რუსი დიპლომატები შეჩვეულნი არიან გაძევებას. რუსი დიპლომატები მიდიან და მოდიან, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა უცვლელი რჩება. ამჯერად სკრიპალების საქმის გამო საქართველოც აჰყვა რუს დიპლომატთა გაძევების მსოფლიო ტალღას. საქართველომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და 7 დღის ვადაში საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
პარალელურად, დონალდ ტრამპი აშშ-დან 60 რუს დიპლომატს გააძევებს, ხოლო გაეროში რუსეთის წარმომადგენლობაში მომუშავე 12 რუს მზვერავსაც გაუყენებენ რუსეთის გზას. ამას გარდა, რუს დიპლომატებს არც მსოფლიოს 20 ქვეყანაში დაინდობენ და გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ლიტვიდან, ნიდერლანდებიდან, დანიიდან, იტალიიდან, ალბანეთიდან, უკრაინიდან თუ სხვა ქვეყნებიდან გაისტუმრებენ. გამძევებელ ქვეყანათა რიცხვის ზრდა კვლავაც მოსალოდნელია.
რუს დიპლომატთა გაძევებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ, თუ რუსი დიპლომატის გაძევება გვინდოდა, სანამ სერგი კაპანაძე იტყოდა, მანამდე უნდა გაგვეკეთებინა ეს საქმე.
ჭიჭინაძის ინფორმაციით, სერგი კაპანაძემ მოითხოვა და ჩვენი ხელისუფლებაც აჰყვა მის სურვილს, თუმცა დაგვავიწყდა, რომ 700-800 ათასი ჩვენი მოქალაქეა რუსეთში და მათ სჭირდებათ ეს კავშირები. „ახლა ის კავშირიც უნდა გავწყვიტოთ, რომელიც შვეიცარიის მეშვეობით გვაქვს? ამით ხომ საკუთარ მოსახლეობას სირთულეებს შევუქმნით, რუსებს კი პრაქტიკულად ვერაფერს დავაკლებთ“, - მიიჩნევს დავით ჭიჭინაძე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი დასავლეთის მძლავრ სახელმწიფოებს ვერაფერს დააკლებს, როგორ შეიძლება აისახოს რუსი დიპლომატის გაძევება საქართველოზე?
ანალიტიკოს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენ მსოფლიოში გლობალური დაპირისპირების, ესკალაციის მოწმენი ვართ. ისიც გასაგებია, რომ საქართველოს თავისი განვითარების ვექტორი აქვს და, გამომდინარე იქიდან, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი კონსოლიდაცია მოხდა დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენც იმავე ვექტორით ვიმოძრავეთ. თუმცა სხვა საკითხია, რომ ჩვენ არათუ რუსი დიპლომატი გავაძევეთ, არამედ, საერთოდ, რუსეთის საელჩოც არ გვაქვს საქართველოში და დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს ამ ქვეყანასთან. ასე რომ, ჩვენ დასავლეთის სახელმწიფოებზე ბევრად შორს ვართ ამ მიმართულებით წასულნი.
„ცხადია, ეს გაძევებაც წმინდა სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. საელჩოს თანამშრომელი, ალბათ, არც ერქვა იმ ადამიანს, ის უფრო საკონსულოს ტექნიკური საქმიანობით იყო დაკავებული და მიმოსვლის ტექნიკურ პირობებს აგვარებდა. თავისთავად, არა მგონია, გაძევება სერიოზული ფაქტორი იყოს და ამაზე გამახვილდეს ყურადღება რუსეთის მხრიდან. რუსეთს ახლა ჩვენზე უფრო დიდი პრობლემები აქვს. სხვა საკითხია, რომ ამ გლობალური დაპირისპირების პროცესში რუსეთს იმის რესურსები არ აქვს, დასავლეთს ტოტალურად დაუპირისპირდეს. ამიტომ შეიძლება შედარებით ნაკლები რესურსით ასიმეტრიული აგრესიული პასუხი გასცეს დასავლეთს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით საქართველოც შეიძლება განხილულ იყოს აგრესიის ობიექტად რუსეთის მხრიდან და ეს რისკი არსებობს“,-აცხადებს გია ხუხაშვილი და რუსეთის მორიგ ბრალდებასაც ეხმაურება იმის თაობაზე, თითქოს ბრიტანეთი ვერ იცავს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას. საუბარია ლიტვინენკოზე, პატარკაციშვილზე, ბერეზოვსკისა და სხვებზე.
