„საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა არ ეჩქარებათ, ჯერ ივანიშვილის კარზე „პირველი ვეზირის“ პოსტისთვის იბრძვიან“

„საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა არ ეჩქარებათ, ჯერ ივანიშვილის კარზე „პირველი ვეზირის“ პოსტისთვის იბრძვიან“

ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ გახდა დღის თემა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სააკაშვილი მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც წესი, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციული და დესტრუქციუილი ქმედებებიც გახშირდება. ამის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება ქვეყანაში ნაკლებად იგრძნობა - სახელისუფლებო გუნდები სხვა, მათთვის ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით არიან გართული - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დღესვე უნდა შეიცვალოს, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ და როგორც თავად ამბობს, საქართველოში ჩამოსასვლელადაც ემზადება. ეს მისი მორიგი პროვიკაციული განცხადებაა თუ არსებობს ფონი, რომ პოლიტიკური კარიერის გაგრძელება ახლა საქართველოში სცადოს?

- ამ კაცმა ისიც ვერ გაარკვია, სად აპირებს ჩამოსვლას აქ, თუ - უკრაინაში. ორი-სამი დღის წინ ასეთივე განცხადება გააკეთა, რომ როგორც არ უნდა შეუშალონ ხელი, უკრაინაში ჩავა. რამდენგან უნდა ჩავიდეს და რა უნდა გააკთოს, ყოვლად გაუგებარია. შანსი, რომ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არსებული ხელისუფლება შეცვალოს, არ არსებობს. თანაც, საპრეზიდენტო არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება.

მისი განცხადებით, სავარაუდოდ, ამ არჩევნების შემდეგ აქვს ხელისუფლების შეცვლის გეგმა...

- გეგმა კი არა, მგონია, უბრალოდ, ენა ექავება. როგორც ჩანს, სადაც არის ყოველდღიურ ეთერში იქ ვერ ხვდება, ერთადერთი საქართველოა, სადაც, რაც უნდა თქვას, მედია აპიარებს და სულ ეს არის. არანაირი სხვა შანსი არ აქვს და მე თუ ვინმე მკითხავს, თავისუფლად მივცემდი საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას და შევხედავდი, რისი გამკეთებელი იყო... რეალურად, ამ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, ხელისუფლების შეცვლის შანსი არ გააჩნია, რაც არ უნდა ცუდად წაუვიდეს ამ ხელისუფლებას საქმე.

ოპოზიციური ჯგუფები იმაზე უნდა დაფიქრდნენ, რომ როგორმე რეალური ოპოზიციური წარმონაქმნი შექმნან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და სააკაშვილის ყოველი ასეთი განცხადება საპირისპირო შედეგს იწვევს - უკვე გაუგებარია ამით სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება თუ „ქართულ ოცნებას“ - მგონია, რომ ამ უკანასკნელს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი და არც ოპოზიციის მხრიდან იგრძნობა აქტიურობა და არც ხელისუფლების მხრიდან. მიზეზი ის არის, რომ ნაკლებად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები?

- წონიანი ოპოზიცია არ არსებობს და ხელისუფლებას არ ეჩქარება. ოპოზიციაც ვერ ჩამოყალიბდა და არავინ იცის რას გააკეთებს. ხელისუფლებას სტრუქტურები გამართული აქვს, მხოლოდ კანდიდატის დასახელება სჭირდება და ამასაც როგორმე მოახერხებს. როგორც კი რეალური მოწინააღმდეგე გამოჩნდება - ვგულისხმობ რეალური ოპოზიციური კონტურების ან რეალური კანდიდატის გამოჩენას, რომელიც ხელისუფლებისთვის მეტ-ნაკლებად სახიფათო იქნება, ასეთ შემთხვევაში პროცესი გააქტიურდება. ხელისუფლება ჯერჯერობით დინებას მიჰყვება. ოპოზიციას უფრო აქვს საფიქრალი, რომ რაღაც შედეგი დადოს, მაგრამ არ ეტყობა, რომ რამეს აკეთებს.

ოპოზიციური გუნდის პრეზიდენტი საქართველოს დემოკრატიულობის იმიჯსაც აამაღლებდა დასავლეთის თვალში და ხელისუფლებასაც ნაკლებ საფრთხეებს შეუქმნიდა ქვეყნის შიგნით. თავად ოპოზიციისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც შეეცადოს სწორი გათვლების გაკეთებას?

- საპრეზიდენტო არჩევნების მიხედვით გამოიკვეთება, დაახლოებით რას უნდა ველოდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ხელისუფლების რეალური ცვლილების საკითხი დადგება. ამჟამად ამომრჩეველი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ დაუმარცხებელია, ამას თავისი მიზეზიც აქვს - დიდი წარმატებით მოიგო უკვე ორი არჩევნები და თუ საპრეზიდენტო არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოიგებს, ჩათვალეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებისთვის ნახევარი გზა გავლილი აქვს. ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამ, თუ უნდა, რომ ძალაუფლებას თუ ვერ მოიპოვებს, მნიშვნელოვანი როლი მაინც შეასრულოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა მაინც შეძლოს. თუ ამას გაიაზრებენ, ასეთ შემთხვევაში მიხვდებიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება თუ არა, ხელისუფლებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევაც კარგ სასტარტო პირობებს შეუქმნის 2020 წლისთვის.

