საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალი დაუმძიმა.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 მარტს დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორმა ირაკლი ქორიძემ 2017 წლის იანვარში თავის ნაცნობებთან გიორგი გიორგანაშვილსა და ჯაბა ხულორდავასთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს.
ქორიძის ფინანსური დახმარებით გიორგანაშვილმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი. ქორიძემ ნარკოტიკის შემოსატანად მამამისის კუთვნილი შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ რეანომობილი გამოიყენა, რომლის მძღოლად ჯაბა ხულორდავა ჰყავდა მიღებული.
ქორიძემ ცრუ პაციენტიც იპოვა და რეანომობილით ტრაპზონში გაემგზავრნენ, თითქოს, სისხლის ანალიზის ასაღებად - პაციენტს კი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანიც გააყოლა.
თურქეთის მიმართულებით მიმავალი რეანომობილი გზაში გაფუჭდა, ქორიძემ სხვა რეანომობილი გამოიძახა, რომელსაც ხულორდავაც გაჰყვა, ვინაიდან, გეგმის შესაბამისად, სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ტრაპზონში გიორგანაშვილს და საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები რეანომობილით წამოეღო.
რეანომობილში, სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალული ნარკოტიკი 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში.
რეანომობილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2017 წლის 24 იანვარს თბილისი-სენაკი-ლესელიძის მე-17 კილომეტრზე დააკავეს და მძღოლის მითითებით, რეანომობილში არსებული სამალავიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - ამჟამად ხულორდავა უკვე მსჯავრდებულია.
2018 წლის 31 მარტს სამართალდამცველებმა ორგანიზატორიც დააკავეს.
ვინაიდან გიორგი გიორგანაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის იხდიდა სასჯელს, მას ბრალდება დაუმძიმდა - ამჟამად ქორიძისა და გიორგანაშვილსთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
როგორც შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განმარტა, გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.
ჭელიძის განმარტებით, გიორგი გიორგანაშვილისთვის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს იძლევა შემდეგი მტკიცებულებები:
ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, ირაკლი ქორიძის, გიორგი გიორგანაშვილის და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები.
„ამ დროისთვის, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი გიორგანაშვილს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, წარედგინა ახალი ბრალი. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს კი, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს პატიმრობა უკვე შეეფარდა“, - აღნიშნა ჭელიძემ.
თავის დროზე, როდესაც მსახიობი დააკავეს, მისთვის მისჯილმა 8-წლიანმა სასჯელმა საზოგადოების და ოპოზიციის ერთი ნაწილი აღაშფოთა და გიორგანაშვილის დასაცავად საპროტესტო აქციებიც კი მოეწყო.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და „ბახალას“ ნარკოტიკი ჩაუდეს.
„რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა, დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში?“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.
მისივე თქმით, „თეთრმა ხმაურმა“ და პლატფორმამ, რომელიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ჩართვას ცდილობს, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.
მომხდარს მინისტრთა კაბინეტიდან სოზარ სუბარი ეხმაურება და როგორც განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი აღნიშნავს, როცა საუბარია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე, უნდა გამკაცრდეს ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მომავალსა და მომავალ თაობას საფრთხეს უქმნიან. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, გარდა იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, გამოძიება დადგენს ყველა დეტალს და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. ზოგადად, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ნარკოტიკის გამავრცელებელი არის თითოეული ჩვენი მოქალაქისა და ზოგადად, კაცობრიობის მტერი“, - განაცხადა სუბარმა.