„რუსეთიდან პროვოკაციების საფრთხე ყოველთვის არის, ამის გარეშეც და დემარშის ჩათვლითაც“

„რუსეთიდან პროვოკაციების საფრთხე ყოველთვის არის, ამის გარეშეც და დემარშის ჩათვლითაც“

სკრიპალის საქმეზე დიდ ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, აშშ-მ, ავსტრალიამ, კანადამ და ევროპის სახელმწიფოებმა 152 რუსი დიპლომატი გააძევეს საკუთარი ქვეყნებიდან.

თავის მხრივ, რუსეთმაც ქვეყნიდან უცხოელი დიპლომატების გაძევების შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა იმ ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს გადასცა საპროტესტო ნოტები, რომლებმაც რუსეთის ელჩები საკუთარი ქვეყნებიდან გააძევეს.

მისიებს აცნობეს, რომ რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ დაუსაბუთებელი მოთხოვნების პასუხად რუსული მხარე „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას მათთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯები გადადგას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოგეხსენებათ, საქართველომ შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნის 7 დღის ვადაში დატოვება მოსთხოვა.

მმართველი გუნდი თვლის, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია, ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ეს არის ადეკვატური ნაბიჯი, თუმცა დაგვიანებული.

„არაერთ რუს დიპლომატს დაატოვებინეს საკუთარი საზღვრები, ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც შეიძლება საერთაშორისო სასამართლოს სივრცეში გამოიყენო იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა წითელ ხაზებს კვეთს. ეს არის სწორედ ის, რაც რუსეთმა გააკეთა ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც იყოს ნაწილი სამართლებრივი სანქციების, რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში გამოიყენონ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

ოპოზიციის მეორე ნაწილი თვლის, რომ დიდი ბრიტანეთისათვის სოლიდარობის გამოცხადება ჩვენს სახელმწიფოს არ სჭირდება.

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, სასწრაფოდ გააკეთონ კიდევ ერთი განცხადება რუსეთის ხელისუფლებისადმი და ყველა ღონეს მიმართონ იმისთვის, რომ განეიტრალდეს კრიტიკული, დაძაბული ვითარება.

„ასევე, მიმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი ფრაქციის დელეგაციას, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე შეხვედრებს მართავს რუს დეპუტატებთან, დაუყოვნებლივ მიეცეს ოფიციალური დელეგაციის სტატუსი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთიდან პროვოკაციების საფრთხე ყოველთვის არის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი პრინციპული პოზიციები უნდა დავაფიქსიროთ, როდესაც ამისი საჭიროება დადგება.

„ამის გარეშეც და დემარშის ჩათვლითაც. სავარაუდოდ, რუსეთიდან გარკვეული ქმედებები იქნება, რა - ძალიან რთულია ვივარაუდოთ, რუსეთმა ამ შემთხვევაში შესაძლოა, სხვადასხვა ნაბიჯები გადადგას“, -აცხადებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში, ზურაბ აბაშიძე ვერ აკონკრეტებს, შეუშლის თუ არა ხელს რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით თბილისის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრას.

ზურაბ აბაშიძის თქმით, საჭიროა ქვეყანა რუსეთის რეაგირებას დაელოდოს და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვროს სამომავლო გეგმები.