„მაკონტროლებელი სასწორების დადგმა ბაზრის დირექციას არ აწყობს - თვალებზე ლარიანები აქვს აფარებული“

„მაკონტროლებელი სასწორების დადგმა ბაზრის დირექციას არ აწყობს - თვალებზე ლარიანები აქვს აფარებული“

რა ხდება ჩვენს ბაზრებზე და რატომ ვაწყდებით ფეხის ყოველ ნაბიჯზე დარღვევებს? რატომ აღარ სურს მომხმარებელს სასურსათო ბაზარში მისვლა და რატომ ამჯობინებს სუპერმარკეტებს? რატომ არ ამოწმებს ბაზრის დირექცია მის ობიექტზე შეტანილ სურსათს და არ ცდილობს რამდენიმე ადგილას მაკონტროლებელი სასწორის დადგმას, რათა არაკეთილსინდისიერ მოვაჭრეს გაყალბების სურვილი ჩაუკლას?

ეს მარტივი გზა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა და ჩვენს სასურსათო ბაზრებსაც კლიენტებს არ დააკარგვინებდა, ამასთან, მოვაჭრესა და მყიდველს შორის გაუგებრობებსაც აგვაცილებდა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად იგი, როგორც მომხმარებელთა უფლების დამცველი, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს მოვაჭრის ნათქვამს, თითქოს მას უჭირს, ბანკიდან ფული აქვს ნასესხები და ამიტომაც დგას ბაზარში. სინამდვილეში, მოვაჭრეები შეგნებულად იქცევიან არაკეთილსინდისიერად, რათა ზედმეტი თანხები სხვისი უბედურების ხარჯზე იშოვონ.

„მიაქციეთ ყურადღება, ვაჭრები სულ ტირიან. გამოდის, ფული გაქვს გამოტანილი ბანკიდან და ის ფული უნდა გადაიხადო ჩემი ჯანმრთელობის ხარჯზე? საქართველოში პატიოსანი ვაჭარი არ არსებობს. თუ არ მოიპარა, არ მოატყუა სხვა, თუ ძველი ახლად არ გაასაღა, „კარგი“ ვაჭარი არც არის. ბაზრის დირექციას არ აწყობს მაკონტროლებელი სასწორები დადგას, რადგან თვალებზე, ალბათ, ლარიანები აქვს აფარებული. ადრე ბაზრებში ქალაქის ვეტსამსახურიდან იყვნენ წარმომადგენლები, ანუ ვეტექიმები. ისინი ბაზარს არ ეკუთვნოდნენ, ეკუთვნოდნენ ქალაქის ვეტსამსახურს. ახლა თავად ბაზრის თანამშრომლები არიან ვეტსამსახურის წარმომადგენები და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ასე რომ, ახლანდელ ბაზრებში შემმოწმებლების ყოლას აზრი არ აქვს. ჩვენს ბაზრებზე სიტუაციის გამოსასწორებლად გარკვეული იდეები მაქვს, ამ იდეებს თითქოს ყველა მხარს უჭერს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მერე არავინ აკეთებს. ზუსტი სასწორების დადგმის იდეაც მაქვს. სასწორს აქვს ერთი ადგილი, რომლის რეგულაციითაც გამყიდველს შეუძლია კილოიანი გირი გახადოს კილონახევრიანი, მოუკლოს, მოუჭიროს იმ კონკრეტულ ადგილს. ადრეც ვისაუბრე ამ თემაზე. ავიღე შაქარი. შაქარს ერთი კილო ეწერა, სინამდვილეში, 656 გრამი იყო. ასევე, 600 გრამი ეწერა წიწიბურას, მაგრამ 400 გრამი იყო. ბრინჯიც შეცვლილი იყო, მოკლედ, ყველაფერს აკლდა. ერთ შაქარს ეწერა პლუს-მინუს 5%. ერთკილოიანი შაქრის 5% კი 50 გრამი გამოდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 ჩაის კოვზი შაქარი 5 გრამია, გამოდის, რომ 10 ფინჯანი ჩაის დასალევად თითო კოვზი შაქარი მაღაზიამ წაგვართვა. სინამდვილეში, 5% კი არა, 5 გრამი უნდა დაეწერათ შაქრის ეტიკეტზე“, - აღნიშნა ამირან შენგელიამ.

