აპრილის მოახლოებამ თბილისის მერიასა და „სითი პარკს“ შორის ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. კომპანია მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს. ქალაქის მერი კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. კომპანია აპელირებს მიმდინარე სასამართლო დავაზე, კახა კალაძე სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. მისი თქმის, არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს, ამიტომ არავითარი გადავადება არ მოხდება. გადაწყვეტილება მიღებულია - 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
თბილისის მერი „სითი პარკს“ სხვადსხვა ტიპის მანიპულაციებშიც ადანაშაულებს.
„კომპანია ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა თავად „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულების მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო. მუნიპიპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის ყოველგვარი მცდელობა საფუძველს არის მოკლებული და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში“,- აღნიშნავს კალაძე.
ასე რომ, 2018 წლის 10 აპრილამდე „სითი პარკი“ აგრძელებს ხელშეკრულების მიხედვით დაკისრებულ ვალდებულებას, ხოლო 10 აპრილიდან აღნიშინულ სამუშაოს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. რაც შეეხება შემოსულ ჯარიმებს, როგორც კალაძემ განაცხადა აღნიშნული თანხები სრულად მოხმარდება სატრანსპორტო სისტემის განვითარებას.
„სითი პარკს“ კი ეიმედებოდა, რომ სასამრთლო პროცესების მოშველიებით დროის გაიყვანდა. რამდენდაც მერია მეტად პრინციპული აღმოჩნდა, კომპანიის იურისტი ნანუკა ავალიანი აცხადებს, რომ კალაძე შეცდომაშია შეყვანილი.
მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის ორი დავა მიმდინარეობს. მერიისგან „სითი პარკს“ მიღებული აქვს ორი განკარგულება, რაც გასაჩივრებული იქნა კომპანიის მიერ სასამართლოში. პირველ განკარგულებასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე მოსმენა, შემდეგი მოსმენა ჩანიშნულია 26 მარტს 12:00 საათზე.
რაც შეეხება მეორე განკარგულებას, მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას გააჩნია, კერძოდ, გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სი-ტი პარკის“ საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
„რაც შეეხება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სავარაუდოდ, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან მერიას სასამართლოსგან მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი მოსმენა. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ბატონ მერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია“, - განმარტა „სითი პარკის“ წარმომადგენელმა.
სანამ სასამართლო პროცესები განახლდება და ზოგადად მუნიციპალიტეტისა და „სითი პარკს“ შორის მტყუან-მართალი გაირჩევა, მანამდე კალაძე კომპანიის 120 თანამშრომელს მერიის სატრანსპორტო სამსხურში დასაქმებას სთავაზობს. ამის თაობაზე თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზეც განაცხადა. მან სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს „სითი პარკის“ ინსპექტორების გამოცდილების გამოყენება დაავალა. მამუკა კობახიძეს ევალება ასევე საპარკინგე სივრცეების მოწესრიგებაც. დარჩება თუ არა პარკინგის სისტემა მუდმივად მერიის მართველობის ქვეშ, ეს ჯერჯერობით გაურკვეველია.