აზარტულ თამაშებში ჩართული პირები, შესაძლოა, საჯარო უწყებებში ვეღარ დასაქმდნენ

აზარტულ თამაშებში ჩართული პირები, შესაძლოა, საჯარო უწყებებში ვეღარ დასაქმდნენ

საჯარო სექტორში დასაქმების მსურველ პირებს შესაძლოა, დამატებითი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაუჩნდეთ იმის შესახებ, რომ ისინი აზარტულ თამაშებში ჩართულნი არ არიან.

ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ, როგორც ე.წ. ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაა საჭირო საჯარო სექტორში დასაქმების დროს, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს შესაბამისი ცნობის წარდგენა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში დასაქმების მსურველი აზარტულ თამაშებში არ არის ჩართული.

კანონპროექტი გულისხმობს მოთამაშეთა რეესტრის შექმნას, სადაც ნებისმიერ ადამიანს მოუწევს დარეგისტრირება, რომელიც საქართველოს სივრცეში აზარტულ თამაშებშია ჩართული.

„ვფიქრობთ, ძალზე მნიშვნელოვანია, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის, სამხედროებისთვის, მაღალი თანამდებობის პირებისთვის თუ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ მკაცრი მოთხოვნა არსებობდეს, რათა მათ მოთამაშეთა რეესტრში თავი შეიზღუდონ და ოფიციალურად აზარტულ თამაშებში ჩართვის საშუალება არ ჰქონდეთ“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

აღნიშნული ინიციატივის შესახებ For.ge „აფბა“-ს ეკონომისტს ანდრია გვიდიანს ესაუბრა.

თუკი აზარტულ თამაშებში ჩართული პირები საჯარო უწყებებში ვერ დასაქმდებიან, გახდება ეს ერთგვარი შემაკავებელი მექანიზმი, რომ ჩვენი საჯარო მოხელეები ამ ტიპის თამაშებში არ იყვნენ ჩართულნი?

- ზოგადად, საინტერესოა, რატომ გვაქვს დაწესებული აკრძალვები საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. ნარკოლოგიური ცნობის შემთხვევაში, ეს აიხსნება იმით, რომ ნარკომანიაში ჩართული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს საჯარო სამსახურისთვის იმდენად, რამდენადაც სწორედ ნარკოლოგიური ზემოქმედების ქვეშ მიიღოს არასახელმწიფოებრივი და არასწორი გადაწყვეტილებები. აზარტულ თამაშებში ჩართულობა კი ნამდვილად არ არის ის ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა, ადამიანებს საჯარო სამსახურში დასაქმება აეკრძალოთ. აზარტული თამაშები არ გახლავთ სენი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ადეკვატურობასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამდენად, დაბალია იმის რისკი, რომ აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანი არასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიმღები იყოს. თუკი აღნიშნული რეგულაცია შემოვა, ამით შეიძლება ძალიან ბევრი პროფესიონალი დავკარგოთ საჯარო უწყებაში.

აზარტულ თამაშებში ჩართულობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი გონებრივად შეზღუდულია, ან მას არ აქვს უნარი, სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმე აკეთოს. ამიტომ არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ასეთი რეგულაცია გვჭირდება. ვფიქრობ, ეს ნაჩქარევი მოსაზრებაა.

ზოგადად, აზარტულ თამაშებთან დამოკიდებულება როგორ უნდა შეიცვალოს, რომ ახალგაზრდობა არ იყოს ამ საქმეში ჩათრეული. აქ ასაკობრივ ცენზზეც იყო საუბარი. ვის უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ამ თამაშებზე- 21 წლის, თუ 22 ან 23 წლის ახალგაზრდებს?

