დონალდ ტრამპი თავის მართლების რეჟიმშია. ვლადიმერ პუტინთან განხორციელებული ზარი მას ძვირად დაუსვეს.
„პუტინს დავურეკე და არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. „ფეიქ ნიუს“ მედია გადაირია, ვინაიდან მათ სურდათ, მე ის გამეკრიტიკებინა. ისინი ცდებიან, რუსეთთან და სხვებთან ურთიერთობის დალაგება კარგია, ცუდი არ არის“, - ამ სიტყვებთან ერთად ტრამპი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რაც მის მიერ პუტინისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას მოჰყვა.
ტრამპი ერთადერი არ არის, ვინც პუტინი საკუთარი მილოცვით გაანებივრა. ასეთი ზარის განხორციელების სურვილში „მხილებულია“ ობამაც და მისი წინამორბედი კლინტონიც. ყოველ შემთხვევაში, დონალდ ტრამპი მათ მაგალითს იშველიებს. ტრამპის თქმით, ბუშიც ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ მას არ ჰყავდა „ჭკვიანი“ ხალხი, ობამა და კლინტონიც ეცადნენ ამას, მაგრამ მათაც არ გააჩნდათ ენერგია (გაიხსენეთ „გადატვირთვის პოლიტიკა“).
როგორც ირკვევა, ტრამპს პუტინთან განხორციელებული ზარისთვის სოლიდური მიზეზი აქვს. კერძოდ, რუსეთს შეუძლია ჩრდილო კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ირანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დახმარება.
აღნიშნულის გამო ტრამპი „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მაკკეინმა გააკრიტიკა. მაკკეინს მიაჩნია, რომ ამერიკის პრეზიდენტი თავისუფალი მსოფლიოს წინამძღოლი აღარ არის, როდესაც დიქტატორს ფალსიფიცირებულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მაკკეინის აზრით, ამით ტრამპმა რუსეთის ყველა მოქალაქე შეურაცხყო, ვისაც შესაძლებლობა არ მიეცა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიეცა ხმა და თავისი ქვეყნის მომავალი განესაზღვრა.
სანამ ტრამპის მხრიდან მისალოცი ზარი განხორციელდებოდა, რუსეთში არ იმჩნევდნენ, რომ ტრამპის დუმილი პუტინისთვის შეურაცხმყოფელი იყო. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი თავს ინუგეშებდა, თავად ის ფაქტი, რომ ტრამპმა პუტინს არ მიულოცა, არამეგობრულ ნაბიჯად სულაც არ ჩაითვლება. პესკოვის თქმით, პუტინი მილოცვებს უცხოეთის ლიდერებისგან იღებს, თუმცა ვიღაცას არ შეუძლია დარეკვა საკუთარი გრაფიკის ან სხვა მიზეზთა გამო. ამიტომ არ არის საჭირო ამ ფაქტის ასე გამუქება.
რა შეცვალა პუტინის მისამართით დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებულმა ზარმა მსოფლიო წესრიგში?
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ ფიქრობს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ფალსიფიცირებული და უკანონო იყო. რასაკვირველია, აქ მოხდა ადმინისტრაციულ რესურსთა გამოყენება, არჩევნებზე მირეკეს ხალხი, მაგრამ თავად ამერიკელები და ევროპელებიც ამტკიცებენ, რომ გაყალბება შესაძლებელია, მაქსიმუმ, 10-15%-ით. 50%-ით კი ვერ გააყალბებ, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. ამდენად, რა დასამალია, რომ პუტინი მოსწონთ რუსებს.
„დონალდ ტრამპს შეეძლო არ მიელოცა ვლადიმერ პუტინისთვის, რადგან არ არის აუცილებელი, თითქმის დიქტატორს მიულოცო გამარჯვება, თუგინდ იგი გაყალბების გარეშე იმარჯვებდეს. ტრამპს შეეძლო, არ მიელოცა თუნდაც იმიტომ, რომ მისი პოლიტიკა არ მოსწონს, რადგან პუტინის პოლიტიკა არ არის დემოკრატიული. ეს პოლიტიკა დესტრუქციულია და მსოფლიოში ქაოსი მოაქვს. მაგრამ ტრამპს ვერ გავუგებთ ვერაფერს. მარტო მაკკეინი რომ ყოფილიყო ამ მილოცვის წინააღმდეგ, ეს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ ამის წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭო და ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჰერბერტ მაკ-მასტერი. მთელი თეთრი სახლის ადმინისტრაცია ამის წინააღმდეგ იყო, ყველა ურჩევდა ტრამპს, არავითარი მილოცვა, არ დაურეკოთ პუტინს. ბოლოს და ბოლოს, ოფიციალური განცხადებაც გააკეთა თეთრმა სახლმა, რომ აქ მისალოცი არაფერია და ტელეფონის ზარი არ იგეგმება. თუმცა ტრამპს თავისი პრიორიტეტები აქვს, არავის არაფერს ეკითხება. რაც შეეხება ობამასა და კლინტონს, მათ დროს არ წამლავდნენ სკრიპალებს ასე საჯაროდ, რასაც პუტინი დღეს აკეთებს. პუტინი დიქტატორ ასადსაც იცავს, რომელიც თავის ხალხს ქიმიური იარაღით ხოცავს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.
მისივე განმარტებით, პუტინმა რეკორდული მაჩვენებლით გაიმარჯვა მაშინ, როდესაც დასავლეთთან რუსეთის კურსი კონფრონტაციაზეა აგებული. აქედან დასკვნა შემდეგია, რომ საშუალო სტატისტიკურ რუსს მოსწონს ეს კონფრონტაციული კურსი. ისინი ფიქრობენ, ჩვენ ძლიერები ვართ და ელცინი არ გეგონოთ პუტინი. ასე რომ, ჯერჯერობით რუსეთისთვის შეუცვლელია პუტინი და, მათი აზრით, პუტინმა არც უნდა შეცვალოს თავისი კონფრონტაციული პოლიტიკა უცხოეთთან მიმართებით. ამ პოლიტიკით მოიპოვა მან ბრწყინვლე გამარჯვება. რუს მოსახლეობას იგი მოსწონს, რადგან მოსახლეობა ხედავს ერთ რამეს, რომ ომის საშიშროება რუსეთში არ არის. თუ რუსეთი ომობს სადღაც სირიაში, საქართველოში, უკრაინაში, ეს არაფერია. მთავარია, რომ მოსკოვში, პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ასე თუ ისე, შიმშილი არ არის.
„რუსები ფიქრობენ, პუტინი ბედავს და მთელ მსოფლიოს ფეხებზე იკიდებს, ყველა ერიდება ჩვენს ლიდერს, მისი ყველას ეშინია. უკვე საუკუნეებია, რუსები მიჩვეულნი არიან, რომ ისინი არავის უყვარს, რუსებს პატივს არასდროს არავინ სცემდა, როგორც ფრანგებს, ინგლისელებს, იტალიელებს. სიმპათიები რუსების მიმართ არასოდეს ყოფილა. რაც მე წამიკითხავს, ერთადერთი, გერმანელი რემარკის ნაწარმოებში („დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) მართლაც სიმპათიურადაა გამოყვანილი ორი რუსი, ისიც რუსეთიდან გაქცეულნი. ახლანდელ რუსებს კი მოსწონთ ასეთი მდგომარეობა, რომ მათი ეშიანიათ და მათ ერიდებიან. ისინი ფიქრობენ, დაე, ვძულდეთ, მერე რა, იმიტომ ვძულვართ, რომ თავს არავის ვუხრით, ძლიერები ვართ. მსოფლიოში არ სძულდათ ელცინი, არც უყვარდათ, მაგრამ ელცინს დასცინოდნენ, ლოთი, „ბასიაკიო“, ასევე, დასცინოდნენ ხრუშჩოვს. სტალინს კი ვერ უბედავდნენ ასეთ რამეს, სტალინის ეშინოდათ“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე და ამ ყველაფრის მიუხედავად ფიქრობს, რომ პუტინს პრობლემები მაინც შეექმნება იმ თაობისგან, ვინც წელს პირველად მისცა ხმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ესენი არიან 18 წლის გოგონები და ბიჭები. ზუსტად 18 წელია, პუტინი პრეზიდენტია და ამ ახალგაზრდებმაც 18 წლის ასაკში პირველად მისცეს ხმა. ამ თაობას არც კომუნისტური რეჟიმი ახსოვს და არც 90-იანი წლების ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ველური პრივატიზაცია. ეს ახალგაზრდები შარშან ორჯერ გამოვიდნენ ნავალნის მხარდასაჭერ მიტინგზე. 6 ათასი მომიტინგე კი მოსკოვისთვის, პეტერბურგისთვის პატარა ციფრი არ არის. საუბარია 17-18 წლის ახალგაზრდებზე, რომელთაც შიშის გრძნობა არ აქვთ, რაც სტალინის დროს და 90-იან წლებში იყო. სწორედ ესენი შეუქმნიან პუტინს პრობლემებს.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ბუნებრივია, ძალიან დიდი ოპოზიცია ჰყავს ტრამპს რუსეთთან და უშუალოდ პუტინთან ურთიერთობის კონტექსტში. თუმცა ვერავინ წაუვა რეალობას, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი აქტორია და, როგორც ტრამპმა განაცხადა, რუსეთთან უკეთესია, კარგი ურთიერთობა გქონდეს, ვიდრე დაძაბული ურთიერთობა.
„მოგეხსენებათ, ტრამპი როგორი ტიპია, ადგა, დაურეკა და მიულოცა პუტინს გამარჯვება. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ტრამპს თავისი შეხედულებები აქვს. ის კი არა, შეიძლება შეხვედრაც შედგეს მათ შორის. მსოფლიოში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და, ჩემი აზრით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა მსოფლიო პოლიტიკისთვის პოზიტიური მომენტი იქნება“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.