თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებით დიდი ხმაური ატყდა, თუმცა სკანდალი არა დედაქალაქის გენგეგმას არამედ სულ სხვა თემებს უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, ერთი მხრივ ოპოზიციას, მეორე მხრივ ხელისუფლების ცალკეულ ჯგუფებს საკუთარი მოტივაცია გააჩნიათ, რაც შეიძლება ნაკლები ილაპარაკონ საქმეზე და საზოგადოების ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ.
მართალია, დედაქალაქის მერმა გენერალური გეგმის განხილვის დროს განაცხადა, რომ მერია იღებს პასუხისმგებლობას - გენგეგმა გვექნება თუ არა, მაგრამ კახა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სწორი განვითარება მნიშვნელოვანია. თუმცა, იმ ფონის მიხედვით, რაც ამ საკითხის გამოტანისას შეიქმნა, აშკარაა, რომ გენგეგმის მიღება ბევრი ძალის ინტერესში არ ჯდება - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება.
დავით ზარდიაშვილი: მნიშვნელოვანი თემაა და ბუნებრივია, მისი განხილვა ხმაურის გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან სხვადასხვა წრეებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიც ერევა ამას და მთლიანობაში, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველა ქვეყანაში საკმაოდ რთული პროცესია. მით უმეტეს ჩვენ დიდი ჩავარდნა გვაქვს - ათეულობით წელია, მსგავსი დოკუმენტი ვერ მივიღეთ. ასე რომ, მწვავე კამათი დავა და დაპირისპირება გარანტირებულად იქნება, რადგან პროფესიონალთა შორისაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.
თუმცა განხილვისას ყველაზე ნაკლები ყურადღება დაეთმო გენგეგმას - უფრო სხვა თემებზე გადადიოდა აქცენტი. მაგალითად, ნაციონალები სხდომის მიღმაც ცდილობდნენ ყურადღების სკანდალზე კონცენტრირებას და სპეციალური ბრიფინგი კალაძის მხრიდან დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას მიუძღვნეს - მილანში ბიუჯეტის ფულით თმის შეჭრის ისტორიას ვგულისხმობ...
- არასერიოზულია, კალაძეს ედავო, რომ ბიუჯეტის ფული მოიხმარა საკუთარი მიზნებისთვის, მაშინ როდესაც ხელფასსაც კი არ იღებს - ეს არის აბსურდი. ახალი არ არის, რომ ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური ძალა ცდილობს, ქულები სკანდალებით დააგროვოს.
თუ ნაციონალებს დავაბრალებთ, რომ მათ ინტერესშია, დავუშვათ, ამ საკითხის ჩაგდება, როგორ აიხსნება „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან ოპოზიციისთვის შეურაცხყოფის მიყენება? - შედეგად, გენგეგმის ნაცვლად დღის თემა ეთიკის კოდექსი გახდა, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა, ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფებშიც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით...
- თემა ისეთი გახლავთ, რომ სხვადასხვა ინტერესები იკვეთება, ლაპარაკია ბიზნესის ინტერესებზე, ბუნებრივია, პოლიტიკაშიც არიან ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესინტერესებს ლობირებენ. არის მშენებელთა, ბუნების დამცველთა და კიდევ ბევრი სხვა ინტერესი. იმედს ვიტოვებ, რომ ამ რთულ პროცესს როგორმე გადავლახავთ და სამშვიდობოს გავალთ - აზრთა თუ ინტერესთა შეჯერების შედეგად, ბოლოს და ბოლოს, თბილისი აღნიშნულ დოკუმენტს მიიღებს. პრაქტიკულად, ეს ქალაქის კონსტიტუციაა - როგორი იქნება მისი შემდგომი ცხოვრება, რა მიმართულებით განვითარდება, ამ დოკუმენტზეა დამოკიდებული. ამის გარეშე გაჭირდება წარმოდგენა, თუ რა პოლიტიკა გატარდება დედაქალაქში.
დიდი ხანია, ლაპარაკია, რომ აუცილებელია არსებობდეს დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა და დაახლოებით 30 წელია, ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა მთელ ამ პრიოდში დედაქალაქში გამალებული მშენებლობის პროცესი არ შენელებულა. ბიზნესის და მის უკან მდგომი პოლიტიკური ჯგუფების ინტერესშია რომ ასეთი გეგმა არ არსებობდეს?
- არსებობს ფრაგმენტული სახით ზონირების დოკუმენტები, ნორმატიული საფუძვლები და ა.შ. გახსოვთ, ალბათ, რაც იყო ბენდუქიძისდროინდელი ეკონომიკა, რომ დერეგულირებული ყოფილიყო ყველაფერი და როცა წესრიგი არ არის, შეგიძლია ის აკეთო, რაც გინდა - დღვანდელი თბილისი ამისი შესანიშნავი მაგალითია. ქაოტური მშენებლობების შედეგად ზიოგიერთ უბანში კოლაფსი მივიღეთ - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია ამის თვალსაჩინოებაა.
მაშინ მოტივი იყო კორუფციის პრევენცია - სპეციალისტები დღესაც აღნიშნავენ, რომ მკაცრი რეგულაციები კორუფციის რისკებს ზრდის - ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია?
- ზედმეტი რეგულირება თავსატეხს შეუქმნიდა მათ, ვისაც ამ ტერიტორიების სწრაფი ათვისება სურდათ საკუთარი ბიზნესინტერესიდან გამომდინარე და ეს მოხდა საზოგადოების, ქალაქის ინტერესების ხარჯზე. ვიღაცეებმა იშოვეს დიდი ფული, ჩვენ კი პრობლემები დაგვიტოვეს.
არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება. რაკი რეგულაციები კორუფციასთან ასოცირდება, მაშინ გავაუქმოთ სახელმწიფო და თვითმმართველობაც აღარ გვინდა... კორუფციის რისკი ყველა შემთხვევაში არსებობს და ამას ყურადღების მიქცევა სჭირდება.
კიდევ ვიმეორებ, უამრავი ინტერესი არსებობს და ამ ინტერესთა შეჯერების შედეგად თამაშის რაღაც საერთო წესებზე როგორმე უნდა შევთანხმდეთ - ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ისეთი თვითნებობა, რაც მშენებლობების გარშემო ტრიალებდა ათწლეულობით, აღარ გაგრძელდეს.
როდესაც თავის დროზე სპორტის სასახლე აშენდა, შეიქმნმა ქუჩების ქსელიც, რომელიც ნორმალურად პასუხობდა იმ დროის გამოწვევებს, იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას საბჭოთა არქიტექტურა იძლეოდა. გაუმჯობესების ნაცვლად ქალაქის ცენტრში მივიღეთ ისეთი ველური სურათი, როგორიც სპორტის სასახლესთანაა შექმნილი.
ამ გენგეგმის მიზანი ის არის, რომ იქ, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გადარჩენა, მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. გეგმაზომიერად განვითარდეს ქალაქი და ყველა ინტერესს მიეცეს დაკმაყოფილების საშუალება, ბიზნესსაც, გარემოს დაცვასაც, ახალგაზრდულ პოლიტიკასაც, ცხოვრების ჯანსაღ წესსაც, სატრანსპორტო პრობლემების მოწესრიგებასაც და ა.შ.
თბილისი დღეს პრობლემათა კასკადია, რომელიც თანდათანობით უნდა დაალაგოს ამ დოკუმენტმა - ეს არის მთავარი და იმედია, ახლა მაინც შევძლებთ ამას.