„როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი დიპლომატიური პასიანსია დაგეგმილი“

„როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი დიპლომატიური პასიანსია დაგეგმილი“

სერგეი სკრიპალის საქმეზე საპასუხოდ ამერიკამ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა მთლიანობაში, 105 რუსი დიპლომატი გააძევეს. რა გაგრძელება მოჰყვება თითქმის ნახევარი მსოფლიოს მიერ რუსეთისთის გამოცხადებულ ცივ ომს, რა საპასუხო ნაბიჯებს შეიძლება ველოდეთ და აისახება თუ არა ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან რეგიონში პოლიტიკის შეცვლაზე, ამ თემაზე პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: ასეთ ერთსულოვნება მართლაც, ბევრისთის მოულოდნელი იყო და ამას ტერეზა მეის დიპლომატიურ წარმატებად მიიჩნევენ. საპასუხოდ, რუსეთიც იგივეს გაიმეორებს და თვითონაც გააძევებს დიპლომატებს, მაგრამ მთავარი ფაქტორია რუსეთის იზოლაცია. შესაძლოა, რუსეთისთვის ეს ამ მომენტში კატასტროფა არ იყოს, მაგრამ მთავარია, ფონი იქმნება ისეთი, რომ რუსეთის მოლოდინი, ევროპის რამდენიმე ქვეყნის მხრიდან სანქციების შერბილების თაობაზე არ გამართლდება. არათუ შერბილება, დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯი იქნება სანქციების გამკაცრება და ახალი სანქციების დაწესება.

რაც შეეხება ამერიკას, თითქოს აშშ-ს პრეზიდენტს თბილი დამოკიდებულება აქვს პუტინის მიმართ, მაგრამ ამავდროულად, სახელმწიფო მდივნად ჰყავს რუსეთთან ცივი ომის ცნობილი მებაირაღე და მთელი ამ „თბილი ურთიერთობის“ შედეგი გამოდის, რომ არის იზოლაციის გაძლიერება. შედეგად, პუტინს საზეიმო არაფერი აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ - რაც კემეროვოში მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა და როგორც ირკვევა, მიზეზი კორუფციაა. მთლიანობაში, პუტინის მმართველობის ბოლო 6 წელი მისთვის ძალზე რთული იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ კვალიფიციური დიპლომატიური სამსახურის არსებობის პირობებში ეს საქართველოსთვის შესაძლოა, რაღაც ახალ პერსპექტივებს ქმნიდეს.

ჟენევის მოლაპარაკებების მიმართაც გაჩნდა განსაკუთრებული მოლოდინი, რომ შესაძლოა, უფრო მეტად შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა შეხვედრები...

- თუ ვივარაუდებთ, რომ საუბარი შეიძლება იყოს თავდაუსხმელობის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებაზე, ეს ნიშნავს, რომ არ შეიქმნება დოკუმენტი, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა და არც ერთი მხარე არ იკისრებს ვალდებულებებს. ამან სამომავლოდ შესაძლოა, გარკვეული, დადებითი ფონი შექმნას, მაგრამ გააჩნია, რა მიმართულებით - ფაქტია, რომ სამხრეთ ოსეთში არ წყდება ქართველი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები და არც ამ შეხვედრიდან ველოდები ურთიერთობათა გარღვევას.

თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთთან ცივი ომის პირობებში საქართველოს შესაძლოა, ახალი პერსპექტივები გაუჩნდეს - რაზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ზედაპირზე რაც დევს, ეს არის ის, რომ უკანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა სომხეთის გადაჭარბებული აქტიურობა სატრანზიტო დერეფანთან დაკავშირებით - ამით სომხეთიც და რუსეთიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული. რუსეთი თითქოს, გამოდის ახლო აღმოსავლეთიდან, ამიტომ სულ უფრო იზრდება მისთვის სომხეთის, როგორც სამხრეთში მისი ერთადერთი სამხედრო მოკავშირის მნიშვნელობა. ვფიქრობ, შესაძლოა, ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტსაც ამ საკითხთან გარკვეული შეხება ჰქონდეს, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანი შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად, სომხეთთან საომარი მოქმედებისთვის ემზადება და ამით ყველა შეშფოთებულია, განსაკუთრებით რუსეთი, რომელიც დადგება არჩევანის წინაშე, რომელს მეტად დაუჭიროს მხარი, სომხეთს თუ - აზერბაიჯანს. როგორც ჩანს, დიდი დიპლომატიური პასიანსია დაგეგმილი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ვის მიერ არის დაგეგმილი?