გია ხუხაშვილის აზრით, ე.წ. სკრიპალების საქმის კონტექსტი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე კრიმინალური. აღნიშნული საქმე ჯერ გამოძიებული არც არის, მაგრამ უკვე დამნაშავე გამოცხადებულია და აზრიც აღარ აქვს ამ გამოძიების ჩატარებას. ასეთ პოლიტიკურ პროცესში ისიც ნათელია, რომ, როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის მხრიდან იქნება რიტორიკა, მოვისმენთ არგუმენტებს, კონტრარგუმენტებს და აქ ლოგიკა უკვე აღარავის აინტერესებს. ბანაკებად არის ყველაფერი დაყოფილი და ორივე თავისი ექსკლუზიური „სიმართლით“ აპელირებს. ეს ტოტალური დაპირისპირება კი ნებისმიერი თემის გარშემო მოხდებოდა და აუცილებელი არ იყო, მაინცდამაინც სკრიპალების თემა ყოფილიყო.
„პოლიტიკური დღის წესრიგი ცივი ომის ნეგატიურ რიტორიკაზეა აწყობილი. ცივი ომის პირობებში საქართველოსნაირი ქვეყანა შესაძლოა, ვიღაცას ცუდად მოხვდეს თვალში ისედაც, ყოველგვარი დიპლომატის გაძევების ფაქტის გარეშეც. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რუსი დიპლომატის გაძევება შეიძლება რაიმე პროცესის კატალიზატორი გახდეს, მით უმეტეს, რომ დიპლომატი ძალზე პირობითად შეიძლება იმ ადამიანს ეწოდოს“.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ჩვენ ვთვლით, რომ ვართ დასავლეთის მოკავშირეები და პარტნიორები და გვინდა, თავისუფალი სამყაროს ნაწილი გავხდეთ, რომელმაც ახლა ხმა ამოიღო რუსეთის უმსგავსო საქციელის წინააღმდეგ, მაშინ ამ სამყაროს გვერდში უნდა დავუდგეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულნი ამ სამყაროს ქმედების მიმართ მაშინ, როდესაც მას ეს დასჭირდება. სხვაგვარად საქართველოს უსაფრთხოება ვერ განმტკიცდება, რადგან ჩვენი უსაფრთხოება მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს საერთაშორისო სოლიდარობაზე.
„საქართველოს როდესაც დასჭირდება თავისი პარტნიორების მხარდაჭერა, მას უნდა ჰქონდეს იმის მორალური უფლება, ასეთი მხარდაჭერა მოითხოვოს ზუსტად იმიტომ, რომ თავის დროზე საქართველო მხარში დაუდგა დასავლეთის თავისუფალ სამყაროს. ასეთი ნაბიჯები ჩვენ არაერთხელ გადაგვიდგამს. ჩვენი სამხედროები წლების განმავლობაში ავღანეთში იბრძვიან. დიპლომატის გაძევების ფაქტიც ადასტურებს, რომ საქართველოს სურს, იყოს იმ სამყაროს ნაწილი, რომელიც თავისუფლების ღირებულებებზეა დაფუძნებული და, რასაც საქართველოც თვლის თავის ღირებულებად. ცხადია, რუსეთს თავისი დიპლომატის გაძევების გამო რეაქცია ექნება, შეიძლება, მორიგი უმსგავსობაც ჩაიდინოს, მაგრამ, თუ ისინი ამ უმსგავსობას ჩაიდენენ, ეს საქართველოდან დიპლომატის დათხოვნის გამო კი არ მოხდება, არამედ იმის გამო, რომ რუსები ამას საჭიროდ ჩათვლიან საკუთარი მიზნების მისაღწევად. ასე რომ, ჩვენს მოკავშირეებთან სოლიდარობაზე უარის თქმა რუსეთისგან თავდაცვის საშუალებას სულაც არ წარმოადგენს“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.