თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, „სითი ინსტიტუტს“ მიეცა ვადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულოს. საბოლოო დოკუმენტაცია 1-ელ ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი. დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და როგორც მერი აცხადებს, მისი უწყება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებას.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება და მმართველი გუნდისთვის პრინციპული საკითხია ქალაქის სწორი განვითარება. ელოშვილი მიიჩნევს, რომ მერიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება, ერთობლივი ინტენსიური მუშაობის პირობებში, 2 თვის ვადაში შესაძლებელია.
„გვინდა ვიყოთ სამართლიანები და შესაბამისად, გვინდა მათთან ვითანამშრომლოთ. 2 თვე არ არის ისეთი გრძელი ვადა, რომ ვერ მოითმინოს ქალაქმა, მოსახლეობამ და ჩვენც“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი თვლის, რომ ამ სქემით რეალობასთან ადაპტირებულ გენერალურ გეგმას ელოდებიან.
მერიის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოც ეხმაურება - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნია თვლის, რომ ამაზე უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.
„ეს მიდგომა აჩვენებს, რომ ყველა ეტაპზე საქმიანი და კონსტრუქციული იყო მერია ამ დოკუმენტის და მისი ავტორების მიმართ. ისიც ნათლად გამოჩნდა, რომ ამ საკითხის ირგვლივ არასაქმიანი და არაკონსტრუქციული გარემოს შექმნა მხოლოდ ოპოზიციის ინტერესში იყო“, - განაცხადა გაბუნიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძეც მიიჩნევს, რომ კახა კალაძემ ამ შემთხვევაშიც გონივრული გამოსავალი შეარჩია, როდესაც „სითი ინსტიტუტს“ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად კიდევ ერთი შანსი მისცა.
„თბილისის მერმა დაამტკიცა, რომ მას თანამშრომლობის დიდი რესურსი აქვს და დედაქალაქის ინტერესები მისთვის ამოსავალი წერტილია“, - თვლის ენუქიძე.
მისივე შეფასებით, „სითი ინსტიტუტს“ კიდევ ერთი შანსი მისცეს, რომ დაასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოადგება თბილისს და კერძო კომპანიასაც არ დააზარალებს. როგორც ენუქიძე აცხადებს, ერთადერთი გაუგებარი ეპიზოდი ამ ამბავში ოპოზიციის ნაწილის ისტერიული ფონი იყო.
უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ კი აღნიშნა, რომ ოპონენტების ისტერიული განცხადებები სრულიად უსაფუძვლო და სკანდალზე ორიენტირებული იყო, ხოლო თბილისის მერმა რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა.
„ვფიქრობ, არ იქნება ადვილი აშკარა ხარვეზების გამოსწორება. ამასთანავე ამოსავალი წერტილი ისაა, რომ გენერალური გეგმის პროექტის ავტორების და კახა კალაძის მიერ თბილისელებისათვის მიცემული პირობის პათოსი ემთხვევა ერთმანეთს - ჩვენ ჯანსაღ, ევროპული სტანდარტების ქალაქში უნდა ვიცხოვროთ“, - მიიჩნევს ვოლსკი.
ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ გენგეგმის ირგვლივ ატეხილმა ხმაურმა მერია აიძულა, უკან დაეხია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, მერიის ეს გადაწყვეტილება ახლა მისაღებია და იმედს იტოვებს, რომ ზაფხულში გენგეგმა დამტკიცდება.
რაც შეეხება თავად „სითი ინსტიტუტს“, რომლის ირგვლივ ბოლო დღეებში ხმაური არ წყდებოდა, მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ეთანხმებიან თბილისის მერიას.
„მერიას უნდა დასაბუთება კიდევ უფრო მკაფიო იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელებს ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ“, - განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ.
სალუქვაძის განმარტებით, არც „სითი ინსტიტუტს“ და არც თბილისის მერიას არ სურს, გენგეგმა თაროზე შემოიდოს.
„პრინციპული დოკუმენტი, რომელიც შევთავაზეთ, მერიისთვისაც არის მისაღები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია დასაბუთებები, თუ როგორ უნდა მოიქცეს მერია ამა თუ იმ შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კერძო საკუთრებებს. სამწუხაროდ, ქალაქის განვითარების ისტორია ვიცით - ძალიან ბევრი ნაკვეთია აბსოლუტურად შეუსაბამო ტერიტორიაზე გაცემული. სწორედ ამაზე უფრო დეტალურად იქნება საუბარი, რომ შევჯერდეთ მერიასთან და შემდეგ ეს გენგეგმა რეალურად განხორციელებადი იყოს“, - განაცადა მამუკა სალუქვაძემ.