ვინ და რას ერჩის ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ, გადამხდელ და ყველაზე დიდ ექსპორტიორ კომპანიას საქართველოში?!

ვინ და რას ერჩის ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ, გადამხდელ და ყველაზე დიდ ექსპორტიორ კომპანიას საქართველოში?!

ინტერვიუ „ბადაგონის“ ადვოკატთან ირაკლი ყანდაშვილთან

თქვენი აზრით, სად და რაში ირღვევაბადაგონისდა მისი ერთადერთი მფლობელის - გიორგი სალაყაიას უფლებები?

- ბატონი სალაყაიას მიმართ მართლაც ადამიანური და სამართლებრივი კუთხით ბევრი უსამართლობა ხდება ჯერჯერობით. ადამიანური ფაქტორით დავიწყებ - ადამიანი 7 შვილის მამაა და მის მიმართ მართლაც მიზანმიმართული შავი პიარ კამპანია არის აგორებული, თითქოს ვინმეს რაღაც წაართვა და არ უბრუნებს. ეს თუ მართლა ასეა, იქნებ ამ წართმევის რაიმე მტკიცებულება გვაჩვენოს ვინმემ და თუ ეს ასე არ არის, ამ პიარ კამპანიით ჩვენ ადამიანის პირად ღირსებას, მის ადამიანურ და მერე საქმიან რეპუტაციას აშკარად დაუმსახურებლად ვცხებთ ჩირქს. ამაზე ალბათ ყველანი უნდა დავფიქრდეთ. ეს ყველაფერი ჩაივლის, დარწმუნებული ვარ, თუმცა იმ გულის ტკენას, რასაც მის შვილებს და ოჯახს დაუმსახურებლად დღეს აყენებენ, ვერავინ აანაზღაურებს. ეს ყველა ჩვენგანის აზრია, ვინც დღეს ამ დავაში და ბატონი სალაყაიას გარშემო ვართ ჩართულნი.

სამართლებრივად უკვე ბევრი არგუმენტი მოგახსენეთ, თუ რატომ გვაქვს სახეზე მისი უფლებების დარღვევა. თუმცა რამდენიმე საკითხს დამატებით კიდევ დავაზუსტებ:

ეს ფაქტია, რომლის მტკიცებულებები დიდი ხნის წინ გვაქვს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნაჩვენები და წარდგენილი ყველა სახელმწიფო და საგამოძიებო უწყებაში: გიორგი სალაყაიამ იყიდა წილი, იყიდა კანონიერად, კანონიერად დაარეგისტრირა ეს წილი 3 წლის წინ, კანონიერად გახდა 100% წილის მესაკუთრე, კანონიერად, როგორც 100% წილის მესაკუთრე მოქმედებს ეს წლებია, კანონიერად - კანონიერად - კანონიერად, ყველაფერი კანონიერად აქვს როგორც წილის კანონიერი გზით შემძენს გაკეთებული. ამას ის გვათქმევინებს, რომ რაიმე საბუთი ან მტკიცებულება იმისა, რომ მან უკანონოდ, იძულებით ან მოტყუებით შეიძინა წილი, ბუნებაში არ არსებობს. თავად საჩივრის ავტორი ამბობს, რომ იძულებას, მოტყუებას წილის გაფორმებისას არ ჰქონდა ადგილი, თავად ამბობს რომ მისი ნების შესაბამისად მოაწერა ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებას. აბა მაშინ რასთან გვაქვს საქმე არ გიჩნდებათ კითხვა? ის დავიჯეროთ, რომ სალაყაია დაპირდა წილის უკან დაბრუნებას და არ დაუბრუნა? რაც არსად არ არის გაწერილი და ეს მხოლოდ 3 წლის გასვლის შემდეგ თქვა ხმამაღლა ბატონმა ჯანჯღავამ? რთულია ამის დაჯერება და მერე ამის დადასტურება იმ სტანდარტით, რა სტანდარტებსაც სამართალი ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სალაყაიამ 2015 წელს შეისყიდა გაკოტრების წინაშე მდგომი კომპანია. მან პირადი და მისი ახლობლების ქონების დაკარგვის ხარჯზე მოიზიდა დაფინანსება (ამ მტკიცებულებებს, რა თქმა უნდა, დამატებით წარვადგენთ, თუ საქმე მივა სასამართლომდე) და 2015 წლის უარყოფითი ბალანსი, როდესაც მარტო ბანკის და მიმწოდებლების მიმართ დავალიანება 30 მილიონამდე იყო, ეს კომპანია 2017 წელს აქცია ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად მეღვინეობის დარგში, ყველაზე მსხვილ გადამხდელად და ყველაზე დიდ ღვინის ექსპორტიორ კომპანიად, რითაც ქართულ პროდუქციას უდიდეს რეკლამას უკეთებს უცხოეთში და ამით ჭეშმარიტად ქართულ საქმეს აკეთებს.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ბატონი სალაყაია 2015 წლიდან 2018 წლამდე 100% წილის მესაკუთრეა და მან მარტომ შეძლო ის, რაც მანამდე ვერავინ შეძლო „ბადაგონში“. პირიქით, მანამდე 2014 წელი კომპანიამ ისე დახურა ფაქტობრივად განწირული იყო. ამდენს რომ შეძლებ ადამიანი - დამოუკიდებლად ბოლო 3 წელიწადში მოწინავე ბიზნესის სტატუსს შეიძენ და უცებ იმ რეალობას შეეჩეხები, რაც დღეს მისი, მისი კეთილი სახელის, მისი პიროვნების მიმართ მიმდინარეობს, ალბათ, თქვენც გაგიჩნდებოდათ უსამართლობის გრძნობა, მინიმუმ ადამიანური უსამართლობის განცდა, არ მეთანხმებით?