რუსეთი საქართველოს ახალ პირობას უყენებს - გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და პირდაპირი დიალოგი დაიწყოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან. კრემლმა ეს მოთხოვნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე.
„ჟენევაში დაიწყოს პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, შეწყვიტოს რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა საზღვარგარეთ“, - ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე ბევრის მიღწევა ვერ ხერხდება. თუმცა, მისი თქმით, რუსეთს ჯერ არ უფიქრია ჟენევის დისკუსიებზე თავისი სტატუსის ამაღლების შესახებ ამიერკავკასიის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მისი რეფორმირების განხორციელებაზე ფიქრობს.
„ჩვენთან სულ მალე იგეგმება შვეიცარიულ ფირმასთან შეთანხმების ძალაში შესვლა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააფორმა, ჩვენ კი, ვფიქრობ, უახლოეს კვირებში მოვაწერთ ხელს და დავიწყებთ ამ პროექტის რეალიზებას. ის შეიძლება გაუარესების მორიგი წერტილი იყოს, მაგრამ გვსურს, რომ ეს რეალურად მოქმედი სქემა იყოს, რომელიც დაგვეხმარება დავამყაროთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მთლიანად რეგიონში. საუბარი შესაძლებელია შეეხოს, ასევე, საგანმანათლებლო პროექტებსაც“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების რეფორმირების საკითხი არ განხილულა და არც ერთ მონაწილე მხარეს ეს საკითხი სხდომის მიმდინარეობისას არ დაუყენებია. მისი თქმით, მოლაპარაკებების ფორმატი მთლიანად პასუხობს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც დგას საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ჟენევის მოლაპარაკებებს სარეფორმო არაფერი სჭირს. ჟენევის ფორმატი არის უნიკალური და კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უპასუხოს იმ ამოცანებს, რაც არის და რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებს, იურიდიულ სავალდებულო დოკუმენტებს. ამოცანაა, რომ ამ ფორმატმა უპასუხოს იმ გამოწვევებს, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ამოცანებს, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოიშვა 2008 წლიდან“, - აღნიშნა დავით დონდუამ.
რუსეთის სურვილის მიუხედავად, „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არ გაუქმდება და არც პირდაპირი დიალოგი დაიწყება დე ფაქტო ხელისუფლებასთან.
for.ge-სთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონონტების მიზანია კარასინის ნებისმიერი განცხადება საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენენონ, რასაც რუსეთი კარგად გრძნობს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ქვეყანაში შიდა დაპირისპირების ტენდენცია შენარჩუნდეს.
„ერთი რამე უნდა ვიცოდეთ - განსაკუთრებით დიდი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები ყოველთვის გარკვეული მიზნებისკენ არის მიმართული. რუსეთი თავის პოზიციას მუდმივად დააფიქსირებს და დაიცავს, შანსი არ არსებობს, რომ ამ პოზიციიდან უკან დაიხიოს. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად რეალურ და სწორ სურათს აჩვენებს. პირველი - ოკუპაციის შესახებ კანონი ვერ გაუქმდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ოკუპირებულია ტერიტორია და რუსეთი რაც არ უნდა პოზიტიურ ნაბიჯებზე მოდიოდეს, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები იქნება, შესაბამისად კანონიც იარსებებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რუსების სურვილია, შეცვალოს ჟენევის ფორმატი, რაც შეეხება კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მენაღარიშვილის შეფასებით მისი შეცვლის დრო ჯერ არ დამდგარა და ქართული მხარე ამას არც აპირებს.
„ქართული მხარის პოზიციიდან გამომდინარე, არ მგონია, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არსებობდეს, მაგრამ ვფიქრობ, რუსული მხარე ცდილობს წყლის ამღვრევას. არაერთხელ მითქვამს, 2008 წლის რუსული აგრესიისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, რუსეთს აქვს ერთადერთი ამოცანა - შექმნილი სტატუს-კვო ანუ დაახლოებით ხუთი ე.წ. რესპუბლიკის, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს მსოფლიომ“,- აცხადებს მენაღარიშვილი.
მისივე შეფასებით, რუსეთს ეს იმისთვის სჭირდება, რომ სამხრეთ კავკასიაში დესტრუქციის შემტანი ძალის ბრალდება მოეხსნას - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ცნო მხოლოდ რუსეთის რამდენიმე სატელიტმა. ირაკლი მენაღარიშვილის აზრით ყველაზე მეტყველი ფაქტი გახლავთ ის, რომ ევრაზიულ კავშირში შემავალმა არც ერთმა ქვეყანამაც კი არ გადადგა მსგავსი ნაბიჯი, რადგან ეს სეპარატიზმის ხელშეწყობაა და მსგავსი პრობლემა თითოეულ მათგანსაც უდგას.
მენაღარიშვილის შეფასებით, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ყალიბდება რუსეთის პოზიცია ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით.
„რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ჟენევამ დაკარგოს ის სახე, შინაარსი და მიზანი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული - ეს არის დიალოგის ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, მასში ჩაერთო საერთაშორისო თანამეგობრობა, რითაც ფორმატმა სერიოზული წონა შეიძინა. რუსეთს აღარ აწყობს ეს, უკრაინის მოვლენების, სირიაში წარუმატებელი პოლიტიკის ფონზე და ცდილობს თავიდან მოიშოროს ჟენევის ფორმატი, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის თვალსაჩინოება დასავლეთისთვის“,- აცხადებს მენაღარიშვილი.
დიპლომატი თვლის, რომ სწორედ ჟენევის ფორმატის გაუფერულების მიზნით ცდილობს რუსეთი „შემოგდებული“ თემებით მანიპულირებას.
„ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ მიამიტურად წამოეგო კარასინის განცხადებას, თითქოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ზეპირი შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა ეს ბლეფი იყო და ვფიქრობ, სულ უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ველოდეთ მსგავს დეზინფორმაციებს. მიზანი ერთია საზოგადოებრივი აზრის დეზორიენტაცია საქართველოში თუ დანარჩენ მსოფლიოში. ამ სიტუაციაში ყველაფერი გასაგები გახდა, მაგრამ მომავალში მეტი სიფრთხილე გვმართებს, რომ ამგვარ მცდელობას არ მოჰყვეს მათთვის სასურველი შედეგი“,- აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.