„შესაძლოა, მოცემული ზონალური დაყოფა კონკრეტული პირის ინტერესში არ შედის“?

„შესაძლოა, მოცემული ზონალური დაყოფა კონკრეტული პირის ინტერესში არ შედის“?

„სითი ინსიტუტის“ ორგანიზებით გამართული თბილისის გენერალური გეგმის განხილვა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილეები, საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე ურბანისტები ესწრებოდნენ, როგორც მერიაში აცხადებენ, ორიენტირი იქნება იმისათვის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომში.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი, იყო ხმაურისა და სიტვყიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა - „სითი ინსტიტუტისთვის“ დედაქალაქის მთავრობის ბრალდებები და კრიტიკა მიუღებელია და საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოშიც არ გამორიცხავს.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა. თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.

როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, მამუკა სალუქვაძე აცხადებს, ასეთ მასშტაბურ და დიდ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა არსებობდეს, თუმცა, მერიის შენიშვნები გაუგებარია, რადგან უწყება კონკრეტიკას ითხოვს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გენგეგმა კი ზოგადი დოკუმენტია, რომლის მიღების შემდეგაც კონკრეტული ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები უნდა შემუშავდეს.

პროექტის ავტორები თვლიან, რომ 10-ათასიან მასშტაბზე (გენგეგმის რუკა), 200 კვ.მ-ის გამწვანებული ტერიტორია არის წერტილი და მის დასმას აზრი არ აქვს.

„ყველა მასშტაბური ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი მოითხოვს დიდ ფინანსებს, მაგრამ ჩვენ სპეციალურად გვაქვს ქალაქის კომპაქტურობა აღებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის სახსრები, რაც თბილისის ბიუჯეტს ექნება“,- აცხადებს სალუქვაძე.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ეს რომ იყოს ექსტენსიურ განვითარებაზე, ანუ ქალაქის განაშენიანებული ნაწილის გარეთ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი, მაშინ მივიღებდით იმას, რომ საინჟინრო ქსელებით, სატრანსპორტო ქსელებითა და სერვისის ობიექტებით დაგვეკმაყოფილებინა ის ტერიტორია, რომელიც ქალაქის განაშენიანებული ნაწილის გარეთაა - ამას ძალიან დიდი ფინანსები სჭირდება.

„ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი, რომელზეც, ქართველ სპეციალისტებთან ერთად მეშაობდნენ გერმანელი, ფრანგი, ჰოლანდიელი, ავსტრიელი სპეციალისტები. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს არის იმ მასშტაბის და სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც უნდა არსებობდეს“, - განაცხადა სალუქვაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

„სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები როგორც აღნიშნავენ, ყოფილი მერის მმართველობის დროს, პროექტთან დაკავშირებით შეკითხვები არ ქონდათ. სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ოპოზიცია კახა კალაძეს პოლიტიკური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თბილისის მერი დოკუმენტის მიღებას ხელოვნურად აჭიანურებს.

ოპოზიცია ძირითადად, პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება და რატომღაც, არ ცდილობს არგუმენტირებული მიზეზები დადოს, რატომ არ სურს მერიას ამ გენგეგმის მიღება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ თბილისის მერიას აღნიშნული გენგეგმა გარკვეულწილად შეზღუდავს და მერიის წარმომადგენლებს საკუთარი ნებით მოქმედებას აუკრძალავს.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი არ გამორიცხავს რომ რაკი „სითი ინსტიტუტი“ ამ ეტაპზე ზონალურ რუკებზე მუშაობს, შესაძლოა, მოცემული ზონალური დაყოფა კონკრეტული პირის ინტერესში არ შედის.

„მერია საკუთარ კონტრაქტორს ისე ექცევა, როგორც დამნაშავეთა ჯგუფს და ძირითადად, მისი დატუქსვით არის დაკავებული. შესაბამისად, გვაინტერესებს რა ხდება, რეალურად რაშია საქმე, როცა ხუთი ეტაპი ჩაბარებულია, ორ მილიონზე მეტი გადახდილია და ბოლოს ვისმენთ, რომ ეს ჯგუფი არ მოსწონს მერიას, რომელიც ამუშავა ამდენი ხანი“, - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე შეფასებით, მერიის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ გენგეგმა „დაბრაკონ“.

მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილიც თვლის, რომ ვიღაცები ფულს ვეღარ გააკეთებენ და ეს „ბალაგანიც“ ამიტომ მოაწყეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, როდესაც გენგეგმის დამტკიცების ბოლო ფაზა იწყება, ვხედავთ ვითომ გულანთებულ ჩვენი ქალაქის პატრიოტებს, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ კალაძე იქაც გოლს გაიტანს თბილისის სასიკეთოდ. დეპუტატის თქმით, დღემდე ვერც ერთმა ქალაქის მერმა და საკრებულომ, მათ შორის იმ ხალხმა, ვინც კახი კალაძეს აკრიტიკებს, ვერ შეძლო გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება.

„სითი ინსტიტუტის“ პრეზენტაციას წინ უძღოდა პარლამენტში გამართული შეხვედრა, რომელიც გენგეგმას ეხებოდა. როგორც შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განუცხადა ჟურნალისტებს, რაც მოისმინეს, მარტივი გასაგებია - ძალიან ბევრი რამ არასწორად გაკეთდა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, „სითი ინსტიტუტმა“ თავისი პოზიცია უნდა წარმოადგინოს. კონცეპტუალურად შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ გეგმა პრაქტიკულად განუხორციელებელია.

„ვფიქრობ, რომ პრობლემა არის მასშტაბში - დაგეგმვის მასშტაბი არის საკმაოდ მსხვილი. მაგალითად, თუ ჩუღურეთის რაიონში გვთავაზობენ გამწვანების ზონას, სატყეო ზონას ან ინტენსიური მშენებლობის ზონას, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული ამ ზონაში კონკრეტულად დღეს რა არის - იქნებ გამწვანების ზონაში სამშენებლო პროცესია ან კერძო მესაკუთრის ზონაში გათვალისწინებულია აბსოლუტურად სხვა რამ... არ არის მიწისქვეშა კომუნიკაციების თემა. ბევრია დაუხვეწავი და კონცეპტუალურად განუხორციელებლი თემა. შეხვედრაზე დავსვი კითხვა, რა ეტაპიდან შეიძლება „სითი ინსტიტუტს“ მივცეთ ახალი ამოცანები. 5 ეტაპი უკვე გავლილი აქვთ. თბილისის მერიის წინა ხელმძღვანელობამ არ მიიღო მე-6 ეტაპის სამუშაოები. ეტყობა. მათაც ჰქონდათ სერიოზული შენიშვნები და კითხვები. სანამ თბილისი დახვეწილ გენერალურ გეგმას მიიღებს, დედაქალაქის მერია გარდამავალ ეტაპზე მაღალპროფესიონალური ხედვის წარმოდგენას დაგვპირდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მერია დოკუმენტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხდებს.