საქართველოს მიმართ კრემლის პროვოკაციული პოლიტიკა მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოსთვის. ევროპარლამენტარები მზად არიან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ მხარდაჭერა გაუწიონ ევროპულ მთავრობებსა და ინსტიტუციებში. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმემ საქართველოს მოსახლეობა გააერთიანა. საზოგადოება მოთხოვს, რომ პასუხი აგონ საოკუპაციო რეჟიმმა და ასევე სათანადოდ დაისაჯონ მკვლელები.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტმა 106 ხმით რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. თუმცა, ქართული საზოგადოებისგან განსხვავებით, როგორც წესი, ერთიანი არ იყო ქართული პოლიტიკური ჯგუფი. რეზოლუციას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთსა და ცხინვალში მომხდარ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და იქ არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს, როგორც მოსალოდნელი იყო მხარი არ დაუჭირა „პატრიოტთა ალინსმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ერთიანობა არ იყო მმართველ გუნდშიც. „ქართული ოცნების“ წევრებმა ნუკრი ქანთარიამ და ზაზა პაპუაშვილმა მიზეზად „ევროპული საქართველო“ დაასახელეს. რაც შეეხება ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს, პაპუაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა ყოფილი ხელისუფლების დატოვებული მემკვიდრეობაა.
„საქართველოს პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ერთად არიან ამ უბედურების ავტორები, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის თანაავტორები, ომის და უბედურების თანაავტორები. მათი ლიდერი მოსახლეობას პამპერსიანი ელაპარაკებოდა როგორ დაიცვას თავი დანებით, ჩანგლებით, ცოცხებით და აქანდაზებით. ერთ-ერთ მათგანს მაინც შეეწირა თავი ან რაიმე გაეკეთებინა.
ეს ადამიანები იყვნენ რუსი გენერლების მძღოლები და მწვადს რომ წვავდნენ, მწვადზე ხახვის და მარილის მოყრით იყვნენ დაკავებულები და რესტორნებში ქეიფით. საქართველო სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმიდან. არ უნდა აინტერესებდეს ჩვენს არც ერთ მოქალაქეს თუ რას ფიქრობს უგულავა და ბოკერია, რას ფიქრობენ ესენი. როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება ისე უნდა მოვიქცეთ. მე ქვეყანას ვერ შევწირავ პარტიულ კონიუნქტურას და ვერ გავხდები პარტიული ჩინოვნიკი“, - აცხადებს ზაზა პაპუაშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო რეზოლუციის პროექტს განიხილავდნენ ასე მიმართა:
„ხომ არ ფიქრობთ, რომ ამომრჩეველს შეიძლება გაუჭირდეს გარჩევა, სად მთავრდება ე.წ. „ევროპული საქართველო“ და სად იწყება „ქართული ოცნება“. არ მინდა დისონანსი შევიტანო იმ ერთიანობაში, რაც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ რეზოლუციის ერთიან ტექსტზე შეთანხმებით არის გამოწვეული, თუმცა გარკვეული კითხვები მაქვს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
for.ge შეეცადა უმრავლესობის ლიდერებისგან მიეღო პასუხი კითხვაზე, რას ფიქრობენ საკუთარი გუნდის წევრების განცხადებაზე, თუმცა, როგორც წესი, ტრადიციულად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს.
რაც შეეხება ბრალდების ადრესატ პარტიას „ევროპულ საქართველოს“, გიგა ბოკერია ამბობს, რომ დემოკრატიული და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ცუდ და მავნებლურ მთავრობას, ხელი შეუშალოს ცუდი საქმეების კეებაში.
„პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია გასაგებია, ისინი მეორე მხარეს, რუსეთის მხარეს არიან და ყველა სხვა პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და სანქციებზე“ მხარის არდაჭერა, პოლიტიკური სიძულვილის გამო სხვა ოპოზიციური პარტიის, ან თუნდაც მთავრობის მიმართ, არის უპასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიბრიყვე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებისას პოლიტიკური ერთიანობა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო, ამაზე საუბრობენ ანალიტიკოსები.
ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს იმედი აქვს, რომ ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპაუაშვილი ვერ გაერკვენ სიტუაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის განცხადება, რომ რეზოლუციას მხარს არ დაუჭერენ მხოლოდ იმ საფრთხის გამო, რომ ეს ვინმეს ნაციონალების რელსებზე გადაიყვანს, გაუგებარია.
„ამ ტიპის რეზოლუციას მხარი შეიძლება დაუჭირო ან არ დაუჭირო მისი შინაარსის გამო და არა იმის გამო, ვინ წარადგინა ის. მით უმეტეს, როგორც აღმოჩნდა, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ და ისე გამოვიდა, რომ ბატონი ნუკრიცა და ბატონი ზაზაც, უნებურად, მათ გვერდით აღმოჩნდნენ. პრიორიტეტები უნდა დალაგდეს. როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება და ქვეყნის პოლიტიკური ძალები თანხმობას ვერ აღწევდნენ, ეს კარგს არაფერს მეტყველებს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრზე.
