მიიღებენ თუ არა ერთობლივი განცხადებას ამ რაუნდზე ცნობილი დღეს გახდება

მიიღებენ თუ არა ერთობლივი განცხადებას ამ რაუნდზე ცნობილი დღეს გახდება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდი დაიწყო. დათანხმდება თუ არა საქართველო ერთობლივი განცხადების მიღებას, ეს დღეს გახდება ცნობილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას განმარტებით, ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადება პოლიტიკური განცხადება იქნება, რომელსაც საკმაოდ დიდი წონა აქვს საერთაშორისო სამართალში.

როგორც დონდუა აცხადებს, ამ განცხადების ტექსტზე მუშაობა 6 წელია მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში, ტექსტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეული წინსვლა იყო. მოხდება თუ არა ერთობლივი განცხადების მიღება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ამ რაუნდზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, წინსაწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს. ამბობს, რომ ტექსტი არსებობს, მაგრამ ის სულ მუდამ იცვლება, ხდება მისი შეჯერება და საბოლოო სახით ის ჩამოყალიბებული არ არის.

„ამაზე იქნება მსჯელობა, მაგრამ ვერ ვიტყვი, მოხდება თუ არა უკვე ამ რაუნდზე მისი მიღება და დამტკიცება. შეიძლება მოხდეს ხვალ, შეიძლება გადაიწიოს შემდეგი რაუნდებისთვის. აქ მარტო ტექსტის შეჯერება არ არის საკმარისი. ეს საკმაოდ კომპლექსური თემაა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ განცხადებას ვუყურებთ არა როგორც ერთ დოკუმენტს, არამედ ისეთ დოკუმენტს, რომელიც დასაბამს მისცემს გარკვეულ პროცესებს და ეს პროცესი არის 2008 წლის 12 აგვისტოს ქართულ-რუსული შეთანხმების შესრულება, რომელიც ჯერ კიდევ არაა შესრულებული -

რუსეთს არ გაუყვანია თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ის კვლავ იყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ და ამიტომ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს და სწორედ ამ შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ ჩვენ ჟენევის მომლაპარაკებლების ერთობლივ განცხადებას“, - აცხადებს დავით დონდუა.

დავით დონდუას განცხადებით, ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივ განცხადებაში კონკრეტულ ფაქტებზე მითითება არ იქნება. მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს ასევე არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების რაიმე სახით ლეგიტიმაციასთან ან მათ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენასთან.

„ამ განცხადებაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ რუსეთი ადასტურებს თავის ვალდებულებას საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. ეს არის ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადება, შესაბამისად, იურიდიულად სავალდებულო ვერ იქნება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელსაც საკმაოდ დიდი წონა აქვს საერთაშორისო სამართალში“, - აღნიშნა დავით დონდუამ.

აღსანიშნავია, რომ ჟენევის დისკუსიას წინ უძღოდა პრემიერის წერილი რუსეთისადმი, რასაც მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი და გრიგოლი კარასინის ღია განცხადება გამოცემა „კომერსანტში“, სადაც რუსი დიპლომატი აცხადებდა, რომ ჟენევაში ერთობლივ განცხადებას უნდა მოეწეროს ხელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დეფაქტო აფხაზეთის და დეფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და ამბობს, რომ ჟენევის ფორმატში არსებობს გარკვეული მოთელვის წინაპირობა და შესაძლოა, რომ მსჯელობა უფრო მასშტაბურიც გახდეს.

„არა მარტო ტატუნაშვილთან დაკავშირებით ეკისრება რუსეთს პასუხისმგებლობა, არამედ საერთოდ, რეალურად შექმნილ ვითარებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა და განსაკუთრებით იმაზე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში. არსებობს გარკვეული მოთელვის, ასე ვთქვათ, წინაპირობა, რომელიც დაწყებულია და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში უფრო ფართო მსჯელობა გვექნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ხელისუფლების პოზიცია გაურკვეველია „ევროპული საქართველოსთვის“. გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველ გუნდს არ აქვს გააზრებული პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში.

„ამ თემაზე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო ნაბიჯის გადადგმისკენ იხრებოდნენ… იმ ნაბიჯისკენ, რაც იყო რუსეთის ამოცანა ამ წლების განმავლობაში - დიპლომატიური მარცხისკენ. იმედია რომ ეს არ მოხდება“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელშეკრულება, რომელზეც კარასინი საუბრობს ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.

„ის ხელშეკრულება რომელზეც დღეს საუბრობენ ჟენევაში, ჩვენი აზრით მხოლოდ შეაფერხებს პროგრესს. დღეს საგარეო უწყება, როგორ ჩანს, აღარ განიხილავს იამას, რომ აღარ იყოს დღის წესრიგში რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხომაზე მორიგი განცხადება გააკეთა და ქეთევან ციხელაშვილს მიმართა, რომ დიდი ხნით არ გადადონ იმ ნაბიჯების პაკეტის განხილვა, რომელიც მის სამინისტროს მომზადებული აქვს. ასევე, გიორგი კვირიკაშვილმა მოუწოდა პარლამენტს, დასხდნენ და თანმიმდევრულად გააგრძელონ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინციდენტამდე ახორციელებდნენ. მისივე შეფასებით, საქართველომ მტკიცედ, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გააგრძელოს ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური შერიგების და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესი.

„მეორე მხრივ, ჩვენი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, რუსეთი ვერანაირად აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა, არის მკვლელობა, ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.