„როგორ შეიძლება, არ დასვა კითხვა, სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას“?

„როგორ შეიძლება, არ დასვა კითხვა, სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას“?

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე განიხილეს. როგორც დედაქალაქის მერმა ახსნა, ის დეპუტატებს მიაწვდის ობიექტურ ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტია წარმოდგენილი და რა შენიშვნები აქვს მასთან დაკავშირებით თბილისის მერიას.

გავრცელებული ცნობით, არ არის გამორიცხული „სითი ინსტიტუტის“ მიერ წამოდგენილი პროექტი ჩავარდეს და მერიის მხარდაჭრით, გენგეგმის სხვა პროექტი გამოიტანონ განსახილველად და ამას დედაქალაქის მერიც არ უარყოფს - კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება, გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა „სითი ინსტიტუტთან“ ერთად გაგრძელდება თუ არა.

„გენგეგმა, რომელშიც არ არის ასახული კერძო საკუთრება, არ შეიძლება გენგეგმა იყოს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა - ეს არის ის მიზეზები, რის გამოც მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილ გენგეგმის პროექტს მხარს არ უჭერს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი არყოფნა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ იმით ახსნა, რომ მიწვეული იყო თვითმმართველობის კომიტეტის სრული შემადგენლობა.

როგორც ცნობილია „სითი ინსტიტუტი“ არ აპირებს პოზიცია დათმოს და თავადაც გეგმავს, საკუთარი ხედვები წარმოადგინოს.

„სითი ინსტიტუტსაც“ აქვს ვალდებულება, საჯარო შეხვედრები გამართოს. ვიცი, რომ ისინი პარასკევს მართავენ შეხვედრას და მერიის მხრიდან აუცილებლად დავესწრებით“, - განაცხადა კალაძემ.

მერიის არგუმენტაციით, უკმაყოფილების მიზეზი არის ის, რომ გენგეგმაზე მუშაობა უსასრულოდ გაიწელა, ამასთან ეს არ იყო გამართული დოკუმენტი.

„მივმართეთ დაესახელებინათ გონივრული ვადა, რა ვადაშიც შეეძლოთ ამ ყველაფრის გამოსწორება. მათ მოითხოვეს 45 დღე, რაზეც დავეთანხმეთ, თუმცა გამოსწორებული რეალურად არაფერი არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია აღშფოთებულია იმით, რომ ხელისუფლებამ სამუშაო პროცესში არ ჩართო.

„მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, გადადოს გვერდზე თავისი ემოციები და ნუ შექმნის ისეთ ატმოსფეროს, როდესაც იკეტება თავის კარში და განსხვავებულ აზრს არ უსმენს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის თქმით, თბილისის განვითარების გენერალური გეგმა არ არის პარტიული დოკუმენტი, ქალაქისთვის მნიშვნელვანი დოკუმენტია, რაზეც მსჯელობა უნდა შედგეს.

„ეს არის დოკუმენტი, რომელშიც უკვე „ქართული ოცნების“ ქალაქის მმართველობის პერიოდში დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომელზეც ბუნებრივია არსებობს დიდი მოლოდინი თუ რაში დავხარჯეთ ეს თანხა და რა არის ამის შედეგი“, - განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე შეფასებით, ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება იმისთვის, რომ კახა კალაძემ ეს გეგმა არ მიიღოს და ის სკანდალიც, რომელიც ოპოზიციასთან მოხდა, იმას ემსახურება, რომ მერმა დაბლოკოს განსხვავებული აზრი.

„როგორ შეიძლება, არ დასვა კითხვა სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ შეურაცხყოფებს და დახურულ შეხვედრებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი კი თვლის, რომ „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის და დედაქალაქის მერის მთავარი ამოცანა არ არის გენერალური გეგმის მიღება.

„მათი მიზანია, რაც შეიძლება გაჭიანურდეს ეს პროცესი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

როგორც კალაძე აცხადებს, ორშაბათს მიიღებენ გადაწყვეტილებას გენგეგმასთან დაკავშირებით და თუ როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, ამას საზოგადოება მედიის მეშვეობით გაიგებს.

როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, მერიას დოკუმენტის 5 ეტაპი მიღებული აქვს და ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი მასალა. მე-6 ეტაპში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საბოლოო გენგეგმა, არის ხარვეზები, რომელიც დღემდე არ არის გამოსწორებული.