ნატო-ს ზაფხულის სამიტზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღიარებული იქნება - ასეთია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილი რუსეთის ხელისუფლების მისამართით. როგორც ცნობილია, ნატო-ს ახალი ანგარიშში საქართველო ასპირანტ ქვეყნად არის დასახელებული. გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველო გახდება NATO-ს წევრი, როცა ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს დააკამაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის“ კონფერენცია ტარდება. თბილისი ალიანსის 29 წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ჩიქოვანი პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ნატო აღიარებს საქართველოს, როგორც სამაგალითო ქვეყანას პარტნიორებისთვის.
„ნატო ამბობს, რომ სინქრონიზაციის კონფერენცია გვჭირდება, რათა საქართველოში მიღწეული პროგრესი, დასახული მიზნების განხორციელების წარმატებული მაგალითი გაიზიარონ ნატო-ს წევრ ქვეყნებშიც. შესაბამისად, წელს ჩვენ წარმოდგენილი გვეყოლება ნატო-ს სამხედრო და პოლიტიკური ნაწილის სტრატეგიული დონე – ნატო-ს 29 წევრი ქვეყანა და ყველა პარტნიორი.
რაც შეეხება არსებითი პაკეტის განხორციელებას, დღესდღეობით, არსებითი პაკეტის შემადგენლობაში გვყავს ნატოს 29 წევრი ქვეყანა და ორი პარტნიორი შვედეთი და ფინეთი. დარწმუნებული ვართ, რომ არსებითი პაკეტის ეფექტიანი განხორციელების პროცესში ჩაერთვება ნატო-ს 29-ვე ქვეყანა. ეს ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ინიციატივით და ნატო-ს მხარდაჭერით ტარდება“, - აცხადებს ლელა ჩიქოვანი.
ამასთანავე, წელს საქართველოში იგეგმება მორიგი, მაგრამ ნატო-ს წევრების მონაწილეობის კუთხით, მნიშვნელოვნად გაზრდილი ორი საერთაშორისო წვრთნა. ასევე, 2019 წელს დაგეგმილია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა. ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც ევროპარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აქტუალური საკითხი იყო „ჰეირითიჯის“ ფონდის ექსპერტის, ლუკ კოფის მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო შესაძლოა, გაწევრიანდეს ნატოში და მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თუმცა, ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ ამგვარი სცენარი საქართველოსთვის შეუძლებელია. მისივე თქმით, ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
„ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, ასე რომ, შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება ისე, რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მე-5 მუხლი. შეიძლება ვიდავოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხევაში ცოტა განსხვავებული სიტუაცია იყო. აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული ისე როგორც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია - საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რადგან არ გაჩნდეს მინიშნების საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაკარგულია. არ მგონია საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე ნატოში ისე, რომ მე-5 მუხლი დროებით არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ანალიტიკოსებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ოფიციალური ალიანსის ხელმძღვანელობა არ იზიარებს „ჰეირითიჯის“ ფონდის ექსპერტის, ლუკ კოფის ინიციატივას.
„გერმანიაც იყო ოკუპირებული, მაგრამ ის ოკუპირებული იყო კოალიციური მოკავშირეების მიერ და მერე შეიქმნა ორი თანაბარსწორი სახელმწიფო. გერმანიის ფერაციული რესპუბლიკა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. გასაგებია, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო იზოლაციაში, მაგრამ მას ჰქონდა აღიარებითი პოლიტიკა სოციალისტურ ბანაკში და გერმანიის ფერედაციული რესპუბლიკის კანცლერის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ გააკეთა ის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო გაეროს წევრი სახელმწიფო“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, უკვე ცივი ომის დასრულების შემდეგ მოხდა გერმანიის გაერთიანება. შესაბისად, აქ განსხვავებული მოდელები არსებობს.
„მეორე, ნატოსთვისაც ფაქტიურად მიუღებელია, საქართველო, როგორც საერთაშორისო სამართლით აღიარებული ქვეყანა, ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მიიღოს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე გაწევრიანება ნიშნავს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ამ ტერიტორიაზე. რასმუსენმა თქვა ის, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე არის ლოგიკური“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსი, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე თვლის, რომ საქართველოსთვის მისაღებია „ჰეირითიჯის“ ფონდის ექსპერტის ინიციატივა, რადგან ჩვენი ტერიტორიები მაინც ოკუპირებულია და ამ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს მოლოდინი იმისა, რომ საქართველოსთვის, როგორც არა წევრი სახელმწიფოსთვის, დასავლეთი დაუპირისპირდება რუსეთს.
„ჩვენთვის ამ ეტაპისთვის მისაღებია ეს წინადადება. სულ მცირე ბაზას შევქმნით იმისთვის, რომ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია შევიდეს ნატოს შემადგენლობაში, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ქოლგა უკვე ამ ტერიტორიაზე გავრცელდება. დაიდება ინვესციტიცები, გაიზრდება ეკონომიკა და საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა, თუნდაც ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რაც კარგი საბაზისო საფუძველია იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გავაძლიეროთ წნეხი რუსეთზე.
როდესაც გამოჩნდება ისტორიული ფანჯარა, რასაც ნატოში გაწევრიანება ჰქვია, მზად ვიყოთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრირება. ისე ვითარდება მოვლენები, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს თავისი პოზიციების დათმობა, მოუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან ჯარის გაყვანა და ამ პერიოდისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამიტომ, ამ ინიციატივაში ცუდს არაფერს ვხედავ, ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ამ ტერიტორებზე“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.
რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მისივე თქმით, თუკი შედარებას გავაკეთებთ, ხშირ შემთხვევაში საქართველო ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფოზე უფრო მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის.
„მაგალითად ავიღოთ ავღანეთი, როდესაც რუსეთი არ ყოფილა გაწევრიანების წინააღმდეგი. ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მოდით, ასე ვთქვათ, რომ ჩვენი ტერიტორიების ერთადერთი გამოსავალი არის საერთაშორისო საზოგადოების წნეხის გაგრძელება რუსეთზე.
სანამ რუსეთი არ დასუსტდება, ის არ დათმობს როგორც აფხაზეთს, ასევე ოსეთს, დნესტნისპირეთს და უკრაინას. ასეთია რუსეთის პოლიტიკა, ეს მათი ვექტორია. ამ ტერიტორიების გარშემო ქმნიან ბუფერულ ზონას, რომ ევროკავშირი და ნატო არ მიუახლოვდეს მის საზღვრებს და პოსტსაბჭოთა ქვეყნები არ გახდნენ მოწინააღმდეგე ბანაკის წევრები. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პრევენცია მოახდინონ.
მაგალითად აქვთ ბალტიის ქვეყნების შემთხვევა და მე გავიხსენებ მიუნხენის კონფერენიაზე პუტინის სიტყვებს, სადაც ითქვა - ჩვენ არ შევეგუებით ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ სიტუაციებს. მისმა შემდგომმა მოქმედებებმა ეს დაადასტურა. რუსეთს არავითარი გავლენა არ აქვს ნატოს გადაწყვეტილებაზე. მოდით, ასე ვთქვათ - საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის წმინდა პოლიტიკური საკითხი ანუ უნდა არსებობდეს ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური მზაობა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.