- ძირითადი გამოცდილება გვაქვს 21 წლის ზევით ასაკის მქონეების ჩართულობაზე. ამიტომ ასაკობრივი ცენზი უნდა იყოს 21 წელი და არა 22, 23 ან სხვა ასაკი. 21 წელი სავსებით ნორმალურია და, შესაბამისად, სხვა ასაკობრივი ცენზის გამოგონება საჭირო არ არის. ჩვენ გვქონდა რეკომენდაციები ხელისუფლებისადმი აზარტული თამაშების მოწესრიგებასთან დაკავშირებით და იქაც ასაკობრივ ცენზად 21 წელი დავაფიქსირეთ. 21 წელი არის ის ასაკი, როდესაც ადამიანი თვითონ წყვეტს, რა უნდა გააკეთოს. მცირეწლოვანი ნამდვილად არ ეთქმის 21 წლის ადამიანს.

აზარტულ თამაშებზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული და, რიგ შემთხვევაში, მათი ბედი ფატალურად სრულდება. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინიციატივა შემუშავებული, როგორ უნდა დავიცვათ ამ სენისგან ჩვენი მოსახლეობა?

- არსებობს გამოცდილება, სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული და წარმატებული მეთოდები. რეგულაციების შემოღების თვალსაზრისით, ყველაზე მისაღები რაც არის, სწორედ ის რეგულაციები უნდა ავიღოთ. ჩვენ ვერ შევაკავებთ ადამიანებს, რომლებიც ძლიერად არიან დამოკიდებულნი აზარტულ თამაშებზე და ამის გამო სახლებსაც კი ყიდიან. ნებისმიერი ახლადშემოღებული რეგულაცია ვერ გახდება შემაკავებელი ფაქტორი და ვერ აღმოფხვრის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას, თუკი მას არ ავკრძალავთ. ხოლო, თუ ავკრძალავთ, მაშინ აზარტული თამაშები გადაინაცვლებს უცხოურ სერვერებზე და უცხოეთში დაიწყება თამაშები. ამიტომ რეგულაციების მთავარი ამოცანაა, შემცირდეს აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების რაოდენობა და აზარტულ თამაშებში გამოთავისუფლებულმა თანხებმა გადაინაცვლოს ეროვნულ დანაზოგებში და უფრო რეალურ ეკონომიკას მოხმარდეს.

რეგულაციები არ არის პანაცეა, რეგულაციები არ ნიშნავს, რომ არც ერთი ადამიანი არ იქნება აზარტულ თამაშებში ჩართული. ამას არავინ ამბობს. არის ქვეყნები, სადაც სრულად აკრძალეს ეს თამაშები, მაგრამ, ვისაც ძლიერი დამოკიდებულება ჰქონდა აზარტულ თამაშთა მიმართ, ისინი მაინც ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში და იატაკქვეშეთში გადაინაცვლა ამ თამაშებმა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ისეთ ღონისძიებებს ვერ გაატარებს, რომ არც ერთი ადამიანი არ იყოს აზარტულ თამაშებში ჩართული. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ არარენტაბელური ეკონომიკის ნაწილი აზარტულ თამაშთა სახით და აღნიშნულ თანხებს მივცეთ საშუალება, უფრო რენტაბელურ და ეკონომიკურად გამართლებულ სექტორებში გადაინაცვლოს. სტატისტიკას თუ შევხედავთ, 2011 წლიდან 2016 წლამდე აზარტულ თამაშებში თანხების ბრუნვის რაოდენობა დაახლოებით 11-ჯერ არის გაზრდილი, ანუ 350 მილიონიდან გაიზარდა და 4 მილიარდზე მეტი შეადგინა 2016 წელს. ეს სტატისტიკა საგანგაშოა, რადგან აღნიშნული თანხები არ ქმნის არანაირ ღირებულებას ეკონომიკაში. თუ რამენაირად შევზღუდავთ და ამ თანხებს მივმართავთ რეალურ ეკონომიკაში, ცხადია, ბევრად უფრო მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე დასაქმების თვალსაზრისით.

ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა აკრძალეს აზარტული თამაშები, ამ თამაშებზე დამოკიდებულმა პირებმა კი გადმოინაცვლეს საქართველოში, ძირითადად, აჭარაში. თავის დროზე ერდოღანმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე სამორინეების დახურვის თაობაზე. ფიქრობთ, რომ ჩვენი სამხრეთელი მეზობლების მხრიდან არასწორი პოლიტიკა იყო, როცა ჩვენთან გამოუშვეს ეს თანხები?

