატიმრების ციხეებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პრობლემა.

„საქართველოში დღეს მართლაც არიან პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი, რომელზეც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მართლა ათავისუფლებდეს პოლიტიკურ პატიმრებს, ჩვენ როგორც ვხედავთ, ის ხელმძღვანელობს სხვა ტიპის წერილებით, რომელსაც ის იღებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.