- საქართველოს პოზიციაზე გადამწყვეტ გავლენას სავარაუდოდ, ვაშინგტონი მოახდენს, რადგან ასე იოლად ვერ შეელევა იმ ძალისხმევას, რაც საქართველოზე დახარჯა ბოლო 20 წელიწადია და რუსეთს ვერ დაუთმობს. ამ გადათამაშებაში პირველი დაინტერესებული პირები არიან რუსეთი და სომხეთი. დანარჩენებს შესაძლოა, შუამავლის როლი ჰქონდეთ. ამერიკა ოფიციალურად არ ჩაერევა ამ ყველაფერში, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შესაძლოა, ვეტოც დაადოს გარკვეულ შეთანხმებებს.

რა არის ამ გადათამაშების მიზანი?

- მიზანი ცხადია, სომხეთის გიუმრის სამხედრო ბაზის სრულფასოვანი მომსახურება. ერთია ბაზის შენახვა მშვიდობიან პირობებში და მეორე - საომარ მდგომარეობაში. ბოლოს და ბოლოს, რუსეთს სიმბოლურად ხომ არ სჭირდება ბაზა, რომელიც არასოდეს ამოქმედდება?! იმასაც მნიშვნელობა აქვს რა პოზიციას დაიკავებს თურქეთი.

საქართველოს რაც შეეხება, შეიძლება სომხეთთან სატრანზიტო გზით ივაჭროს რუსეთთან?

- მთავარი ის არის, რომ რუსეთი საქართველოს ვეღარ დაიმარტოხელებს ისე, როგორც ეს აფხაზეთის ომის დროს მოხდა. რაც შეეხება ვაჭრობას, ეს ძალზე რთულია - ერთი მხრივ ამერიკას უყურებს საქართველო, მეორე მხრივ - რუსეთს, მაგრამ კიდევ სჭირდება ერთი თვალი, რომლითაც აზერბაიჯანს დააკვირდება - ბოლო დროს აზრბაიჯანულ მედიაში ისმის საყვედური თბილისის მიმართულებით. ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია საქართველოს ბრალს დებს პროსომხურ პოლიტიკაში.

მეორე მხრივ, ბოლო ორი თვის მოვლენებს თუ გადავხედავთ, ევროპაც ცალსახაა რუსეთის მიმართ და გერმანული ბიზნესელიტაც კი აღარ ლაპარაკობს საკუთარ რუსულ ბიზნესინტერესებზე. ეს ნიშნავს, რამდენად არააქტუალურია ევროპაში რუსეთთან საქმიანი ურთიერთობები. ეს ფონი კი საქართველოსთვის გარკვეულ შანსებს ქმნის.

ანუ საქართველოსაც შეუძლია, წამოიწყოს საკუთარი რეგიონალური თამაში?

- რასაკვირველია, თუმცა ამისთვის საჭიროა უმაღლესი დიპლომატიური ტაქტიკა. სიტყვაზე რომ ვთქვათ, პუტინი ომზეც კი წავა, ოღონდ კი თავისმა ამომრჩეველმა „კოჭლ იხვად“ არ შერაცხოს.

ეს მისი ბოლო ვადაა და პუტინი რას კარგავს?

- ბოლო ვადაა, მაგრამ მან უნდა თქვას ბოლო სიტყვა, ხელისუფლება ვის გადააბაროს. ეს არის მისი სამომავლო უსაფრთხოების გარანტია საკუთარი გარემოცვისთვის. ემიგრაციაში მყოფი რუსული ბიზნესელიტა ელოდება მის წასვლას, რომ კვლავ დაბრუნდეს რუსეთში და ამიტომ ასე მარტივიც არ არის პუტინის წასვლა.

უკვე სხვა თაობა წამოვიდა რუსეთში, ის თაობა რომელსაც არაფრის არ ეშინია და ნავალნი ახალ ოპოზიციას ქმნის. ეს ჩვენთანაა, რომ ჩვენს თვალწინ დაბერდნენ პოლიტიკოსები, რუსეთში სხვა სიტუაციაა, თანაც როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სანქციები ძალიან მწვავედ სწორედ 4-5 წლის შემდეგ აისახება რუსულ ეკონომიკაზე, როდესაც ახალი ტექნოლოგიების შეცვლის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

აღმოსავლეთიდან ჩინეთი აკვირდება რუსეთის აუთვისებელ ტერირტორიებს, ასე რომ, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.