ჟენევაში მოლაპარაკებების ყველაზე დაძაბული რაუნდი დღეს იწყება

ჟენევაში მოლაპარაკებების ყველაზე დაძაბული რაუნდი დღეს იწყება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 43-ე რაუნდი დღეს იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჟენევის დისკუსიების ფორმატის დონის ამაღლების და მასში პირადად ჩართვის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა 27-28 მარტს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო 43-ე რაუნდი აქამდე არსებული ფორმატით წარიმართება. საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მონაწილეობით.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

ჟენევის დისკუსიების მორგ რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველო, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო მთავრობები, რუსეთი, აშშ, ასევე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები - ევროკავშირი, გაერო და ეუთო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ამზადებენ.

„კომერსანტთან“ საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პროგრესს ჟენევაში 2017 წლის დეკემბერში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე შესამჩნევი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ვიმედოვნებთ, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება მიღებული იქნება დაგეგმილ მოლაპარაკებებზე. დეკლარაცია ნეიტრალური იქნება, რაც ნიშნავს, რომ მასში არ იქნება საუბარი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ. ჟენევის დისკუსიების მონაწილეები უბრალოდ განაცხადებენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობებში ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ. ამგვარ დეკლარაციას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება, თუმცა ეს მაინც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე. მხარეები აჩვენებენ რეგიონში საკითხების მშვიდობიანი გზით, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების საშუალებით გადაწყვეტის განზრახვას“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

გამოცემა „კომერსანტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური თბილისი ამ დრომდე არ ადასტურებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჟენევის შეხვედრაზე ხელმოწერა არავითარ დეკლარაციაზე არ იგეგმება, იქნება მოლაპარაკებები განცხადების ტექსტზე.

საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარის მიზანია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულება და დაიწყოს ამ შეთანხმების იმპლემენტაცია.

დავით დონდუას განცხადებით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებს მხარეებად არ წარმოაჩენს.

„რუსეთმა მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულებს იმ შეთანხმებას, რომელიც მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და რომელიც არ სრულდება.

ყველაფერ ამისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რაც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეექვსე პარაგრაფით. ამ განცხადების მიღება-არმიღება არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს ცალმხრივად თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ“, -განაცხადა დავით დონდუამ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ ხელმოწერის შემთხვევაში, განცხადებას არაფერი ექნება საერთო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან.

„განვიხილეთ კიდევ ერთხელ მოსამზადებელი პროცესი. ისევ და ისევ ის საკითხები არის დღის წესრიგში, რაც აქამდე იდგა - ეს არის რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების აღიარება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - აცხადებს სოფო ქაცარავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციაზე დათანხმება შეცდომა იქნება. დეპუტატი, რომელიც 2011-2012 წლებში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ ქართული მხარის ამოცანა ჟენევაში იყო, რუსეთს აეღო ჩვენს მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიული ვალდებულება.

„ფაქტია, რუსეთმა ეს ვალდებულება არ აიღო, მაშინ ამ დეკლარაციაზე დათანხმება რას გვაძლევს, სრულიად გაუგებარია. საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება ისედაც აღებული აქვს 2010 წელს და 2013 წელს, ამიტომ ჩვენი მხრიდან არაფერი ახალი არ არის. რუსეთი თუ არ იღებს ამ ვალდებულებას ჩვენს მიმართ, ამ დეკლარაციის არსი რა არის, სრულიად გაუგებარია“, - აცხადებს კაპანაძე.

მისი თქმით, თუკი საუბარია იმაზე, რომ ხელს ვაწერთ ჩვენ, „სამხრეთ ოსეთი“, აფხაზეთი და ვიღებთ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებას, საერთოდ კატასტროფაა.

„ეს ნიშნავს, რომ იურიდიულად გარკვეულ აღიარებას ვაკეთებთ. ასეთ სიბრიყვეზე რომ წავიდნენ, მართლა ძალიან გამიკვირდება. მაგრამ ასეც თუ არ ხდება, როგორც მინიმუმ რუსეთს ვაძლევთ არგუმენტს, საერთაშორისო მასშტაბით იძახოს, რომ ჩვენ და აფხაზეთმა ავიღეთ ერთმანეთის მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება, როგორც ის მოგვიწოდებდა 10 წლის განმავლობაში. ერთი მხრივ, მასზე ვხსნით წნეხს, მეორე მხრივ, ვაიარაღებთ ამ არგუმენტით და თან იმედი გვაქვს, რომ კარგად მოიქცევა მომავალში. რა ლოგიკაა ამაში, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, - ამბობს სერგი კაპანაძე.