„რუსების სურვილის შესრულება და „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ“ კანონის გაუქმება არაფერს მოგვიტანს”

„რუსების სურვილის შესრულება და „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ“ კანონის გაუქმება არაფერს მოგვიტანს”

რუსეთის საგარეო უწყება რჩევებით გვანებივრებს. მათი ინსტრუქტაჟით, საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ“ და აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან პირდაპირი დიალოგი დაიწყოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დამაიმედებელი განცხადებისა ჟენევის მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევის თაობაზე, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ გამოსვლად აქციეს, დაამყარეს რა თავიანთი გამოსვლა „რუსული ოკუპაციის“ თეზისზე. საქართველოს მხარე კვლავ შეეცადა რუსეთისთვის გადაებრალებინა საკუთარი უუნარობა სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში.

ამდენად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე, ჟენევაში დაიწყოს პირდაპირი ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და შეწყვიტოს რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა საზღვარგარეთ.

რატომ ემტერება რუსეთი საქართველოს პარლამენტის მიერ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ „კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ მაშინ, როცა საქართველოს ორი ტერიტორია კვლავაც ოკუპირებულია?!

როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონის ამოქმედებას წინ ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა უძღოდა: აგვისტოს ომი და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. ომიდან ორ თვეში იმდროინდელმა თბილისმა აამოქმედა კანონი, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმს აწესებდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებდა.

2013 წლის მაისში ახალმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, თბილისთან შეუთანხმებლად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა ნაწილობრივ დეკრიმინალიზებული ხდებოდა, სისხლის სამართლებრივი დევნა, ანუ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა 400-ლარიანი ჯარიმით იცვლებოდა.

არაოფიციალური მონაცემებით, მარტო 2015 წელს აფხაზეთი მილიონ ადამიანზე მეტმა მოინახულა მაშინ, როცა იმავე წელს ქართულმა მხარემ მხოლოდ 17 ადამიანზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს იყო კანონის შერჩევითი გამოყენება, რადგან, პრაქტიკულად, დაუსჯელად ხდებოდა იმ რუსი სასულიერო პირების, საესტრადო მომღელების თუ პოლიტიკოსების შემოშვება, რომლებიც გაცხადებულად ყოფილან ცხინვალსა თუ სოხუმში.

„ოკუპირებული ტერიტორების შესახებ“ კანონის დარღვევის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო 2017 წლის მაისში თბილისში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის სტუმრობა. საქართველოში მისი ჩამოსვლა ზოგიერთებმა გააკრიტიკეს, რადგან ლუჟკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვიზიტის დროს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია. ლუჟკოვის ვიზიტის გამო შეიქმნა პეტიცია, რომელზე ხელმომწერებიც საქართველოს ხელისუფლებას ოკუპაციის შესახებ კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებდნენ.

სიტუაციას დრამატიზებას სძენდა ის ფაქტიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სწორედ იური ლუჟკოვის სახელს ატარებდა და ეს სახელი ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე მიენიჭა. 2009 წელს კი ლუჟკოვი სიტყვით გამოსვლისას ოსებს მიმართავდა, რომ პირველსავე დღეებიდან, როდესაც ისინი დამოუკიდებელნი გახდნენ, მხარდაჭერას უცხადებდა და რუსეთი ყოველთვის მხარს დაუჭერდა ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.

საქართველოში ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ ჰუმანიზაციას მოითხოვს და ის პრობლემებს უფრო ქმნის, ვიდრე დადებითად წყვეტს ამ პრობლემებს.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის, რაც შეიძლება, მაქსიმალურად თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებდა გასულ წელს რუსეთიდან დაბრუნებული „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია და არ მალავდა, რომ ვიზიტისას რუსულ მხარეს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნა შესთავაზეს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული კანონის მეოთხე მუხლის პრობლემურობაზე საუბრობდა ემზარ კვიციანიც, რომლის აზრითაც, ეს კანონი ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს საბოლოოდ აკარგვინებდა ერთმანეთს, რადგან იგი იმ პირებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობდა, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობდა.

იმდროინდელი რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებდა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ლიბერალური უნდა ყოფილიყო და კანონი მკაფიოდ უნდა მიმართულიყო ოკუპანტების წინააღმდეგ და არა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც არაფერი აკავშირებდა ოკუპაციასთან. კერძოდ, ესენი იყვნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გადაადგილდებოდნენ და შემდეგ ქართულ ციხეებში აღმოჩნდებოდნენ.

წლების განმავლობაში არა მხოლოდ ცალკეულმა ადამიანებმა დაარღვიეს ოკუპაციის შესახებ კანონი, არამედ სამხრეთკორეულმა ავტოკომპანია „ჰიუნდაიმაც“ არ გაიზიარა ამ კანონის ძალა, როცა 2017 წელს ოკუპირებული აფხაზეთის გზებზე უახლესი მოდელის 4 ავტომობილის ტესტ-დრაივი მოაწყო. თბილისში მაშინ განაცხადეს, რომ ამით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აშკარად დაირღვა. თავად „ჰიუნდაის“ თბილისის წარმომადგენლობაში კი აღნიშნეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ამჯერად რისთვის დასჭირდა რუსეთს „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ“ კანონის გაუქმებაზე საუბარი?!

