„რუსები ახლა გაფსიხებულები არიან, მათ წამოაყენეს უპირობო ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ“

„რუსები ახლა გაფსიხებულები არიან, მათ წამოაყენეს უპირობო ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ“

ნერვების ომად ქცეული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ამჯერადაც რუსული დირექტივებით დასრულდა. რუსებმა ქართველებს რიტორიკა დაუწუნეს და პროპაგანდისტულ აქციად შეაფასეს მოლაპარაკების წარმართვა რუსული ოკუპაციის შესახებ „გახუნებული თეზისის“ კონტექსტში. სამაგიეროდ, გვირჩიეს, საქართველომ გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებისას რუსეთმა კონსტრუქციულ მსჯელობას თავი აარიდა, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება. უფრო მეტიც, რუსეთის ფედერაციამ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აიღო. მით უმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2014-ში იყო ბაშარულის საქმე, შემდეგ ოთხზორიას მკვლელობა, ახლა კი ტატუნაშვილის ტრაგედია. დონდუას თქმით, რუსეთი ცდილობს, ისე წარმოაჩინოს თავი, თითქოს ჩვეულებრივი მომრიგებელია და თითქოს ეს კონფლიქტი არის ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რუსეთმა უპირობო ულტიმატუმი წამოგვიყენა, რაც დაახლოებით იმის მსგავსია, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას მოსთხოვა, გაეყვანა სასაზღვრო ნაწილები ლორეს ნეიტრალური ტერიტორიიდან.

კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არა მარტო რუსებს უშლის ნერვებს, არამედ ცალკეულ ქართველებსაც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი უნდა შერბილდეს, რადგან აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის საშუალებას გვაკარგვინებს ქართველებს. მართლაც, ამ კანონის გაუქმება-არგაუქმებაზეა დამოკიდებული დროებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება საქართველოს იურიდიულ არეალში, თუ იმაზე, რომ ეს ტერიტორიები ისევ და ისევ რუსების ხელშეწყობით არის დაკარგული და რუსეთმავე უნდა დააბრუნოს?

- აქ საუბარი არც ამ კანონის შერბილებაზეა და არც გაუქმებაზე. უბრალოდ, რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებების დროს დააფიქსირა, რომ ქართულმა მხარემ სხვანაირად წარმართა მოლაპარაკებების სცენა. რუსებს არ მოეწონათ, რომ ქართულმა მხარემ გადაუხვია იმ ინდიკაციას, რისი მოლოდინიც მათ ჰქონდათ. მე არ ვიცი, რუსებს რა მოლოდინი ჰქონდათ, ამაზე შეიძლება ჩვენ ზოგადად ვიმსჯელოთ, მაგრამ თუნდაც იმავე კვირიკაშვილის მესიჯის და კიდევ სხვა რამეების შემდეგ, ეტყობა, რუსებმა ჩათვალეს, რომ ქართული მხარე უფრო დამყოლი, დამთმობი იქნებოდა. როგორც ჩანს, თავად ქართულ მხარესაც ეს ინდიკაციები ჰქონდა და ბოლო მომენტში ჩვენმა მხარემ, ანუ დელეგაციის ხელმძღვანელობამ კარდინალურად შეცვალა თავისი პოზიცია.

ბუნებრივია, რუსები ახლა გაფსიხებულები არიან, რუსებს ნამდვილად არ აინტერესებთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, მათ უბრალოდ წამოაყენეს უპირობო ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ. ეს უკვე ფაქტია და ეს უპირობო ულტიმატუმის გამოცხადებაა. ამდენად, ძალზე არ მომეწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უაღრესად უხამსი და პოლიტიკურად მაღალ ნოტებზე დაფიქსირებული ეს განცხადება, რომ გავაუქმოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. ასეთი ტონით არ უნდა საუბრობდეს ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატიური უწყება. მე, როგორც პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს უფრო იყო არა სმოლენსკის მოედანზე მდებარე რუსეთის საგარეო სამინისტროს, არამედ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება. ეს ყველაფერი მიბმულია იმაზე, რომ რუსეთმა, კრემლმა წამოუყენა საქართველოს პირდაპირი ულტიმატმი. რუსებმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, უბრალოდ, გამოიყენეს, როგორც ულტიმატუმის საფუძველი.

ეს ძალიან მაგონებს იმ ფაქტს, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიულ ხელისუფლებას მოსთხოვა, რომ გაეყვანა სასაზღვრო ნაწილები ლორეს ნეიტრალური ტერიტორიიდან. თუმცა ის ნაწილები შეთანხმების მიხედვით ასრულებდნენ წმინდა სადამკვირვებლო ფუნქციას. იმ დროს სწორედ ეს უშინაარსო და უაზრო მოთხოვნა გახდა საქართველოში რუსეთის შემოჭრის საბაბი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განცხადებაც დაახლოებით ასეთივე შინაარსის, არაშინაარსობრივი და არარელევანტური საბაბის მქონე მოთხოვნას შეიცავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გავაუქმოთ. ყველამ იცის, რომ საქართველო ამის გამკეთებელი არ არის, რადგან ამით ჩვენს სუვერენიტეტს შეურაცხყოფას მივაყენებთ. ბუნებრივია, ამაზე საქართველო არ წავა, რადგან, თუ ეს კანონი გააუქმა, მაშინ ჩვენ ვიქნებით რუსეთის მარიონეტული ტიპის სახელმწიფოს დანამატი.

თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც და სხვებიც ამ კანონის შერბილებას ითხოვდნენ.

