„პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის საბჭოს სხდომების საჯაროობა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ნაღმზე“

„პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იუსტიციის საბჭოს სხდომების საჯაროობა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ნაღმზე“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს მოსამართლე წევრ სერგო მეთოფიშვილს, მუქარაში ადანაშაულებს. როგორც დოლიძე აცხადებს, როდესაც საბჭოს წევრებს მიუთითა, რომ არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ ადგილი აქვს ჯგუფურ ჩაგვრას, საპასუხოდ მეთოფიშვილმა ის კრიტიკული განცხადებები შეახსენა, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის დროს გააკეთა. დოლიძის განცხადებით, მეთოფიშვილმა განუმარტა, რომ მისი განცხადებები შესაძლოა, განხილული იქნას სისხლის სამართლის კოდექსის ჭრილში.

სერგო მეთოფიშვილის ამ განცხადებას მუქარად მიიჩნევს საბჭოს კიდევ ერთი არამოსმართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, კოლეგა რომელიც ოპონირების რეჟიმშია და კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს, ამ დროს საბჭოს მოსამართლე წევრი მიუთითებს იმაზე, რომ სსკ სჯის ადამიანს, რომელიც ერევა საბჭოს წევრის საქმიანობაში და უთითებს 365-ე მუხლზე, ეს საზოგადოების მხრიდან ადეკვატურად უნდა შეფასდეს.

ნაზი ჯანეზაშვილი ირაკლი კობახიძეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ღიაობა კანონმდებლობით განისაზღვროს. ჯანეზაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის წინანადაებას გაითვალისწინებს. რაც შეეხება მეთოფიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ის აპირებს, რომ იუსტიციის იუმაღლეს საბჭოს წევრებს უახლოეს მომავალში წარუდგინოს საკუთარი ინიციატიავა საბჭოს სხდომის დახურვის თაობაზე, ჯანეზაშვილი აცხადებს ამ განცხადებითაც ჩანს, რომ საქმე სერიოზულად არის.

„დემოკრატიული მმართველობის პრინციპია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო იყოს აუცილებალად ღია. საზოგადოებას მიაწოდოს სრული, ყოველმხრივი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ და პირველ რიგში, როდესაც კოლეგიურ ორგანოზეა საუბარი, ეს უნდა იქნა უზრუნველყოფილი სხდომების საჯაროობით. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ სხდომებზე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიღებ გადაწყვეტილებებს. მე ვერ გეტყვით ვერაფერს იმ სხვა წევრებზე, რომლებიც კარს მიღმა მსჯელობენ უმეტესი გადაწყვეტილების თაობაზე და ასე იღებენ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი სხდომების დახურვას იმ მოტივით ითხოვს, რომ სხდომები დაემსგავსა რეალითი შოუს. მეთოფიშვილი ამტკიცებს, რომ ღია სხდომების დახურვას საბჭოს რამდენიმე წევრი მხარს უჭერს, თუმცა არ აკონკრეტებს ვინ უჭერს მხარს მის ინიციატივას.

„საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმღლესი საბჭოს სხდომის ტრიბუნას პოპულისტური განცხადებების გაკეთებისთვის იყენებს, ხოლო იმისთვის, რომ საბჭო რეალითი შოუს არ დაემსგავსოს, უმჯობესია, დაიხუროს. ჯერ ერთი, ეს პირველად არ მითქვამს, ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ადრეც მქონდა გამოხატული. დღესაც ვმუშაობ ამ საკითხებთან მიმართებაში. ის ფორმა, რომ ზოგჯერ სხდომა რეალითი შოუში გადაიზრდება, არ მომწონს. მარტო მე კი არ მომწონს, კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს არ მოსწონთ. ალბათ, მაშინ როცა დავაყენებ ჩემს წინადადებას, გამოჩნდება, ვისზეა საუბარი“, - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

მოსამართლე მეთოფიშვილის ინიციატივის დამტკიცებას 15 დან რვა წევრის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნულ ინიციატივას სააჯაროდ მხარს საბჭოს არც ერთი წევრი არ უჭერს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს სერგო მეთოფიშვილი საკუთარ ინიციატივაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია სხდომების დახურვას ეხება.