- საკითხი უნდა გავყოთ ორად და რეალური აზარტული თამაშების სახლები გავმიჯნოთ ონლაინ აზარტული თამაშებისგან. ეს უკანასკნელები ისე იბეგრებიან, როგორც ჩვეულებრივი შპს-ები, რაც წლიდან წლამდე ონლაინ აზარტულ თამაშებში ჩართულ ადამიანთა რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, რეალური აზარტული თამაშების სახლების რაოდენობა მუდმივად მცირდება. კერძოდ, 2011 წელს დაახლოებით 450 ნებართვა გაიცა რეალური აზარტული თამაშების სახლების შექმნაზე, ხოლო 2016 წელს გაიცა მხოლოდ 130 ნებართვა. ეს ნიშნავს, რომ ონლაინსივრცის განვითარების პარალელურად აზრს კარგავს რეალური აზარტული თამაშების სახლები. ეს იმ პირობებში, როცა რეალური აზარტული თამაშების სახლები ბევრად უფრო რენტაბელური და მომგებიანია ქვეყნისთვის. იქნება ეს ფისკალური კუთხით, ტურიზმის განვითარების, ინფრასტრუქტურის თუ დასაქმების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სრული აკრძალვის გზით არ წავალთ, მაშინ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, უფრო მეტად წახალისდეს რეალური აზარტული თამაშების სახლები და მაქსიმალურად შეიზღუდოს ონლაინ თამაშები.

ეკონომისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა აიკრძალოს, რაც სიტყვა ონლაინით იწყება.

- აკრძალვა არ არის პანაცეა, აკრძალვით პრობლემა ღიად დარჩება და შესაძლოა, ბევრი თვალსაზრისით, უფრო მძიმე პრობლემებსაც გადავაწყდეთ. შესაძლოა, ეს იყოს იატაკქვეშეთში გადანაცვლება, რაც მერე ხელს შეუწყობს კრიმინალის გაზრდას. ამიტომ ჩვენ უნდა ავწონოთ ის რისკები, რაც სრულ აკრძალვას მოჰყვება. არსებობს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც სრული აკრძალვით ბევრად უფრო რთული შედეგი მიიღეს, ვიდრე ლეგალურად დატოვებით, ოღონდ მაქსიმალური შეზღუდვით. ამიტომ აზარტული თამაშები უნდა შეიზღუდოს, მაგრამ უნდა არსებობდეს და ხელმისაწვდომი იყოს, რომ ამან იატაკქვეშეთში არ გადაინაცვლოს და არ მოხდეს საზღვარგარეთულ სერვერებზე თანხების გადინება.

ფაქტია, რომ აზარტულ თამაშებში ჩათრეული ადამიანების ნაწილი ფატალურად ასრულებს სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში, აზარტული თამაშების სახლების მეპატრონეებმა როგორ უნდა გაარჩიონ, რომ სენსიტიური ან ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არ დაუშვან ასეთ დაწესებულებებში?      

- ძალიან რთულად იდენტიფიცირებადია, რის გამო მივიდა ადამიანი სუიციდამდე. შეიძლება, ეს იყო აზარტული თამაშები, შეიძლება, ეს იყო რისკიან ბიზნესში თანხების ჩადება და შემდგომ თანხების დაკარგვის გამო თვითმკვლელობა. ცხადია, ყველა შემთხვევასთან მიმართებით სახელმწიფო ვერ იზრუნებს და არც არის სახელმწიფოს ფუნქცია ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებზე ზრუნვა და მათი გადარჩენა, თუ ეს არ ეხება ჯანდაცვის საკითხებს. როცა ფსიქოლოგიურ ფაქტორზეა საუბარი, რთული იქნება იმის კონტროლი, აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანები, ან წარუმატებელი შეყვარებულები გამოვიხსნათ და დავიცვათ სუიციდის რისკისგან. ეფექტური არ იქნება, პატერნალისტური მიდგომები გამოიჩინოს სახელმწიფომ აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტურ გადაწყვეტილებებზე არ უნდა იხარჯებოდეს ადამიანური რესურსები.