განხეთქილების გენგეგმა - მერია დოკუმენტით ისევ უკმაყოფილოა

განხეთქილების გენგეგმა - მერია დოკუმენტით ისევ უკმაყოფილოა

თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან დაიძაბა. როგორც ჩანს, მერია კვლავ უკმაყოფილოა საბოლოო დაკუმენტით. სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტის პოზიცია მიუღებელია ყველასთვის, ვინც კი ამ საქმეში სიცხადის შეტანას ითხოვს.

თბილისი მერის მოადგილის განცხადებით, „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარდგენილი გეგმა სამუშაოდ გამოსაყენებელი დოკუმენტი არაა.

„გენგეგმა აქვს თბილისს, რომელიც მოქმედია. მას იყენებს მერიაც ნებართვის გაცემის დროს. „სითი ინსტიტუტის“ დავალება იყო დავალების განახლება. 5 ეტაპი უკვე ჩაბარებულია, მეექვსე კი ყველაზე ძირითადი ეტაპია, რომელიც 6 ტომისგან შედგება და თითოეულ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება.

ამ ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის განახლებული გენგეგმა და არ არის სამუშაოდ გამოყენებადი დოკუმენტი. ეს არის ვარიანტული პროექტი, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი. შემდგომი განხორციელება კი გადმოდის მერიაზე. მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება. ეს დოკუმენტი არ შეიცავს გამწვანების სტრატეგიის შესახებ ხედვას, ავარიული სახლების განახლების სტრატეგიას, ტრანსპორტის სტრატეგიას და ა.შ.“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

ოპოზიცია კი მერიას დროის უაზრო გაჭიანურებაში ადანაშაულებს. მათი აზრით, გენგეგმა იქნება მთავარი დოკუმენტი, რომლის მიღება დედაქალაქში მავნებლობებს შეზღუდავს.

„მთავარი კითხვა არის ის, რატომ არ მოხერხდა ამ დრომდე თბილისის გენერალური გეგმის მიღება, ვინაიდან ეს არის ამ ქალაქის კონსტიტუცია. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით უნდა განვითარდეს დედაქალაქი უახლოესი წლების განმავლობაში. მაინტერესებს, თავად რა შენიშვნები აქვს მერიას. ამ დოკუმენტს რამდენჯერმე გავეცანი და შევხვდი გენერალური გეგმის ავტორებს. ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მოამზადეს პროექტის ავტორებმა.

მინდა ძალიან მალე მოხდეს ამ დოკუმენტის მიღება, ვინაიდან კიდევ არ მოუნდეს ბიძინა ივანიშვილს რაღაც ტერიტორიების მიერთება და საკუთარ სახელზე დამტკიცება. სწორედ ეს იქნება მთავარი დოკუმენტი, რომელიც ასეთი მავნებლობებს შეზღუდავს დედაქალაქში“, - განაცხადა მერობის ექსკანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპატატი ალეკო ელისაშვილი კი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს „ცეხავიკების“ აქტიურობას უკავშირებს.

მისივე თქმით, ერთადერთი ხეირი, რაც დავით ნარმანიას ნაცრისფერ და უღიმღამო მმართველობას დარჩა, გენგეგმაა და ახლა იმასაც ბლოკავენ.

„ეს გეგმა რომ ამოქმედებულიყო, ქალაქი ამოისუნთქავდა. მე რასაც ვხედავ ამდენი ხნის განმავლობაში, ეს არის „ცეხავიკების“ ბრძოლა გენგეგმის წინააღმდეგ და ამ ბრძოლას სათავეში უდგას, სამწუხაროდ, ბატონი კალაძე. მათი მიზანია, ეს გენგეგმა დაძირონ და ქალაქში გაგრძელდეს ის სამშენებლო ქაოსი და მავნებლობა, რაც აქამდე იყო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი ვაშაძე, რომელიც გენგეგმის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და ყოფილი მერის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხს აყენებს.

