სექსუალურ ძალადობაში მხილებულმა პაპუნა უგრეხელიძემ (მინდია უგრეხელიძის შვილი) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. უგრეხელიძემ მისი გადაწყვეტილების შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნა და მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები შურისძიების მოტივით ახსნა.
გარდა ამისა, უგრეხელიძემ დაარღვია კანონი და გაასაჯარაოვა იმ პირის ვინაობა, რომელიც მას სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. ეს გახლვათ ეკატერინე მესხიძე, რომლიც, თავის მხრივ, საკუთარი ვინაობის გასაჯაროების გამო აპირებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართოს.
უგრეხელიძე წერს, რომ ეკატერინე მესხიძეს მხრიდან შეტევამ მკვეთრი პოლიტიკური ელფერი მიიღო. ამბობს, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ მისი მეუღლე, რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა. მისივე თქმით, მეუღლის გამო ტეხდა კონფლიქტებს და ატერორებდა იუსტიციის სახლში მოსულ ათასობით მომხმარებელს.
ასე ხსნის უგრეხელიძე სექსუალური ძალადობის საქმეს. დღის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დააკმაყოფილა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან განთავისუფლების განცხადების დაკმაყოფილება მოუწევს პრემიერ-მინისტრს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეცვლის, რომლიც თავის მხრივ, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს არის მორიგი ჭორი, ზუსტად ისეთივე, როგორც ბევრჯერ მივისმინეთ აქამდე და დადასტურდა, რომ ჭორი იყო.
„სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება. ეს მით უმეტეს დიდი ჭორია. არ ვიცი საიდან იგონებენ ადამიანები ამ ჭორებს. არანაირი შეთავაზება არ იქნება და არც განიხილება ეს საკითხი საერთოდ. ჩვენ გვყავს იუსტიციის მინისტრი, რომელიც მუშაობს და ვფიქრობ, მას ხელი ეშლება ასეთი განცხადებებით. მე რაც შემეხება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს საქართველოს პარლამენტში და საკმაოდ დიდია ისედაც ეს პასუხისმგებლობა ახალი რომ არ დავიმატო“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ასე არ ფიქრობენ ექსპერტები, რომლებიც for.ge-სთან საუბრისას წულუკიანის პროტეჟეს წასვლასთან ერთად, იუსტიციის მინისტრის გადაგომის აუცილებლობაზე საუბრობენ. საიას თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს ჰქონდა მოლოდინი, რომ იუსტიციის მინისტრი უფრო პრინციპულ პოზიციას დაიჭერდა და მხარს დაუჭერდა იმ ქალებს, ვინც ხმა აიმაღლეს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რისი მოწმეც ვართ.
„ერთ საქმეზე სახალხო დამცველის მიერ დიდი ხნის წინ არის დასრულებული საქმის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც არის მიღებული. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფაქტები და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში თუკი რეგირებაზე არის საუბარი იუსტიციის მინისტრის მხრიდან, ის ერთი საქმეც რომელზეც დასრულებულია წარმოება, საკმარისია, რომ მინისტრმა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
იმ შემთხვევაში თუკი უგრეხელიძეს მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურდება, კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა რეაგირება იქნება გამოყენებული. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ უგრეხელიძესთან ერთად, თანამდებობა თეა წულუკიანმაც უნდა დატოვოს, რადგან მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა იცოდა ამბავი და მალავდა მას.
„თუკი რეაგირება სწრაფი არ იქნა, ყოველთვის წარმოაძახებენ „ქართულ ოცნებას“, რომ იგი ეგუება მინისტრს, რომელიც მფარველობდა სექსუალურ შევიწროებაში სახალხო დამცველის მიერ მხილებულ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამდებობის პირს მას შემდეგაც, რაც ამის შესახებ გახდა ცნობილი. დადასტურდა, წულუკიანი მფარველობდა, რომ ეს ამბავი არ გამხდარიყო საჯარო.
არ შეიძლება ქვეყნის იუსტიციის მინისტრს მუდმივად წლების მანძილზე ამხელდნენ ადამიანის შრომითი უფლებების უხეშ დარღევაში და ის კვლავ რჩებოდეს თანამდებობაზე. ამიტომ დროა, დაგვიანებული მაგრამ სათანადო რეაგირება მოახდინოს მმართველმა პარტიამ“, - აცხადებს დავით ჯანდიერი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი სკეპტიკურად უყურებს იუსტიციის მინისტრის შესაძლო გათავისუფლებას.
„სამწუხაროდ, ხელისუფლების მიდგომა არ არის სახელმწიფოებრივი. მე შემიძლია გიპასუხოთ იმაზე, რამდენად კარგია წულუკიანის გაშვება და ისეთი ადამიანის დანიშნვნა, რომელიც გაწმინდავს დღევანდელ სასამართლოს, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოებრივად არის ძალიან საჭირო. მაგრამ ხელისუფლება რამდენად არის პოლიტიკურად მზად ასეთი გადაწყვეტილებისთვის, მე არ ვიცი. ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, უცხოეთის ქვეყნებს ხშირად ვუყურებთ ხოლმე, როგორც რაღაც ეტალონს და ვცდილობთ უცხოეთის ამბებით მივხვდეთ რა შინაგანი მექანიზმები მოქმედებენ იმ საზოგადეობაში, რომლისნაირიც გვინდა, რომ ვიყოთ. მისივე თქმით, უცხოეთის გამოცდილებაში ძალიან ხშირია შემთხვევა, თუკი თანამდებობის პირს რაიმე ჩრდილი მიადგა, აბსოლუტურად გაუმართლებელიც კი, ეს თანამდებობის პირი თვითონ ტოვებს თანამდებობას, რომ მასზე მიყენებულმა ჩრდილმა ჩრდილი არ მიაყენოს მთლიანად გუნდს.
„მიმაჩნია, რომ ეს მხოლოდ წულუკიანს არ ეხება, იმ თანამდებობის პირების მხრიდან, რომელთა მიმართაც არის პრეტენზიები და ეს პრეტენზიები საზოგადიებრივ აზრს უარყოფითად განაწყობს მთელი გუნდის მიმართ, ევროპული კულტურა დასაფიქრებელი და გასაზიარებელი არის. თავმოყვარე და თავისი პოლიტიკური გუნდის პატრიოტმა ადამიანმა თვითონ უნდა დატოვოს თანამდებობდა, მაგრამ ეს ჩვენი სინამდვილისთვის მეტისმეტად დიდი მოთხოვნაა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.