ექსერტი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის ბრალდებები ჩვენს მიმართ განსაკუთრებით გამწვავდება, რადგან პრემიერმა თავისი ცნობილი წერილით, ფაქტობრივად, გააკეთა ის განაცხადი, რა განაცხადიც აგვაფარეს რუსებმა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. საბოლოოდ თავისივე განაცხადის „შეჭმა“ მოუწია ქართულ მხარეს და ამაზე რუსები განსაკუთრებულად გაბრაზდებოდნენ, რადგან პირდაპირი მოლაპარაკებების და მთელ ამ პროცესში რუსეთის მედიატორად ჩართვის ინიციატივა მოდიოდა სწორედ ჩვენი პრემიერისგან.

„არსებობს საგარეო პოლიტიკის წარმოების სხვადასხვა ვარიანტი. ყველა ვარიანტს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ თანმიმდევრულნი უნდა ვიყოთ. ან უნდა გვქონდეს ოკუპაციის შესახებ კანონი, ან უნდა მივიღოთ ტოტალური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მართლა გვაქვს პოლიტიკური ნება, ილუზია, რომ ვიწყებთ პირდაპირ მოლაპარაკებებს აფხაზებთან და ოსებთან და იმედი გვაქვს, რომ რუსეთი ამ საქმეში დაგვეხმარება. ასეთ შემთხვევაში, ოკუპაციის შესახებ კანონის დენონსაცია უნდა მოხდეს და ესეც პოლიტიკაა. პრინციპში, კვირიკაშვილმა თავისი განცხადებით სწორედ ამ კანონის დენონსაცია მოხდინა, რადგან რუსეთში გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ იგი იწყებდა მოლაპარაკებებს აფხაზებთან და ოსებთან და რუსებს განიხილავდა, როგორც პოზიტიურ შუამავალს ამ პროცესში. ამით პრემიერმა ამ კანონზე უარი თქვა და, რადგანაც კანონის დელეგიტიმაცია მოახდინა, რუსებმაც ჟენევაში ეს უთხრეს ჩვენს დელეგაციას, თქვენმა პრემიერმა ხომ ამ კანონის დენონსირება მოახდინა და, მოდით, ახლა ფორმალურად გავაფორმოთ ის, რაც თქვა თქვენმა პრემიერმა. ასეთ ვითარებაში ამ წერილის გაგზავნა სიბრიყვე იყო. ახლა რაღა ეშველება კვირკაშვილს, მოსკოვში წერილის წამღები არავინ დარჩა და თვითონ ხომ არ წაიღებს წერილებს?“ - აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, რუსების სურვილის შესრულება და ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება არაფერს მოგვიტანს. მით უმეტეს, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ღმერთმა უწყის, ხვალ და ზეგ რა მოხდება. ჩვენ გლობალურ კონტექსტს უნდა შევხედოთ, რადგან, სამწუხაროდ, სამყარო ნელ-ნელა ბრუნდება ცივი ომის ფაზაში. ცივი ომის ფაზაში კი ნეიტრალიტეტი გამორიცხულია, შენ უნდა გააკეთო არჩევანი, საით ხარ - ან აქეთ ხარ, ან იქით.

ამდენად, გია ხუხაშვილის აზრით, დღევანდელ ვითარებაში იმაზე ფიქრი, რომ რუსეთი დაგვეხმარება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაში, ილუზორულია. ასევე, ძალზე მიამიტურია ის სქემა, რომ ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკება დავიწყოთ დე ფაქტო რეჟიმებთან და რუსეთი ამაში მოგვეხმარება.

„ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მათ შორის, რუსეთსაც, შეერთებულ შტატებსაც. კი ბატონო, შეიძლება რაღაცაში მოგეხმაროს, მაგრამ უფასოდ ამას არ გააკეთებს. ამიტომ ის მაინც უნდა გავარკვიოთ, რის ფასად დაგვეხმარება რუსეთი და შეგვიძლია თუ არა იმ ფასის გადახდა. ეს წინასწარ გარკვეული უნდა გვქონდეს. ამაშია კვირიკაშვილის წერილის სიბრიყვე და არა იმაში, რომ რუსეთს წერილი მისწერა. რა თქმა უნდა, ყველანაირი პოლიტიკა უნდა გაატარო, წერილიც უნდა დაწერო, მტერსაც ელაპარაკო. არ ვარ იმის მომხრე, წერილები არ წერონ და რუსებს არ ელაპარაკონ, მაგრამ რამდენად ვართ მზად ამ ლაპარაკისთვის? - აღმოჩნდა, რომ მზად არ ვართ. იმიტომ, რომ კვირიკაშვილმა დაიწყო ლაპარაკი, რომლის დენონსირებაც მოუწია მერე ჩვენს დელეგაციას ჟენევაში. ეს შეუთანხმებლობაც არ არის, ეს ქაოსი და სიბრიყვეა“.