„საშიში დედა“ - რისი გადალახვა უხდებათ ქალებს თანამედროვე საქართველოში

„საშიში დედა“ - რისი გადალახვა უხდებათ ქალებს თანამედროვე საქართველოში

დროა ანა ურუშაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „საშიში დედა“ ქართველმა მაყურებელმაც შეაფასოს - ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 29 მარტიდან გამოვა.

ფილმის პრემიერამდე 3 დღით ადრე მისი შეფასების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს მიეცათ და ჩვენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფილმის რეჟისორმა მსახიობებთან ერთად კითხვებს უპასუხა.

ანა ურუშაძის თქმით ფილმის სცენარის იდეა დედამისისგან წამოვიდა.

„დედაჩემი რაღაც პერიოდი წერდა და გამიკვირდა, რომ წერდა, იმიტომ, რომ ფსიქოლოგია - თითქოს ფსიქოლოგი არ შეიძლება წერდეს - და ჩემი რეაქციიდან გამომდინარე, რომ დავფიქრდი მომივიდა ეს იდეა. რაც შეეხება ქართველ მაყურებელს, არ ვიცი როგორ შეხვდება ფილს, ალბათ, ზოგს მოეწონება ზოგს - არა“,- ამბობს ურუშაძე.

ფილმის რეჟისორს, მსახიობი ნატო მურვანიძეც (ფილმში მანანა) ეთანხმება და ამბობს, რომ ალბათ, ისეთივე შთაბეჭდილება ექნება  ქართველ მაყურებელსაც, როგორც საზღვარგარეთ ფესტივალებზე ფილმის ნახვის შემდეგ იყო.

„ფესტივალებზე იმ ადამაინებს, ვისთანაც ფილმის ჩვენების შემდეგ ურთიერთობა მქონდა, დადებითი შეფასება ჰქონდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იყო უარყოფითი შეფასებებიც. აქაც იქნება ეგეთი, რადგან ეს ბუნებრივია. იდეალური ნაშრომი ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე და არაფერი აღარ აკეთო,“- აღნიშნავს ნატო მურვანიძე.

„საშიში დედა“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა მათ შორის, აზიის ოსკარად წოდებული პრიზი და ლოკარნოს კინოფესტივალის პრიზი. საქართთველოს ეროვნული კინოცენტრიდან ფილმი 300 000 ლარით, ესტონეთიდან კი 80 000 ევრომდე დაფინანსდა.

 ფილმის მთავარი გმირი მანანა (ნატო მურვანიძე) 50 წლის დიასახლისია, რომელიც წერის დაუოკებელი ვნებითაა შეპყრობილი. ოჯახში არავინ უჭერს მხარს მის მისწრაფებას, თუმცა ამჯობინებენ, გაგებით მოეკიდონ მის უცნაურობასა თუ ახირებას - მისი მეუღლისგან, ანრისგან (ამ როლს დიმიტრი ტატიშვილი ასრულებს) განსხვავებით, რომელიც რეალურად მანანას ყველაზე დიდი კრიტიკოსია. საკმარისია, მანანამ ოჯახის წევრებს წიგნი წაუკითხოს, რომელსაც ჩუმად წერდა, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება, რადგან მისი გამოგონილი პერსონაჟები ნამდვილს ემთხვევა.

მანანას ერთადერთი მხარდამჭერი და თაყვანისმცემელია საკანცელარიო მაღაზიის მფლობელი ნუკრი (რამაზ იოსელიანი), რომელსაც სჯერა, რომ ის ლამის შედევრს წერს. სწორედ აქედან იწყება მანანას ევოლუცია - ის უარს ამბობს, იყოს მზრუნველი ცოლი და საერთოდ არ ითვალისწინებს მოსალოდნელ შედეგებს.

საერთო ჯამში კი, ანა ურუშაძე, რომელიც სცენარის ავტორიცაა, გვიხატავს ქალის პორტრეტს, რომელიც ცდილობს საშუალო ასაკის კრიზისის დაძლევას და რომელსაც გარშემომყოფები ვერ უგებენ. ეს ისტორია შესანიშნავი სოციალური კომენტარია იმის შესახებ, თუ რის გადალახვა უხდებათ ქალებს თანამედროვე საქართველოში.