მანვე განმარტა, რომ ჩვენი მომხმარებლებიც არ არიან მზად საკუთარი უფლებების დასაცავად. ამიტომ მომხმარებელს ვერაფრით დაეხმარები. სავაჭრო ობიექტში როცა მიხვალ და გამყიდველს შენიშვნას მისცემ, თუ რატომ ყიდის უვარგის პროდუქციას, ისევ „დაზარალებული“ მომხმარებელი შემოგედავება, რომლის უფლების დაცვასაც ცდილობ. მომხმარებელი თითქოს იცოდებს გამყიდველს და ამბობს, რა ქნას, ცოდოაო. როგორც ჩანს, ნისიად წამოღებული საქონლის მძევალია და ნისიად რომ წაიღო პროდუქტი, ჩათვალა, გამყიდველის მხარე უნდა დაიჭიროს.

„ერთი მეუბნება, ამა და ამ მაღაზიაში კონკრეტული დარღვევებიაო. ვუთხარი, წამოდი და რეაგირება მოვახდინოთ-მეთქი. არა, ბიჭო, ასი ლარის გულისთვის როგორ ვირბინოო. თუ მომხმარებელი არ უფრთხილდება თავის ას ლარს, მის ნაცვლად მე როგორ მოვუფრთხილდე? ამიტომაც არის, რომ ცხენის ხორცს გვაყიდებენ საქონლის ხორცის ნაცვლად. მართალია, ცხენის ხორცი ნებადართულია, არც კამეჩის ხორცია აკრძალული და კამეჩის ხარჩო უგემრიელესია, მაგრამ ეს ყველაფერი იაფია და რატომღაც ჩვენ ძვირად გვაყიდებენ“.

„აფბა“-ს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენს ბაზრებში ზუსტი სასწორების დადგმის იდეა საინტერესოა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს იდეა შესთავაზოს ბაზრებს და ეს ჩვეულებრივი მომსახურებაა, რომელიც თავისუფალი ბაზრის პირობებში ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ. თუმცა ამ საკითხში სახელმწიფო რომ ჩაერიოს და სასწორების სიზუსტე გააკონტროლოს, სწორი არ იქნება.

„ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალი ბაზრის პირობებში და, შესაბამისად, თითოეული მოქალაქე საკუთარი ნებით იქ მივდივართ პროდუქციის საყიდლად, სადაც მეტი ნდობა გვაქვს. თუ არ ვენდობით ბაზრის გამყიდველებს და მათ სასწორებს, მივდივართ ჰიპერმარკეტებში. გვირჩევნია გადავიხადოთ ძვირი, მაგრამ ზუსტად ვიცოდეთ წონა და ხარისხი, ვიდრე წონაში მოტყუების სანაცვლოდ, ერთი შეხედვით, იაფი გადავიხადოთ და უფრო ძვირი დაგვიჯდეს ნაყიდი პროდუქცია. ჩვენ გვინახავს, ადამიანები თავიანთი სასწორებით დადიან ბაზრებში, რომ არ მოტყუვდნენ. თუკი ბაზრის ადმინისტრაცია გააკონტროლებს ამას და სიტუაციის გამოსწორებას სწორი სასწორებით შეეცდება, მაქსიმალურად ბევრ მომხმარებელს მიიზიდავს. ეს მათი პრეროგატივაა. თუ დახარჯავენ რესურსს და გამოყოფენ საშტატო ერთეულს, რომელიც სასწორების გადამოწმებით იქნება დაკავებული, ცხადია, უკეთ მიიზიდავენ მომხმარებელს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხელოვნური ჩარევის გარეშე ბაზარი მომხმარებელთან ურთიერთობას თავად დაარეგულირებს“,-აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.