„თქვენ აკრიტიკებთ იმას, რაც თქვენმა წინამორბედებმა ჩაიბარეს. თუ ის 2 მილიონი გაიფლანგა, მაშინ უნდა დადგეს წინა მერის პასუხისმგებლობის საკითხი. ახლა ხომ არ გაჩნდა ეს დოკუმენტი? თუ „ქართული ოცნება“ ორად იყოფა? თუ ოპოზიციაში გადმოხვედით, გვითხარით, - მიმართა ქალაქის მერს ვაშაძემ.

კახა კალაძე კი ოპონენტთა ბრალდებებს არ იზიარებს. მისი თქმით, ეს დოკუმენტი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მას უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება.

„ვერ ვხვდები ოპოზიციის ბრალდებებს. რა შუაშია აქ ამ დოკუმენტის მიღება-არმიღების გაჭიანურება. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ამიტომ ვგეგმავთ შეხვედრებს, რათა დარგის ბევრი სპეციალისტი ჩაერთოს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახილველი საკითხი. მნიშვნელოვანი მიმართულებებია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ჩანს, მუდმივი პრეტენზია ყელში ამოუვიდა გენგეგმის განმახორციელებელ ჯგუფს. ისინი ამტკიცებენ, რომ მერიას მათგან პრეზენტაცია არ მოუსმენია და ახლა მათი ნაშრომის წინააღმდეგ უსუსური მაგალითები მოჰყავს.

„მერიამ 2-3 დღეში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და არ მოუსმენია ავტორთა ჯგუფის პრეზენტაცია, თუმცა ამბობენ, რომ ყველაფერი იცის. 5 დღის წინ მერიის თხოვნით, ჩვენ ჩამოვიყვანეთ უცხოელი სპეციალისტები, მაღალი რანგის სპეციალისტები. შეთანხმებული იყო გამოფენა, შეხვედრა. ისინი ჩამოვიდნენ, რათა ეთქვათ, სადამდე მიდის გენგეგმა და რეგულირების გეგმა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იქ არ მობრძანდნენ. უსამართლობა დავარქვა თუ გაუგებრობა არ ვიცი. გაკვირვებულები წავიდნენ უცხოელები.

გენერალური გეგმა უმთავრესი დოკუმენტია, მაგრამ მას მოჰყვება რეგულირების გეგმები არც ერთი დასავლური ქალაქი ასე არ ვითარდება. რეგულირების გეგმა განაშენიანებას კი არ ნიშნავს. არასამართლიანია ეს პოლემიკა. უსუსური მაგალითები გვაჩვენეს. მობრძანებულიყავით იქ და მოგასმენინებდით რა არის და როგორ“, - განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ.

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე კი ამბობს, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი სრულად პასუხობს იმ ამოცანებს, რომელიც დღეს დედაქალაქშია. ამიტომ სალუქვაძე ეჭვქვეშ აყენებს იმას, რამდენად კარგად გაიგო მერიის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტი.

„სრულყოფილებაზე, ალბათ, სხვადასხვა წარმოდგენა აქვს ჩვენს ჯგუფს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და დამკვეთს, ამ შემთხვევაში თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. აქედან გამომდინარე, ეჭვი მეპარება რამდენად კარგად არის გაგებული მერიის მხრიდან თვითონ გენგეგმა რას წარმოადგენს.

გენგეგმა, რომელიც მზა სახით უკვე დევს თბილისის მერიაში, სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს, რომელიც ქალაქის წინაშეა, არ არის გამოტოვებული არც ერთი პუნქტი, არც ერთი გამოწვევა, რომელიც არ ავსახეთ ამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ვის როგორ მოსწონს, ეს სხვა საქმეა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტების დოკუმენტი, რომელიც პასუხობს ყველა იმ ამოცანებს, რომელიც ქალაქის წინაშე დღეს დგას“, - განაცხდა სალუქვაძემ.