- შერბილება ერთია და გაუქმება მეორე. ჩვენ ახლახანს ისედაც შევარბილეთ კანონი ოკუპაციის შესახებ და ამაზე მეტი შერბილება არც შეიძლებოდა. ამ შერბილების მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ ვარჩიეთ რუსეთთან დიალოგის ენა, ვარჩიეთ ტურისტული ბუმის აწევა, რადგან საქართველოში რუსი ტურისტებისა და, ასევე, სხვა ტურიტების შემოსვლა პრიორიტეტული იყო. თუმცა, როცა რუსები გვეუბნებიან ისეთ რამეს, რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ, ეს უკვე ულტიმატუმია.

თუმცა ერთიცაა, რამდენად ზუსტად სრულდება ეს კანონი, თუნდაც იური ლუჟკოვის თბილისში ჩამოსვლიდან გამომდინარე?

- ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა მიშას დროსაც საკმაოდ იდეალურად ირღვეოდა ეს კანონი. მაშინ უშვებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც აშკარად არღვევდნენ ამ კანონის მუხლებს. ზოგადად, ამ თემით მანიპულაცია ყველა ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია.

თქვენ ბრძანეთ, რომ კვირიკაშვილის წერილიდან და კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ჟენევის მოლაპარაკების წარმართვისას რუსებს სრულიად სხვაგვარი მოლოდინი ჰქონდათ. როგორც ჩანს, ქართული დელეგაციაც თავიდან ფიქრობდა სხვაგვარად წარემართა ეს მოლაპარაკებები, მაგრამ შემდეგ ფორმატი შეიცვალა. როგორ ფიქრობთ, შეცვლილი ფორმატი და შედარებით მკაცრი ტონალობის სცენარი საქართველოშია დაწერილი?

- ამაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს ისედაც საეჭვო თემატიკაა სამუშაოდ და ამ მოედანს ჟურნალისტებს ვუთმობ, რომ ეს საკითხი გამოიკვლიონ.

თუმცა კვირიკაშვილის წერილისგან განსხვავებული რომ იყო ეს შეხვედრა, ესეც ფაქტია.

- განსხვავებული აშკარად იყო. სხვათა შორის, გაიჟღერა იმანაც, რომ იგეგმება დავით დონდუას გაშვება საბერძნეთში ელჩად. როგორც ჩანს, ვიღაცამ შემოაგდო ეს მომენტიც. ვიღაც შეიძლება არ იყო კმაყოფილი ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების პროცესში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მუშაობით. ამიტომაც შემოაგდო ეს ინფორმაცია, რომ თურმე ჟენევის მოლაპარაკების მაგივრად დავით დონდუას უშვებენ საბერძნეთში ელჩად. ასეთი დონის ინფორმაციების შემოგდება ტყუილად არ ხდება.

ბოლოდროინდელი მოვლენები არის უკუსვლა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით? ჟენევის მოლაპარაკებიდან გამომდინარე, კვირიკაშვილს მოეჭრა მისი წერილის პათოსიდან გამომდინარე შესაძლებლობები? თუ ეს გზა თავიდანვე ჩახერგილი იყო?

- რუსეთის ოფიციალური წრეების მიერ გაკეთებული ამჟამინდელი განცხადებით, ულტიმატუმის ენით საუბრით ვასკვნი, რომ რუსებთან მოლაპარაკების კარი ფუნდამენტურად მიჯახუნდა. რუსები ჩვენგან ასეთი მკაცრი პოზიციის დაფიქსირებას არ ელოდნენ და, როგორც ჩანს, მათაც ჩათვალეს, რომ ჩვენთან საუბარს აზრი არ აქვს. პლუს კიდევ, ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება, გააძევოს რუსი დიპლომატი, ამის პრელუდია და დამატებითი არგუმენტია. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს სწორი ნაბიჯია და ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისადმი, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ერთი დიპლომატი გააძევა იმ ფონზე, როცა ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც არ არსებობს. ჩვენ ხომ არ გავაძევეთ ათიდან შვიდი დიპლომატი? მაგალითად, ესტონეთმა ერთი დიპლომატი გაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ის ესტონეთია, ნატოს წევრი სახელმწიფო და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორადაც ითვლება. ასე რომ, ერთი დიპლომატის გაძევების ნაბიჯი კომიკური იყო ჩვენი მხრიდან. საქართველოში ათი დიპლომატი მაინცაა, რომელიც შვეიცარიის საელჩოს ეგიდით მოღვაწეობს.

ჩვენ დიპლომატების გაძევების მსოფლიო ტალღას ავყევით. ცხადია, რუსეთი ვერაფერს გაუბედავს დასავლეთს, მაგრამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთი შურისძიების საბაბს ხომ არ ვაძლევთ?

- ბუნებრივია, მოსკოვიდანაც, ასევე, მოხდება ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლის გამოშვება, რომელიც მუშაობს ჟენევის, ოღონდ მოსკოვის საელჩოს სეგმენტის ეგიდით. ცხადია, სარკისებური არეკვლა მოხდება ამ ნაბიჯის, მაგრამ შეიძლება კიდევ სხვა ზომებიც მოჰყვეს ამას რუსეთის მხრიდან. სხვათა შორის, ასეთი პოლიტიკური სანქციის დაწესება უფრო მტკივნეული ფაქტი აღმოჩნდა, ვიდრე ეკონომიკური სანქციის დაწესება. ეს ჩანდა კიდეც რუსეთის ოფიციალური წრეების კომენტარიდანაც, პუტინის რეაქციიდანაც და სხვა. ასე რომ, რა იქნება რუსეთის მხრიდან საპასუხო რეალური ნაბიჯი საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევების გამო, ამაზე მიჭირს საუბარი.