ალავიძის შემდეგ ოპოზიცია ქუმსიშვილს უმიზნებს

ალავიძის შემდეგ ოპოზიცია ქუმსიშვილს უმიზნებს

აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის ფარგლებში რაიმე სახის კონსულტაცია არ გამართულა. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე არც უმრავლესობის, არც ფრაქციის და არც სხვა ფორმატში საუბარი არ ყოფილა და არც შიდა არაოფიციალური წყაროებით ფლობდნენ ინფორმაციას საკადრო ცვლილებაზე.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობიდან გავიდა ზურაბ ალავიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მისი ადგილი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა დაიკავა. პრემიერ-მინისტრს შეუძლია მთავრობის 6 წევრი საკუთარი გადაწყვეტილებით, პარლამენტის მონაწილეობის გარეშე შეცვალოს.

ჯერჯერობით ეს არის ერთი ცვლილება რომელიც განხორციელდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება მოუწევს კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რომელთანაც ალავიძის მსგავსად კითხვები გაჩნდა საეჭვო ტენდერებთან დაკავშირებით. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგებლობას დაემშვიდოდება იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, რომლის მიმართ კითხვები საკმაოდ ბევრია და განსაკუთრებით ეს უკავშირდება წარუმატებელ სასამართლო რეფორმას, რომელშიც საზოგადოება ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ცვლილება, რომელიც მთავრობაში განხორციელდა საინტერესოა იმითაც, რომ კონსულტაცია არ ყოფილა პარლამენტთან. უმრავლესობის წევრებისთვის უცნობია რა ცვლილება იგეგმება მთავრობის შიგნით, იციან მხოლოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება.

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატუ ეკა ბესელია აცხადებს, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილება უკავშირდება იმას, რაზეც პრემიერი საუბრობდა. ბესელია ირწმუნება, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ზურაბ ალავიძის პირადი სურვილი იყო.

„რაიმე სხვა ფაქტი მასთან დაკავშირებით, საეჭვო, რაზეც ახლა ოპოზიცია საუბრობს, მე ინფორმაცია არ მაქვს. ეს უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი უწყებაა ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით. შესაბამისად, ძალიან დიდი ბიუჯეტიც აქვს.

ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც შეიძლება უკმაყოფილო იყოს. ის, რომ ზურაბ ალავიძე ძალიან ეფექტური მენეჯერია და მას ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს, რომელიც ასეთ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას და სხვა პოზიციასაც სჭირდება, მე შემიძლია ეს გულწრფელად ვთქვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, პრემიერის გადადგომის მოლოდინშია ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ექს-პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო გეგმებს და გადადგომას იხსენებს და ამბობს, რომ როგორც ჩანს, მთავრობის წევრებმა არ იციან ახალი ქართული ანდაზა - „მინისტრი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო“.

„როცა რაიმე სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, არ აწყენდათ წინა პრემიერ-მინისტრის ბედი გაეხსენებინათ, რომელმაც ქვეყანას რიხით გააცნო თავისი სამომავლო გეგმების შესახებ და ივანიშვილმა ორ დღეში მოხსნა. გუშინ აბსოლუტურად გულწრფელი იყო უმრავლესობის ლიდერები - მათ ნამდვილად არ იცოდნენ, თუ რაიმე ცვლილებები იგეგმებოდა. ვერც გაიგებენ, რადგან გადაწყვეტილებას სხვა იღებს. არავის აქვს ქვეყანაში იმის ილუზია, რომ მინისტრს ან პრემიერ-მინისტრს მართლა ოცნების პოლიტსაბჭო ცვლის“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

საკადრო ცვლილებების პარალელურად, „ევროპული საქართველო“ ახალ სკანდალს აანონსებს, რომლის საფუძველზე სხვა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება. საქმე ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს ეხება. ცნობილია ისიც, რომ როგორც ზურაბ ალავიძის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც პარტია მასალების სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტისთვის გადაცემას გეგმავს. როგორც გივი თარგამაძე ამბობს, მათი მიზანი არის პრემიერის გადადგომა.

„ჩვენი თვითმიზანი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი პრემიერობა კიდევ უფრო ფიქტიური გახდა, როდესაც კიდევ ერთი მინისტრი დაინიშნა - პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრი, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი აღარ ენდობა კვირიკაშვილს და საკუთარ კადრებს ნიშნავს.

მაია ცქიტიშვილი მთელი ეს წლები მუშაობდა პრემიერ-მინისტრების ზედამხედველად სახელმწიფო კანცელარიაში. ახლა მას ჩააბარეს ყველაზე მსხვილი სფერო. გუშინ თუ დააკვირდით ალავიძის დამცველების სიმრავლეს, მიხვდებოდით, რამდენ ადამიანზე ნაწილდება კორუფციული სქემით ამოქაჩული თანხები“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.

პრემიერ-მინისტრის ცვლილებას არ ელოდება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, რამდენადაც პრემიერმა თქვა, ის რამდენიმე წელიწადი აპირებს თავის თანამდებობაზე დარჩენას, ბუნებრივია, ამას უსაფუძვლოდ არ იტყოდა.

„მეორეც, საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრის გადაყენება, თუ შეცვლა, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იქნებოდა ისეთი ნაბიჯი, რომელიც მას წინა საარჩევნო კამპანიაში წაადგებოდა. ანუ, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ გუნდში კონსოლიდაცია არ არის და გუნდში განხეთქილებაა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ საზოგადოებაში ასეთი განწყობის შექმნა, სრულიად არ სჭირდება მმართველ გუნდს. თუ რაღაცა ისეთი განსაკუთრებული და ექსტრაორდინალური არ მოხდა, მე პირდად, დიდი ალბათობით, პრემიერის გადაყენებას არ ველოდები“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებას, მისივე განცხადებით,ზურაბ ალავიძე არ მოიაზრებოდა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად და შესაბამისად, მისთვის უცნობია რა გახდა მინისტრად დაწინაურების მოტივი.

„მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც გადაწყვიტეს, რომ იქ წაეყვანათ გუნდის დიდი ხნის წევრი და შემოწმებული კადრი. ამ ცვლილებით მთავრობის საქმიანობაში იცვლება ის, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან და საკვანძო სამინისტოს ხელმძღვანელად ახალი პიროვნება მოდის. ალბათ, არსებობდა ძველი მინისტრის შეცვლის საფუძვლები. მაინცდამაინც არ მჯერა იმ ვერსიის, რომ ალავიძეს უცებ მოუნდა კერძო სექტორში გადასვლა.

როგორც ჩანს, იყო პრობლემები და რამდენადაც ვიცი ეს პრობლემები ძირითადად უკავშირდება ტენდერებს და მეორეს მხრივ აუთვისებელ თანხებს. ყოველთვის იყო ეს პრეტენზია სამინისტროსთან, რომ წლის ბოლოს ის ვერ ითვისებდა საბიუჯეტო თანხებს და შესაბამისად, ვერ ხდებოდა ინფრასტუქტურული პროექტების დაგეგმილი ოდენობით განხორციელება. ეს იყო ერთ-ერთი პრეტენზია და მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, რომ ბატონი ზურაბ ალავიძის მიმართ იყო პრეტენზიები და გახსოვთ დაპირისპირება ოთარ დანელიასთან“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.