აშშ-ის თავდაცვის მდივანის ჯეიმს მეტისის განცხადებით, რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლნოვნიკისა და მისი ქალიშვილის მოწამვლით, რუსეთი აგრძელებს დასავლეთის ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას. მეტისის თქმით, რუსეთმა თავად აირჩია აშშ-ს „სტარატეგიული მეტოქის“ როლი და მისი ბრალია, რომ დაახლოების ყველა მცდელობა წარსულს ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ლონდონი ამტკიცებს, რომ მოწამვლაში მოსკოვი მონაწილეობდა. ამის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. დიპლომატების შემდეგ რუსი ბიზნესმენების ჯერი დადგა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, საჭიროებას მოითხოვს ქვეყნის შს სამინისტრომ გადახედოს ინვესტორებისათვის ვიზების გაცემის პროცედურას, მათ შორის რუსეთის შეძლებული მოქალაქეებისთვის.
ბრიტანეთის კვალდაკვალ ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა და ასევე აშშ-მ, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ რუსეთი ცხოველია ზღვის სიღრმეებიდან, რომელსაც გრძელი საცეცები აქვს.
„რუსეთს ძალიან გრძელი ხელები აქვს. რუსეთს ბევრი საცეცები აქვს. მივიჩნევთ, რომ რუსეთი ჩვენი არჩევნებისადმი, ასევე სხვა ბევრი ქვეყნის არჩევნებისადმი ინტერესს ინარჩუნებს. რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მიმავალი გზა ღია რჩება, მაგრამ თუ რუსეთს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და შეწყვიტოს აგრესიული საქმიანობა“, - აღნიშნა ჰიზერ ნაუერტმა.
რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს ალიანსი. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ეს არის ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის, რომ თავისი ქმედებებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს და, რომ ყველაფერს თავისი შედეგები მოჰყვება. რუს დილომატებს ქვეყნიდან გააძევებს ნატოს ახალი ევრო სახელმწიფო - მონტენეგრო. მონტენეგროს ხელისუფლებამ რუს დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა მისცა.
აშშ-ისა და ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, დიდი ბრიტანეთის სოლიდარობას არ აპირებს ანკარა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ანკარა რუსეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას არ აპირებს.
„ჩვენ წინაშე არ დგას ისე მოქცევის აუცილებლობა, როგორც მოიქცნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ არ ვიზიარებთ მიდგომას - „ჩვენც ასევე მოვიქცეთ“ - ასეთ საკითხებში“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილის ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მთავრობებმა, რუსეთის დასჯა მათი დიპლომატების გაძევების გზით გადაწყვიტეს. ამ დროისათვის ჯამში 100-ზე მეტი დიპლომატია გაძევებული. მოსკოვი სოლსბერიში სკრიპალების მოწამვლასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.
თავის მხრივ, მძიმე მდგომარებაში მყოფი რუსეთი აცხადებს, რომ სკრიპალის საქმეში ლონდონს რუსეთის კვალის დამადასტურებელი ადეკვატური და დამაჯერებელი მტკიცებულებები რუსეთისთვის არ წარუდგენია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს არანაირი ინფორმაცია არ აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მთელს მსოფლიოში ლონდონის ძალისხმევით რუსეთის დამნაშავეობის აბსოლუტური პრეზუმფციის ჩამოყალიბების კამპანია მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს კონფრონტაციის მიზანმიმართული დაძაბვა, რუსეთის საზღვრებთან ძალის დემონსტრირება. აშკარაა გეზი, ხელი შეეშალოს სოლსბერის ინცინდენტის საყოველთაო გამოძიებას“, - ნათქვამია სერგეი ლავროვის განცხადებაში.
ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე თვლის, რომ გვიან, მაგრამ საბოლოოდ დასავლეთმა აღიქვა რას წარმოადგენს და რა საშიშროება მოდის რუსეთიდან.
„დაგვიანებული რეაქციაა, მაგრამ მეორე მხრივ მაქსიმალურად გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა, რომ როგორმე რუსეთთან დაერეგულირებინათ ურთიერთობა. თუმცა, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთი არ აპირებს უკან დახევას. რუსეთი აპირებს რაც შეიძლება მაღლა აწიოს ტემპერატურა, რომ დასავლეთი დაიყოლიოს მოლაპარაკებებზე და, რომ მან შექმნას თავისი პოლუსი. რუსეთის განცხადებაა, რომ პოსტსაბჭოური სივრცე არის მათი ისტორიული გავლენის სფერო და მათი მიზანია ამ სფეროში იყვნენ დომინანტები, რაზეც დასავლეთი არ თანხმდება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ტემპერატურის აწევა არ გამოიწვევს იმას, რომ დასავლეთი დათანხმდება რუსეთთან მოლაპარაკებას. რაც შეეხება თურქეთს, მისი თქმით, ამ ეტაპზე არც იყო მოსალოდნელი, რომ თურქეთი რუს დიპლომატებს გააძევებდა. მისივე შეფასებით, თურქეთმა ძალიან დაძაბა ურთიერთობა დასავლეთთან და ამიტომ, ერთადერთი მეგობარი ამ ეტაპისთვის მისთვის რუსეთია.
„თუმცა, რუსეთ-თურქეთის ინტერესები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და დიდი დრო მათ მეგობრობას არ უწერია. ადრე თუ გვიან, თურქეთსაც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა. ალბათ, ეს უფრო გვიან იქნება, ვიდრე დღეს, ან ხვალ. დასავლეთის რექაცია, რაც რუსი დიპლომატების გაძევებით გამოიხატება, არის დასაწყისი. რაც დრო გავა, უფრო მეტად და მეტად გაითავისებენ რუსეთის საფრთხეს და ვფიქრობ, ალბათ, უფრო მეტი სანქციები იქნება. განსაკუთრებით თუკი მხედველობაში მივიღებთ ბოლო გადაადგილებას, რომელიც ტრამპმა გააკეთა - ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მაიკ პომპეოს დანიშვა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, ეს ნიშნავს, რომ იმ ადმინისტრაციაში იქნება ქორი. რუსეთის მომავალი არც თუ ისე ნათელია. თუ უარს არ იტყვის თავის ამბიციაზე, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.