„ეს ბატონი სერგოს მოსაზრებაა, რომელიც გააჟღერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მას ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება ადრეც ჰქონდა გამოთქმული. კონკრეტულად რას მოიცავს თავის თავში ინიციატივა, ეს დეტალები საბჭოს სხდომის დღის წესრიგში არ ყოფილა გამოტანილი. შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან მეც იმდენივე ვიცი, რამდენიც თქვენ“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომების საჯაროობამ დაანგრია „პოტიომკინის სოფელი“, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოსთან მიმართებაში არსებობდა. მისი თქმით, იმ შემთვევაში, თუ იუსტიციის უმაღესი საბჭოს საჯარო სხდომა დაიხურება, ეს ავნებს არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლებისა და საჯაროობის კუთხით. დოლიძე წინადადებით მიმართავს პარლამენტს, რომ იუსტიციის უმაღესი საბჭოს სხდომის საჯაროობა რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ კანონის მეშვეობით.

„მთავარი ვალდებულება პარლამენტს აქვს, რომ კანონში ჩაიწეროს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები არის საჯარო. ეს რომ დღეს კანონში არ წერია, ესეც პარლამენტის ბრალია. ეს არის რეგლამენტში და ის სამწუხარო რეალობა არსებობს, რომ მათ მართლაც შეუძლიათ შეცვალონ რეგლამენტი, მაგრამ აქ გახლავთ პირდაპირ პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობა კანონის მეშვეობით, რადგან ჩვენ არ ვიყოთ ნაღმზე. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მივმართავ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში შექმნილ მძიმე კრიზისის მოგვარებას სხვა ფაქტორებთან ერთად რეალური საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.

„აუცილებელია, კონკრეტული, პრიორიტეტული მიმართულებებით გაგრძელდეს და დროულად მოხდეს საკანონმდებლო ცვლილების გატარება - ეს მოიცავს საბჭოს საქმიანობის დარეგულირებას კანონით, იუსტიციის სკოლის დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნას, დისციპლინური სამართალწარმოების წესის პროცედურების საფუძვლების გამართვას და ბევრი სხვა საქმეა გასაკეთებელი. ამ მიმართულებით დრო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამიტომ რეფორმა ძალიან სწრაფადაა გასატარებელი, ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი, რომლის განცხადებით, მოლოდინი არის, რომ პარლამენტი რეალურად დროულად მიიღებს ცვლილებას.

იურისტი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ სასურველი იყო სასამართლოში უფრო მეტად ჩატარებულიყო რეფორმა, მაგრამ იმის თქმა, რომ არაფერი შეცვლილა, სწორი არ იქნება. მისი თქმით, პირველ რიგში აქ მთავარია ორი საკითხი - სასამართლო უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი და გარედან პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ მის საქმიანობაში და მეორე - რამდენად შესაძლებელია ავტორიტეტშელახული მოსამართლეები დარჩნენ, ან ხელმეორედ გადაინიშნონ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მხოლოდ შეკვეთებს ასრულებდნენ და არ ჰქონდათ ნდობის მანდატი.

„თუ ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რატომ ერთი ხელის მოსმით არ გაუშვა ყველა მოსამართლე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა, ვფიქრობ, რომ არ იქნებოდა სწორი. ეს იქნებოდა პირდაპირი ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ის იყო სწორი, როცა ვადების ამოწურვის შემდეგ ხელახლა გაუგრძელეს ვადა.

ამ შემთხვევაში მივდივართ ერთ მომენტამდე, ვინ ნიშნავს ამ მოსამართლეებს? - მოსამართლეებს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის 8 წევრი დანიშნულია სასამართლო სისტემიდან. ეს შემადგენლობა დაგვიტოვა კუბლაშვილის სასამართლომ, როდესაც ღია კენჭისყრით აირჩეს უმაღლესი საბჭოს ეს წევრები. კორპორაციული სოლიდარობა ჰქონდათ“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

იურისტი ფიქრობს, რომ ბევრი დამნაშავე მოსამართლე იყო თვითონ იუსტიციის საბჭოში, რომლებიც აპრავებდნენ იმ უკანონობას, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება ჩადიოდა.

„ვინაიდან ისინი ნიშნავდნენ, ამიტომ, უნდა მიღებულიყო რაღაცა ახალი კანონი, საკანონმდებლო ბაზა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის წესს შეცვლიდა. ეს იქნებოდა ერთადერთი სწორი გზა და არ გვექნებოდა სააკაშვილის ხელისუფლების გადმონაშთი.

ეს პრეტენზია არსებობს პარლამენტის მიმართ. რა თქმა უნდა, აქ იუსტიციის მინისტრს უფრო მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინა, პარლამენტისთვის მოეთხოვა ამ ახალი კანონმდებლობის მიღება. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, შეიძლება პრეტენზიები წაუყენო თეა წულუკიანს, პარლამენტს და მთელ ხელისუფლებას“, - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი.