რუსეთის საგარეო უწყებაში სერგეი ლავროვის შესაძლო გადადგომას უარყოფენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შემოგდებულ თემას ჰგავს და ეს პუბლიკაცია ტელეკომპანია RTVI-ის „ფეიკის“ მაგვარია. „შესაძლოა, არა განზრახული, არამედ უყურადღებობით გამოწვეული. თუმცა ვინ იცის...“, - წერს მარია ზახაროვა.
ტელეკომპანია RTVI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის პირველი დიპლომატის მიერ თანამდებობის დატოვებისა და მთავრობის ახალ შემადგენლობაში შეუსვლელობის შესახებ რუსეთის საგარეო უწყება მოუმზადებელი შეხვდა.
19 მარტს იმავე მარია ზახაროვამ აღნიშნულთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა ლავროვი თანამდებობაზე. თავის მხრივ, არც რუსულმა მედიამ გამოიჩინა მოწყალება საქართველოში დაბადებული, მაგრამ რუსეთისთვის დამაშვრალი სერგეი ლავროვის მიმართ და აღნიშნა, „14 წლის განმავლობაში ლავროვი რუსეთის შეუცველი მინისტრი იყო. ჯობს, დაისვენოს, იქნებ, სხვა უკეთესი დიპლომატებიც გვყავდეს“.
RTVI-ის ცნობით, ლავროვის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ალექსანდრე გრუშკო. მედიასაშუალება ადასტურებს, რომ ლავროვი უკვე რამდენიმე წელია, გადადგომაზე საუბრობს, თუმცა ვლადიმერ პუტინის თხოვნით, თანამდებობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე შემორჩა.
დარჩება თუ არა სერგეი ლავროვი საკუთარ პოსტზე, ეს მხოლოდ პუტინმა უწყის, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ლავროვის მოცილებით რუსეთში ყველაზე მეტად, ალბათ, ვლადიმერ ჟირინოვსკი გაიხარებს. გასული წლის სექტემბერში ჟირინოვსკი სერგეი ლავროვის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვდა და ამბობდა, რომ საგარეო უწყებას ახალი ხელმძღვანელი უნდა ჰყოლოდა, რათა რუსეთს გაცილებით მკაცრი პოლიტიკა ეწარმოებინა. „დღეს გვჭირდება სხვა ადამიანი, რომელიც მასზე უკეთესი იქნება“, - აცხადებდა რუსი პოლიტიკოსი. თუმცა იმხანად რუსეთის საგარეო უწყებამ ჟირინოვსკი პასუხის ღირსად არ ცნო, რადგან ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ჟირინოვსკი ლავროვის გადადგომას მოითხოვდა.
ასეა თუ ისე, 21 მარტს, ანუ საკუთარ 68-ე დაბადების დღეს სერგეი ლავროვი კვლავაც რუსეთის პირველი დიპლომატის ამპლუაში შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, ლავროვს ძალიან უყვარს სპორტი და თევზაობა. თავისუფალ დროს ლექსებსაც წერს და პოლიტიკური ანეკდოტების მოყოლასაც ასწრებს. პენსიაზე გასული ლავროვი კი შესაძლოა, საყვარელ საქართველოსაც ესტუმროს. როგორც მან წლების წინ აღნიშნა, საქართველო ძალიან უყვარს და ჩამოსვლაც სურს, თუმცა თავისი სტატუსის გამო ამას ვერ ახერხებს.
იყო თუ არა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსული ხუმრობა, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ზუსტად ორიოდე წლის წინ 21 მარტს სერგეი ლავროვს დაბადების დღე ამერიკული იუმორით მიულოცეს. იმ პერიოდში მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა კამერების წინ მახვილგონიერი აზრები გაცვალეს. ჯონ ქერიმ ლავროვს დაბადების დღე მიულოცა, მოლაპარაკების წარმოებისთვის დამატებითი სიბრძნე უსურვა და უფროსების პატივისცემისკენ მოუწოდა. რუსი დიპლომატის პასუხმაც არ დააყოვნა. „გმადლობთ, ჯონ, მაგრამ, თუ სიბრძნე დაბადების დღეების რაოდენობით იზომება, ვერასდროს დაგეწევით“.
გადადგება თუ არა სერგეი ლავროვი და იქნება თუ არა იგი მნიშვნელოვანი დანაკლისი პუტინის მომდევნო საპრეზიდენტო პერიოდში?!
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ რამდენიმე დღის წინ სერგეი ლავროვს დაბადების დღე მიულოცეს და მან თანამდებობიდან გადადგომის სურვილის შესახებ არ დაადასტურა. თუმცა გამორიცხული არ არის, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა გადაახალისოს თავისი მინისტრთა კაბინეტი და ლავროვიც შეცვალოს.
