საქართველო სანქციებს უერთდება - ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო სანქციებს უერთდება - ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო 7 დღის ვადაში უნდა დატოვოს, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელმა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებელ პიროვნებად აცხადებს. მიხეილ ჯანელიძის უწყებაში აცხადებენ, რომ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ქიმიური იარაღით მოწამვლის ფაქტი, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს საერთო უსაფრთხოებისთვის.

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით, რუსი დიპლომატების ნატო-დან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია, რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში ათი რუსი დიპლომატი მუშაობს. მისიის წარმომადგენლები საელჩოში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო უერთდება სანქციებს, რომელიც სკრიპალის მოწამვლის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მიიღეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ჯერ არ გამოხმაურებია. თუმცა სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ მოსკოვი დიპლომატების მასშტაბურ გამოძევებას ადეკვატურად უპასუხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ პერფორმანსს, რომელსაც მართავენ ბრიტანელი პოლიტიკოსები საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად. როგორ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება, როდესაც ბრიტანეთის მთავარი ფიგურები, პრემიერ მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ჩათვლით არ ეკონტაქტებიან რუსეთის წარმომადგენლებს, ამის ნაცვლად ისინი საკუთარ პარლამენტში სკანდირებენ ლოზუნგებს.

რატომღაც მოწამვლის ფაქტები სულ ბრიტანეთში ხდება, გამოძიებას კი ასაიდუმლოებენ. ქვეყნები, რომლებიც ვაშინგტონის ზეწოლის შედეგად აძევებენ დიპლომატებს და სოლიდარობას უწოდებენ ამას, დიდ შეცდომას უშვებენ. ჩვენ ჯერ ვმუშაობთ საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ და ის იქნება ადეკვატური“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ოფიციალური თბილისი ადასტურებს, რომ საქართველომ, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაშვებით, დიდი ბრიტანეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, სოლიდარობა გამოუცხადა. პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ ამ აქტით საქართველომ გამოხატა ერთსულოვნება ცივილურ საერთაშორისო საზოგადოებასთან.

„ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს იმ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც ახლა მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და ამ აქტით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა, თანადგომა და ერთსულოვნება ცივილურ საერთაშორისო საზოგადოებისადმი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება სწორი ნაბიჯია. გიგა ბოკერიას განცხადებით, სჯობდა, რომ უფრო ადრე მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

„ეს სწორი ნაბიჯია. საქართველო უნდა იყოს ასეთი რეაქციის ნაწილი. უბრალოდ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც არათანმიმდევრულია და უფრო მეტიც, საზიანო და მავნებლური იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება მომავალში ვაიძულოთ, რომ ნაკლებად არათანმიმდევრული და ნაკლებად მავნებლური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ოკუპაციის რეჟიმში რუსეთის მხრიდან და გაწყვეტილი აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი სექციის გაძევება სასაცილოდ ჟღერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის. როგირც სალომე სამადაშვილი აცხადებს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს ორ ქვეყანას, თუ გინდა საპროტესტო პასუხი გასცე რუსეთს, რეალურად მეტი უნდა გააკეთო საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის თვალსაზრისით.

„ქმედითი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან იქნებოდა, გამოეყენებინა შანსი, როდესაც პარლამენტი იღებდა რეზოლუციას და შემდგარიყო წარმომადგენლობითი სია იმ პირების, ვინც უნდა შევიდნენ სანქციების რეჟიმში, თუმცა ეს შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა.

იმ ქვეყნისთვის, რომელიც არის ოკუპაციის რეჟიმში რუსეთის მხრიდან და გაწყვეტილი აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესების განმახორციელებელი სექციის გაძევება, ჩემთვის პირადად სასაცილოდ ჟღერს. არ ვიცი ეს როგორ ჟღერს მინისტრ ჯანელიძისთვის. როდესაც უკვე გაწყვეტილი გაქვს ურთიერთობები ქვეყანასთან, დღევანდელი გადაწყვეტილება რა სიგნალია, გაუგებარია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.