სექსუალურ ძალადობაში მხილებული უგრეხელიძე დუმს

სექსუალურ ძალადობაში მხილებული უგრეხელიძე დუმს

ზვიად დევდარიანის შემდეგ, სექსუალურ შევიწროებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს პაპუნა უგრეხელიძეს ადანაშაულებენ. უგრეხელიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი საიამ უკვე შეიტანა. ბრალდებებზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს უგრეხელიძე. გავრცელებული ინფორმაციით, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ყოფილი თანამშრომელი ადანაშაულებს, რომელმაც განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს.

უგრეხელიძემ კი ომბუდსმენის წარმომადგენელთან გასაუბრებისას სექსუალური შევიწროების ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ „მისი ასაკის ქალები არ იზიდავს“.

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან რამდენიმე კითხვა, მათ შორის, უხერხული კითხვები აქვს იუსტიიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომლის განცხადებით, უგრეხელიძესთან შეხვედრის შემდეგ, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დააფიქსირებს.

„ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არის მარტივი და ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ არ არის კარგი ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალმხრივად სიუჟეტების და „ნიუსების“ კეთება. ჩვენ, ქალებს გვაქვს ყველას ერთი მიზანი, რომ ქალთა უფლებები დავამკვიდროთ ამ ქვეყანაში. ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში ჩვენ ერთად სოლიდარულები უნდა ვიყოთ. რაც მთავარია, არ დავუშვათ შეცდომები. შესაბამისად, ჩემი პოზიცია დღეს, ამ მომენტში, რა მომენტშიც თავად პაპუნა უგრეხელიძე იმყოფება მივლინებაში, არის ის, რომ მე მას, როგორც ქალმა მინისტრმა, უნდა მოვუსმინო“, - აცხადებს წულუკიანი.

რაც შეეხება სასამართლო დავას, მინისტრის განცხადებით, სასამართლო დავა მიმდინარეობს არა სამინისტროს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, არამედ სასამართლო დავა მიმდინარეობს პირადად პაპუნა უგრეხელიძის მიმართ. მინისტრის განმარტებით, ამის მიუხედავად, დღეს მისი მოადგილე შეხვდა უგრეხელიძის ადვოკატებს იმისთვის, რომ მას საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

„მიმდინარეობს სასამართლო დავა არა იუსტიციის სამინისტროს, არა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ, არამედ ის პირადად არის მოპასუხე. შესაბამისად, ამ საქმის მასალები იცის მხოლოდ მან და მეორე მხარემ. დღეს ჩემი მოადგილე შეხვდა უგრეხელიძის პირად ადვოკატებს იმისთვის, რომ მასალებზე წვდომა გვქონოდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის, უხერხული კითხვებიც პაპუნა უგრეხელიძესთან - როგორც კი შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას დავაფიქსირებ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, სახალხო დამცველის დასკვნის შემდეგ მან რატომ არ დასვა კითხვები, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ის პირველ რიგში უნდა გაეცნოს საქმის დეტალებს.

„სახალხო დამცველმა დასკვნა არა სამინისტროს და სიპს, არამედ, უგრეხელიძეს მიაწოდა. შესაბამისად, პირველ რიგში, ქალებს მოგმართავთ, ჩვენი ბრძოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანამ მკაცრ პოზიციებს დავიჭერთ და მე ასეთი დამიჭერია ჩემი სისტემის მამაკაცებისადმი - არის საქმეები, რომლებიც არ გახმაურებულა, მაგრამ მათთვის პირადად დამთავრებულა ჩვენს სისტემაში კარიერა, მაგრამ ეს პოზიციები დამიჭერია მას მერე, რაც მინახავს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულება და მეორე მხარისთვისაც მომისმენია. ამიტომ ქალებს მოგმართავთ, მოუსმინოთ მამაკაცებსაც და არაფერი წინ არ უდგას პოზიციების დაფიქსირებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პაპუნა უგრეხელიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომელიც თანამშრომლების სექსუალურ შევიწროებას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა „ევროპულმა საქართველომ“. პარტიის წევრები თანამდებობრივ პასუხისმგებლობასთან ერთად სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. შეხვედრაზე პარტიის წევრებმა შესთავაზა მესამე სექტორის წარმომადგენლებს, რომ მოხდეს ოთხი საკითხის საკანონმდებლო ინიცირება, რომელიც ეხება ქალთა უფლებების მიმართ ძალადობის ფაქტების გახშირების პრევენციას.

„ასეთი საქმეები იჩქმალება და ამაზე არავინ არ რეაგირებს და პასუხისმგებლობას არ იღებს და მათ შორის ამიტომ მსხვერპლები, რომლებიც სულ არიან ჩვენს გარშემო, არა თუ ხმას არ იღებენ, პირიქით შეშინებულები არიან. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვეს ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი, სამართლებრივი პროცესი იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს, რომ რა მაღალიც არ უნდა იყოს თანამდებობა, ვინც არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ძალადობს ქალზე, ის იქნება აუცილებლად დასჯილი“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

უმრავლესობაში თვლიან, რომ პრობლემის მოგვარება სასამართლოს პრეროგატივააა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და განსაზღვროს, თუ რეალურად, რამდენად ჰქონდა ვინმეს უფლებების ან კანონის დარღვევას ადგილი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს სასამართლოში და მხოლოდ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და განსაზღვროს, თუ რეალურად, რამდენად ჰქონდა ვინმეს უფლებების ან კანონის დარღვევას ადგილი. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მე წინასწარ, ბუნებრივია, შეფასებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ორივე მხარე, ამ შემთხვევაში, არის კანონით დაცული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.