„არ ვიცი, გრუშკო რამდენად კარგი კანდიდატურა იქნება, მაგრამ რაღაც ამ ბოლო დროს წინა პლანზე უფრო მარია ზახაროვაა. შეიძლება, მარია ზახაროვაც განიხილებოდეს საგარეო უწყების ხელმძღვანელად. ფაქტია, რომ ლავროვი ძალზე გამოცდილი კანდიდატურაა. იგი გაეროში რუსეთის წარმომადგენელიც იყო, დიპლომატიურ სამსახურშიც საკმაო სტაჟი გააჩნია. დიპლომატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი არის ასაკიც. ამ შემთხვევაში, ასაკი დადებითი ფაქტორია და არა უარყოფითი. საერთოდ, იგი ცნობილია, როგორც კარგი დიპლომატი. ამიტომაც ამდენი ხანია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს, შეიძლება, იგი სულაც სხვა თანამდებობაზე გადაიყვანონ“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ და რუსეთის დიპლომატიური სკოლის სიძლიერეზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, პირადად ძალიან კარგად იცნობს ამ სკოლას, რადგან თავად აქვს დიპაკადემია დამთავრებული მოსკოვში და ფიქრობს, რომ რუსეთში ძლიერი დიპლომატების არსებობა სწორედ ამ სკოლის დამსახურებაა. ამდენად, რამე რომ იყოს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ლავროვის შემცვლელის პოვნა არ გაუჭირდება.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სერგეი ლავროვი რუსეთისთვის დანაკლისი არ იქნება, რადგან რუსეთისთვის ჯერჯერობით შეუცვლელია მხოლოდ პუტინი. ლავროვი რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კურსს არ ქმნის, ლავროვი მხოლოდ ამ კურსის გამტარებელია. თუმცა ისიც საეჭვოა, ახლო მომავალში ლავროვმა დატოვოს თანამდებობა, თუ ეს საკუთარი ნება არ იქნება.
„ლავროვი დიდი ხანია, საგარეო საქმეთა მინისტრია და ეს რუსეთისთვის სიახლე არ არის. ნიკოლოზ პირველის დროს ბალტიელი გერმანელი კარლ ნესელროდე 40 წლის განმავლობაში გახლდათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადგან იგი არაფერში ეკამათებოდა იმპერატორს. უბრალოდ, კარგი შემსრულებელი იყო, განათლებული, მაღალპროფესიონალი, ჭკვიანი ადამიანი, კარგი დიპლომატი, მან იცოდა თავისი ადგილი, რომ არ შეიძლება იმპერატორს შეეკამათო.
ლავროვმაც იცის თავისი ადგილი, რომ არ შეიძლება პუტინს ეკამათო. ამიტომ მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა შეცვალოს პუტინმა ლავროვი. შესაძლოა, ლავროვს თავად უნდოდეს გადადგომა, შესაძლოა, მობეზრდა, დაიღალა ამ პოსტზე ყოფნით. ლავროვი ჭკვიანი ადამიანია, ელემენტარულად, უცხოეთში ყოველდღიურად ყოფნა მის ასაკში ადვილი არ არის. კვირა არ გადის, საშუალოდ 15-დან 20 საათამდე არ გაატაროს თვითმფრინავში. ჯანმრთელობისთვის ეს ცუდია, მით უმეტეს, წნევა თუ აწუხებს ადამიანს, ამდენი ფრენა არ შეიძლება“,-აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის აზრით, ლავროვი იქნება, თუ არ იქნება ამ პოსტზე, ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთისთვის. თუმცა ამ ეტაპზე ისიც ფაქტია, რომ, ასე თუ ისე, ლავროვს ავტორიტეტი აქვს და ნაცნობობის დიდი წრეც ჰყავს მსოფლიოში. დღეს მსოფლიოში მეტ-ნაკლებად დიდ პოლიტიკოსს, საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ნახავთ, ლავროვი რომ არ შეხვედროდეს და პირადად არ იცნობდეს. თანაც, იგი მაინც კავკასიელია წარმოშობით, ნახევრად სომეხი, ჭკვიანი კაცია, დიპლომატია, ელასტიურია და, რაც მთავარია, ზუსტად მოერგო პუტინს.
ამის მიუხედავად, გამორიცხული არ არის, რომ პუტინმა, რომელიც თავად 18 წელია ქვეყნის სათავეში, ახალი სისხლი მოინდომოს. პუტინს ახალგაზრდობა სჭირდება, ამიტომ შესაძლოა, ლავროვი მართლაც შეცვალოს.
„მე უფრო მგონია, თვითონ ლავროვსაც მობეზრდა, დაიღალა ამ თანამდებობით. პუტინი არსად მიფრინავს, არსად დადის უცხოეთში, ათასში ერთხელ თუ გაემგზავრება სადმე, მაგრამ ლავროვი მოსკოვში ჩადის მხოლოდ მივლინებით, საერთოდ არ არის მოსკოვში. არადა, ოჯახი აქვს და ამ დროს თვითმფრინავშია. მის ასაკში ეს თანამდებობა საჩუქარი არ არის, დღეგამოშვებით 7-8 საათი უნდა იფრინოს, თანაც, მიფრინავს ერთი კონტინენტიდან მეორეზე. ხან ახლო აღმოსავლეთშია, ხან ამერიკაში. თანაც, ლავროვს არავინ არაფერს ეკითხება, პუტინი წყვეტს ყველაფერს. ლავროვი დაახლოებით იმავე პოზიციაშია, როგორც ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატი არ არის, ლავროვი კი პროფესიონალი, მაღალკვალიფიცირებული დიპლომატია“.