ასე ხომ სამუდამოდ ჩავრჩებით ყბადაღებულ ქართულ მანკიერ წრეში და მუდმივი ცივი სამოქალაქო ომი გვექნება. თუკი ვინმეს აწყობს ჩვენი ამ წრეში ჩატოვება, პირველ რიგში, ესაა სწორედ რუსეთი თავისი იმპერიალისტური მიზნებით. ასეთ პრინციპულ საკითხზე პოლიტიკურ ძალებს შორის კონსესუსი და თანამშრომლობა ქვეყნის შიგნით შეიძლება არ აწყობდეს ან იმას, ვინც სრული ძალაუფლებისაკენ ისწრაფის, ან ვინც მოვლენათა რევოლუციური განვითარების იმედზეა, ან პრორუსულ ძალას.
ცხადია, წინააღმდეგობები და უთანხმოებები შეიძლება და უნდა კიდევაც არსებობდეს. არის ბევრი რამ, რაზეც თანხმობა შეუძლებელია, მაგრამ, მაპატიეთ ბანალობა და როდესაც საქმე ქვეყნის არსებობის საფუძველს - მის ღირსებას და მისი განვითარების უმთავრეს ვექტორებს შეეხება, ყველა თანხმიერი უნდა იყოს. საბედნიეროდ, რიგითი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ეს უკვე კარგად ესმის, როგორც არ უნდა უბნევდენ თავგზას პრორუსი პროპაგანდისტები ან პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულან სიტუაციაში“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფში ვინმე დამნაშავეა, მაშინ იზრუნე, რომ ის დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, სწორედ საიმისოდ ინახავ მას, რომ მისი არსებობა საჭირო დროს ოსტატურად გამოიყენო.
„მაპატიეთ თვითციტირება და ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობა“ მომგებიანი ფონისათვის სჭირდებოდა და ამიტომაც შეინარჩუნებდა მას. ამას ნაციონალთა ნაწილის, განსაკუთრებით, მათი ლიდერის ქცევაც უწყობდა ხელს. ეს ძველისძველი ხრიკია და გასაკვირი არაფერია. ახლა ვხედავთ, რომ, თურმე, ასეთი მომგებიანი ფონი, ნებით, თუ უნებლიედ, პუტინისტურ ინტერესებს შეიძლება მოემსახუროს. სამწუხარო მარტო ის კი არ არის, რომ ეს მოხდა, სამწუხარო უკვე ისიცაა, რომ ამ თემაზე საუბარი გვიწევს.
დღევანდელი ქართული პოლიტიკის უბედურება მხოლოდ ის ადამიანები კი არ არიან, ვისაც წარსულის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება, არამედ ისინიც, ვისაც არ ძალუძს ღირებულებების დალაგება ან, სულაც, რუსული აგრესიული იმპერიალიზმის სასარგებლოდ საგანგებოდ ურევს ღირებულებებს. ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეიძლება გახდეს ვინმესთვის ნაციონალების შეთქმულების აღმოჩენა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის ისტორიული ბედი და მისი ღირსება. ამიტომაც მაქვს იმედი, რომ ბატონი ნუკრი და ბატონი ზაზა უნებურად აღმოჩნდნენ ამ როლში“, - ამბობს ფილოსოფოსი.
როგორც ფირალიშვილი ამბობს, ალბათ, თავადაც არავის უსურვებდნენ, თუნდაც უნებურად, პუტინიზმის სამსახურში ჩამდგარიყო და მომსახურებოდა იმ ქვეყანას, რომელმაც არა მხოლოდ „ამერიკისა და მასონების“, არამედ თავი მთელი დანარჩენი სამყაროს მტრის მდგომარეობაში ჩაიყენა და იმპერიის რეანიმაციისათვის ნებისმიერ უმსგავსობაზე მიდის.
„სამწუხაროდ, ნებით თუ უნებლიედ სამსახურში ჩამდგართა ოდენობა გაიზარდა და ამაში დამნაშავე მხოლოდ ღია პუტინისტური პროპაგანდა არ არის. ერთი წამით წარმოიდგინეთ, თუ რას უცქერს უმუშევარი და უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი. ის ხედავს, რომ მის ქვეყანაში, თურმე, უპირველესი ამოცანაა ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაცია ან ტრადიციული ცხოვრების ნორმების ხელყოფა; მოხელეთა გაუმაძღრობას საზღვარი არა აქვს;
გუშინდელი დამნაშავეები დღეს უტიფრად გვიცქერენ თვალებში, ხოლო უპრინციპო ადამიანებმა უმტკივნეულოდ გადმოინაცვლეს ძველიდან ახალ ხელისუფლებაში; ისინი ყოველდღიურად უცქერენ, თუ როგორ ისარგებლეს ჩვენი მედასავლეთეების იდეოლოგიური ზერელობითა და სნობიზმით იმ ძალებმა, ვინც ახალ ჩრდილოურ მონობას გვპირდება და პატრიოტული რიტორიკა მოიმარჯვეს. ხოლო მისი, რიგითი ადამიანის ბედი არავის აინტერესებს.
არ არის გასაკვირი, თუ ის წამიერად მაინც გამოსავალს ან პუტინიზმში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში თავშესაფრის ძიებაში დაინახავს - ან ორივეში ერთად. ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენი უბედურება ღირებულებათა ქაოსია. დღემდე ვერ გაგვირკვევია, რა არის პირველი რიგის ამოცანა და რა - შემდეგი. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ ჩვენი მტერი ოსტატურად იყენებს ამას. ჩვენში არსებული ხელოვნური თუ ბუნებრივი ქაოსით თავადვე ვაძლევთ ასპარეზს მას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ერთია რეალობა და მეორე რა მოტივაცია ამოძრავებთ.
„თუ მთელი შენი „ქართული ოცნება“ შეპყრობილია „ევროული საქართველოთი“ და პირიქით, ასეთ შემთხვევაში რაღა შენ გაქვს ალერგია და აგრესია, ვგულისხმობ ნუკრი ქანთარიას და ზაზა პაპუაშვილს. მათი სიმპათია და დათბობა არახალია. მაგრამ საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თანაბრად გაუგებარია როგორც ხსენებული დეპუტატები, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ რატომ არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას.
ჩემთვის მათი პოზიცია უფრო გაუგებარია ვინც ამ დეკლაციას არ შეუერთდა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიის მხრიდან, ვიდრე „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ ერთიანი პოზიცია. ეს სწორედ ის თემაა, სადაც სახელმწიფო ინტერესი ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს და ყველა დანარჩენი არგუმენტი არის მანიპულაცია და სხვა არაფერი“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის განცხადებით, როდესაც საუბარია საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის პარლამენტი აკეთებს საგარეო პოლიტიკურ განცხადებას, ასეთ შემთხვევაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გევერდზე უნდა გადაიდოს და ერთიანი პოზიცია უნდა დაფიქსირდეს ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რაც მისი თქმით, დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი.
„გარეთა მტერთან უნდა ვიყოთ ერთი, ეს უდაო. ცხადი იყო, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს არ დაუჭერდა, ეს მათი პასუხისმგებლობა უფროა. თუმცა, მათ რუსული მიმართულებაზე აქვს ორიენტაცია აღებული, რაც ძალიან ცუდია. რაც შეეხება ქანთარიას და პაპუაშვილს, მართლა არასერიოზულია მათ ქმედებაზე განცხადება. რადგან, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ პოლიტიკური კულტურის პრობლემა აქვთ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, თუ რასაკვირევლია უარესი არ არის.
როდესაც ლაპარაკია ნაციონალების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, ყველა უნდა იყოს უკომპრომისო და სამართალი უნდა აღსრულდეს. მაგრამ ამისთვის არსებობს პროკურატურა და მათ უნდა მოითხოვონ იმ პარლამენტის ტრიბუნიდან დამნაშავეების დასჯა.
როდესაც საგარეო პოლიტიკურ თემებზეა საუბარი, იქ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მიღებელია, მით უფრო, როცა საუბარია რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე, ეს არის პრინციპული საკითხი. არასერიული იქება, რომ შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გადაძალოს, არც ერთი ქვეყანა ასე არ იქცევა, როცა საკითხი ასეთ პრინციპულ და მნიშვნელოვან თემას ეხება, იქ ოპოზიცია და პოზიცია არის ერთიანია. ეს არის სახელმწიფო ცხოვრების ერთ-ერთი წესი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციაზე ხმის არ მიცემით, ბევრი დეპუტატის მიმართ რთული კითხვა ჩნდება. რადგან, მისი თქმით, უამრავ სხვა საკითხში იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას.
„ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სწორედ ის იყო, რომ ერთობლივი ყოფილიყო პარლამენტის პოზიცია და არ ყოფილიყო პარტიული ქარგით გაჭრილი ეს პოზიცია. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ სწორია მათი ეს გადაწყვეტილება. აქ ლაპარაკია საქართველოს პოზიციაზე და არა პომელიმე პარტიის პოზიციაზე. სირთულის შემქმნელი იყო ის, რომ რეზოლუციის ტექსტში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ევროპულმა საქართველომ“, შეიძლება ამან გამოიწვია მათი გაღიზიანება. შეიძლება თქვან, რომ 2008 წელს ჩუმად იყვნენ იმაზე, რაც რუსეთმა გააკეთა და ამაშიც არის ლოგიკა. მაგრამ ამჟამად დასმული საკითხი იყო კონკრეტული, საიმისოდ, რომ რუსეთს არ გასჩენოდა იმის საბაბი ეთქვა - საქართველოს პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ დეკლარაციის მიღების დროს ხმები გაიყო. ის, რომ ამ ორმა პარტიამ რუსეთის წინააღმდეგ არ მისცა ხმა, ამის რუსული ვერსია აუცილებლად გამოვლინდება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.