ეს ინსტიტუცია პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად ოპოზიციას ბევრს არაფერს აძლევს, სამაგიეროდ, მიღებული შედეგით შეძლებს, გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე მომავალი, საპარლამენტო არჩევნებისთვის - დღეს ეს გამოკვეთილი ფუნქცია აქვს საპრეზიდენტო არჩევნებს და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებ კანდიდატზე უნდა შეაჩერონ არჩევანი.

მაგალითად, „ნაციონალების“ ან „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები ვერ მიიღებენ მაქსიმალურ ოპოზიციურ ხმებს, ვერც ბურჯანაძე და ნათელაშვილი - ამ პრინციპით უნდა გაიცხრილოს კანდიდატები და ასე მოძებნონ შესაბამისი კანდიდატი.

ამ პრინციპით შესაძლოა, არც არავინ დარჩეს - გეგულებათ, ოპოზიციური ძალა ასეთ მოთხოვნებს რომ პასუხობდეს ?

- პოლიტიკური ძალა თუ არა, მაშინ პოლიტიკური ლიდერი უნდა მოიძებნოს ისეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად, ყველა ოპოზიციურ ხმას გააერთიანებს, ამ შემთხვევაში ოპოზიციურ ძალებს არ ვგულისხმობ... თუ ამას არ გააკეთებენ, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებიან.

ასეთ შემთხვევაში მოგვიწევს დალოდება, როდის გამოეყოფა ხელისუფლებას შედარებით ძლიერი ოპოზიციური ძალა და ეს სავარაუდოდ 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნება მოსალოდნელი?

- დღევანდელ მსოფლიოში იმდენად ელვისებურად იცვლება პროცესები, რომ არავინ იცის როდის რა მოხდება. დღეს საქართველოში ჩუმად სახიფათო სიტუაციაა - არის დიდი იმედგაცრუება, მაგრამ არ არსებობს აგრესია. თუმცა იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს დაპირისპირებაში. ასეთი რამ უკვე იყო 2007 წელს - საზოგადოების განწყობას ვგულისხმობ... ასეთ თემებზე უნდა იფიქროს ოპოზიციამ თუკი პოლიტიკურ ველზე დარჩენა სურს.

საპრეზიდენტო კანდიდატებს რაც შეეხება, ვიცით, რომ შესაძლოა, მარგველაშვილი ვიხილოთ ერთ-ერთ კანდიდატად, მაგრამ ვინ იქნება მის უკან, ეს უცნობია. უკვე იგრძნობა სახელისუფლებო გუნდებიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობა - მაგალითად ხმაურდება სტატისტიკა მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენი ადამიანი ჰყავს შეწყალებული, ალბათ, სხვა მონაცემებსაც უნდა ველოდეთ და როგორც კულუარებში ითქვა, ქუმსიშვილის გუნდი უტევს... რამდენად ძლიერი კანდიდატია მარგველაშვილი?

- ეს ნიშნავს, რომ სახელისუფლებო გუნდი წინასწარ იზღვევს თავს. მარგველაშვილი შეიძლება მოვიაზროთ ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა თავად არ ჩქარობს და სწორიცაა - მაისის ბოლომდე შეუძლია, არ გაამჟღავნოს იყრის თუ არა კენჭს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, თუ სახიფათო კანდიდატად მიაჩნია და ამიტომ ჩქარობს მის განქიქებას, შესაძლოა, ამან არჩევნებამდე არც იმუშაოს და პირიქით ხელისუფლების მიმართ წარმოიქმნას საპირისპირო მუხტი...

შეიძლება იყოს მარგველაშვილიც, მას აქვს პლუსებიც და მინუსებიც, მაგრამ ოპოზიციამ სხვა კანდიდატზეც უნდა იფიქროს.

ხელისუფლებას სრული კარტბლანში აქვს, ისეთი ვითარებაა, ვისაც დაასახელებს, ყველა მოიგებს. ამიტომაც დიდად არ იტკიებს თავს კანდიდატის შერჩევაზე და როგორც ვხედავ, უფრო შიდა პროცესებით არის დაკავებული - რამდენიმე ჯგუფია „ქართულ ოცნებაში“ და სავარაუდოდ, ივანიშვილის კარზე „პირველი ვეზირის“ პოსტისთვის იბრძვიან - „პირველი ვეზირი“ კი მოგეხსენებათ, ქვეყანას მართავს. პრეზიდენტი ვინ იქნება ამ პროცესის თანმდევია - როგორც ჩანს, იქაც არ არიან ამ საკითხზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული.